Facebook Twitter

ბს-1107-946-კ-04 28 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ს. კ-ის მიმართ და 1998წ. 26 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და მოპასუხის მფლობელობიდან ფართის გამოთავისუფლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: 1998წ. 26 თებერვალს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ს. კ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ... არსებულ ¹88 პავილიონი რომლის ღირებულება 1350 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადასახდელი საბოლოო ფასის 51% დაეფარა, ხოლო დარჩენილი 49% _ 1999წ. ბოლომდე ამავე პუნქტში განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, რაც მას არ შეუსრულებია.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1998წ. 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა ცნობილი. მოპასუხის მიერ დაკავებული ფართი მოსარჩელეს _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს გადაეცა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმა, ამასთან აუდიტის მიერ მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შეფასება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებთ ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აპელანტს ქონება გადაეცა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით, საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება კონკურსის შედეგად დადგენილი ქონების ფასის 10%-ით. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში განიხილება გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივა, მყიდველს მის მიერ გადახდილი თანხა არ უბრუნდება და გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს. კ-ი დარჩენილი თანხის გადახდის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა და, ამდენად, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, სარჩელი ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით აღეძრა იმ საფუძვლით, რომ მხარემ დარჩენილი თანხა არ გადაიხადა, როდესაც მან თავად არ დაიცვა დებულებით მისთვის დაკისრებული მოვალეობა, გაეფრთხილებინა მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მოპასუხეს არ მიუღია გაფრთხილება წერილობითი ფორმით ვალდებულების დარღვევის თაობაზე. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1999წ. IV კვარტალში ამოიწურა, რის გამოც მოპასუხე დღევანდელი მდგომარეობით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს და გაურკვეველია, თუ რომელი ნორმის საფუძველზე უთხრა უარი თბილისის საოლქო სასამართლომ მას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-400 მუხლის “ა” პუნქტი და 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი სპეციალურ კანონს წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც რეგულირდება სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხები და სწორედ ამ კანონის ნორმები და მის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიულ აქტები უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას წარმოშობილი დავების გადაწყვეტისას. კონკრეტულ შემთხვევაში დავა ეხება იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა “საქართველოს სახელმწიფო პრივატიზების შესახებ” კანონითა და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების საფუძველზე და სწორედ ამ სპეციალური ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა იქნეს კონკრეტული დავა გადაწყვეტილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე. საქართველოში ქონების პრივატიზება ხორციელდება სპეციალური _ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზემომითითებული დებულება. აღნიშნული დებულებით დადგინდა კონკურსის წესით ქონების გასხვისების პირობები, მათ შორის, მყიდველის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებითაც. აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-3 მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, საკონკურსი პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “მყიდველი” ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიუთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციების 10%-ით. ხოლო საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად “გამყიდველის” მიერ, “მყიდველს” არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა დაცული აღნიშნული მოთხოვნები, რითაც თავად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.