Facebook Twitter

ას-1002-940-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ა. ე-ძე, მ. ა-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ყ-უანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ყ-უანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ე-ძისა და მ. ა-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და სარგებლის – 72 379 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეებს 2000-2002 წლებში 2 თვის ვადით ასესხა 16 030 აშშ დოლარი თვეში 7%-ის გადახდით, რაც მოპასუხეებს დღემდე არ დაუბრუნებიათ.

მოპასუხე ა.ე-ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 7 215 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოპასუხე მ. ა-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: მას მოსარჩელისაგან თანხა არ უსესხებია, თანხა ისესხა მისმა მეუღლე ა.ე-ძემ. სესხის ხელწერილზე ხელი მოწერილი აქვს როგორც მოწმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ყ-უანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ე-ძესა და მ. ა-ძეს გ. ყ-უანის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 9 816 აშშ დოლარის, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების დროისათვის კანონით განსაზღვრული ყოველთვიური 3%-ის 2000 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით 37 715,84 აშშ დოლარის, სესხის ძირითადი თანხის 9 816 აშშ დოლარის გადახდის ვადის გადაცილების დროისათვის კანონით განსაზღვრული ყოველთვიური 3%-ის (294,48 აშშ დოლარის) 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ნოემბრის ჩათვლით – 3 828,24 აშშ დოლარის, სულ 51 360 აშშ დოლარის გადახდა, გ. ყოფიანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 21016 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ე-ძემ და მ. ა-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით ა. ე-ძისა და მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ 2000 წლის 20 მაისს ა.ე-ძემ გ.ყ-უანისაგან ისესხა 13000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით. სესხი განისაზღვრა თვეში 7%-იანი სარგებლით. 2001 წლის აგვისტოში მოპასუხე მ.ა-ძემ მოსარჩელე გ.ყ-უანს მისცა 500 აშშ დოლარი. და.ე-ძეს ყ-უანისათვის გადარიცხული აქვს: 2006 წლის 1 ივლისს - 400 აშშ დოლარი, 2006 წლის 4 აგვისტოს – 500 აშშ დოლარი, 2007 წლის 18 ოქტომბერს – 100 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, მართალია, 2000 წლის 20 მაისისა და 20 ივლისის წერილებში აღნიშნულია, რომ გ. ყ-უანისაგან 13 000 და 2 715 – სულ 15 715 აშშ დოლარი ისესხა ავანდილ ე-ძემ, მაგრამ 2002 წლის 20 აპრილის ხელწერილში, რომელიც დაწერილია მოპასუხე ა.ე-ძის მიერ, მ. ა-ძემ, ა. ე-ძესთან ერთად, აღიარა გ.ყ-უანის ვალი და სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ა.ე-ძესთან ერთად. დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000 წლის 20 ივლისს ა.ე-ძემ გ.ყ-უანისაგან დამატებით ისესხა 2 715 აშშ დოლარი და სესხის ძირითადი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 15 715 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლო ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, მართალია, 2000 წლის 20 მაისისა და 20 ივლისის ხელწერილებში მითითებული არ არის სესხის სარგებელზე, მაგრამ მხარეთა განმარტებებისა და 2002 წლის 20 აპრილის ხელწერილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხი იყო სარგებლიანი – 7% თვეში. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, 2000 წლის 20 მაისის ხელწერილის (ხელშეკრულების) საფუძველზე მოსარჩელე გ.ყ-უანს სარგებლის სახით უნდა მიეღო თვეში 13 000 აშშ დოლარის 7% - 910 აშშ დოლარი, მაგრამ მიიღო ორი თვის სარგებელი 1 800 (900-900) აშშ დოლარი. 2000 წლის 20 ივლისის ხელწერილის (ხელშეკრულების) საფუძველზე კი, სესხის ძირითადი თანხა გახდა 15 715 აშშ დოლარი და იგი უნდა დაბრუნებულიყო 20 აგვისტოს. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასესხო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის (2000 წლისათვის) მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის პროცენტი (7%) არაგონივრულია და ბათილია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 3%-მდე. გამომდინარე აღნიშნულიდან, სესხის პროცენტის (სარგებლის) სახით მოსარჩელე გ.ყ-უანს თვეში უნდა მიეღო 13 000 აშშ დოლარის 3% - 390 აშშ დოლარი, შესაბამისად, ორი თვის – 780 აშშ დოლარი, ხოლო მას შემდეგ, რაც 2000 წლის 20 ივლისს სესხის ძირითადი თანხა გახდა 15 715 აშშ დოლარი, რაც უნდა დაბრუნებულიყო 20 აგვისტოს, აღნიშნული თანხის ერთი თვის 30% - 471,45 აშშ დოლარია, სულ – 1 251,45 აშშ დოლარი, ამიტომ სესხის პროცენტის სახით გადახდილი 1 800 აშშ დოლარიდან 1 251,45 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის პროცენტში (სარგებელში) გადახდილად, ხოლო 1800-1251,45=548,55 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში გადახდილად და, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა დარჩება 15 166,45 აშშ დოლარი. 2000 წლის 20 აგვისტომდე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის პროცენტი (სარგებელი) გონივრულ ფარგლებში, ანუ თვეში 3 პროცენტი, ხოლო 2000 წლის 20 აგვისტოდან (ვადაგადაცილებიდან) 2001 წლის აგვისტომდე (12 თვეზე) მოსარჩელეს თვეში უნდა აუნაზღაურდეს სესხის ძირითადი თანხის – 15 16645 აშშ დოლარის კანონისმიერი 3% - 455 აშშ დოლარი, სულ – 5460 აშშ დოლარი. 500 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხე მ.ა-ძემ მოსარჩელე გ.ყ-უანს გადასცა 2001 წლის აგვისტოში უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში გადახდილად, ვინაიდან ამ პერიოდისათვის სესხის დაბრუნების ვადა (2000 წლის 20 აგვისტოს) უკვე გასული იყო, ამიტომ 2001 წლის სექტემბრიდან სესხის ძირითადი თანხა დარჩება – 15166,45-500=14666,45 აშშ დოლარი და, შესაბამისად, აღნიშნული თანხიდან უნდა იქნეს გამოანგარიშებული კანონისმიერი პროცენტი. 2001 წლის სექტემბრიდან 2004 წლის იანვრის ჩათვლის (28 თვე), მოპასუხეებს მოსარჩელისათვის თანხა გადახდილი არ აქვთ, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის გ.ყ-უანს უნდა აუნაზღაურდეს სესხის ძირითადი თანხის – 14 666,45 აშშ დოლარის კანონისმიერი 3% - თვეში 440 აშშ დოლარი, სულ 28 თვეზე – 12 320 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხეებმა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის თებერვალში 300 აშშ დოლარი გადაიხადეს, შესაბამისად, ძირითადი თანხა თებერვალში 14 366 აშშ დოლარამდე შემცირდა, ამიტომ თებერვლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 14 366 დოლარიდან იანგარიშება, რაც შეადგენს 431 აშშ დოლარს. მოპასუხეებმა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის მარტში 100 აშშ დოლარი გადაიხადეს, შესაბამისად, ძირითადმა თანხამ მარტში 14 266 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ მარტისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 14 266 დოლარიდან იანგარიშება, რაც 428 აშშ დოლარს შეადგენს. 2004 წლის აპრილში ძირითადი დავალიანება 200 აშშ დოლარით შემცირდა და 14 066 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ აპრილისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 14 066 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 422 აშშ დოლარი იქნება. 2004 წლის მაისში ძირითადი დავალიანება 200 აშშ დოლარით შემცირდა და 13 866 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ მაისისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 13 866 აშშ დოლარიდან იანგარიშება და, შესაბამისად, 416 აშშ დოლარი იქნება. მოპასუხეებმა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის ივნისში 100 აშშ დოლარი გადაიხადეს, შესაბამისად, ძირითადმა თანხამ ივნისში 13 766 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ ივნისში მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 13 766 ლარიდან იანგარიშება, რაც 413 აშშ დოლარი იქნება. 2004 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში მოპასუხეებს სასესხო დავალიანება არ გადაუხდიათ, შესაბამისად, არ შემცირებულა ძირითადი თანხა და აღნიშნული თვეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 13 766 დოლარიდან იანგარიშება, ამდენად, ზიანის სახით გადასახდელი თანხა აღნიშნული თვეებისათვის იქნება 2 065 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის დეკემბერში 200 აშშ დოლარი გადაიხადეს, შესაბამისად, ძირითადმა თანხამ დეკემბერში 13 566 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ დეკემბრისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცნტის ოდენობით 13 566 დოლარიდან იანგარიშება, რაც 407 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის იანვარში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და 13 366 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ იანვრისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ზიანი 3 პროცენტის ოდენობით 13 366 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 401 აშშ დოლარი იქნება. მოპასუხეებს 2005 წლის თებერვალში თანხა არ გადაუხდიათ, შესაბამისად, არ შემცირებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა და, ამდენად, 2005 წლის თებერვლისათვის მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 13 366 აშშ ლარიდან იანგარიშება და 401 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის მარტში ძირითადი თანხა 300 აშშ დოლარით შემცირდა და 13 066 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2005 წლის მარტისათვის გადასახდელი კანონისმიერი პროცენტი 13 066 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 392 აშშ დოლარია. მოპასუხეებს 2005 წლის აპრილში თანხა არ გადაუხდიათ, შესაბამისად, არ შემცირებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა და, ამდენად, 2005 წლის აპრილში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 13 066 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 392 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის მაისში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და 12 866 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2005 წლის მაისში გადასახდელი პროცენტი 12 866 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 386 აშშ დოლარი იქნება. მოპასუხეებს 2005 წლის ივნისის თანხა არ გადაუხდიათ და, შესაბამისად, არ შემცირებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა. ამდენად, 2005 წლის ივნისში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 12 866 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 386 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის ივლისში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და 12 666 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2005 წლის ივლისში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 12 666 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 380 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის სექტემბერში ძირითადი თანხა 150 აშშ დოლარით შემცირდა და 12 516 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2005 წლის სექტემბერში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 12 516 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 375,48 აშშ დოლარი იქნება. მოპასუხეებს 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თანხა არ გადაუხდიათ და, შესაბამისად, არ შემცირებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა. ამდენად, 2005 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ისევ 12 516 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 751 აშშ დოლარი იქნება. 2005 წლის დეკემბერში ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარით შემცირდა და 12 116 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2005 წლის დეკემბერში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 12 116 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 365 აშშ დოლარი იქნება. მოპასუხეებს 2006 წლის იანვარში თანხა არ გადაუხდიათ და, შესაბამისად, არ შემცირებულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა. ამდენად, 2006 წლის იანვარში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ისევ 12 116 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 365 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის თებერვალში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და 11 966 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის თებერვალში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 11 966 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 359 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის მარტში ძირითადი თანხა 350 აშშ დოლარით შემცირდა და 11 616 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის მარტში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 11 616 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 348,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის აპრილში მოპასუხეებს თანხა არ გადაუხდიათ და, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა არ შემცირებულა. ამდენად, 2006 წლის აპრილში მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ისევ 11 616 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 348,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის მაისში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და 11 416 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის მაისში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 11 416 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 342,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის ივნისში ძირითადი თანხა 100 აშშ დოლარით შემცირდა და 11 316 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის ივნისში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 11 316 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 339,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის ივლისში ძირითადი თანხა 400 აშშ დოლარით შემცირდა და 11 016 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის ივლისში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 11 016 აშშ ლარიდან იანგარიშება და 330,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის აგვისტოში ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარით შემცირდა და 10 516 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ 2006 წლის აგვისტოში მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 516 აშშ დოლარიდან იანგარიშება და, შესაბამისად, 315,48 აშშ დოლარი იქნება. 2006 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე 2007 წლის იანვარ-თებერვალში ძირითადი თანხა არ შემცირებულა, შესაბამისად, მოპასუხისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა აღნიშნული 6 თვისათვის კვლავ 10 516 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 1 892,88 აშშ დოლარი იქნება. 2007 წლის მარტში ძირითადი თანხა 100 აშშ დოლარით შემცირდა და, შესაბამისად, მოპასუხისათვის მარტში გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 416 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც 312,48 აშშ დოლარი იქნება. 2007 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ძირითადი თანხა არ შემცირებულა და, შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ აღნიშნული თვეებისათვის გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 416 აშშ დოლარიდან იანგარიშება, რაც ჯამში 1 874,88 აშშ დოლარი იქნება. 2007 წლის ოქტომბერში ძირითადი თანხა 100 აშშ დოლარით შემცირდა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ოქტომბერში გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 316 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 309,48 აშშ დოლარი იქნება. 2007 წლის ნოემბერში ძირითადი თანხა 100 აშშ დოლარით შემცირდა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ნოემბერში გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 216 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 300,48 აშშ დოლარი იქნება. 2008 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ძირითადი თანხა არ შემცირებულა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის აღნიშნულ 9 თვეზე გადასახდელი ზიანის ოდენობა 10 016 აშშ დოლარიდან დიანგარიშება, რაც ჯამში, 2 704,32 აშშ დოლარს შეადგენს.

2008 წლის ოქტომბერში ძირითადი თანხა 200 აშშ დოლარით შემცირდა და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის აღნიშნულ თვეში გადასახდელი ზიანის ოდენობა 9 816 აშშ დოლარიდან იანგარიშება და 294,48 აშშ დოლარი იქნება. 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ნოემბრის ჩათვლით (გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისათვის, სულ 13 თვე) მოპასუხეებს მოსარჩელისათვის თანხა აღარ გადაუხდიათ და, შესაბამისად, ძირითადი დავალიანება არ შემცირებულა, ამიტომ ამ პერიოდისათვის მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 9 816 აშშ დოლარის 3% თვეში, რაც შეადგენს 3 828,24 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 9 816 აშშ დოლარს, ხოლო თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი 2000 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგენდა ჯამში – 37 715,84 აშშ დოლარს, 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ნოემბრის ჩათვლით კი – 3 828,24 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილი და მიიჩნია, რომ მ. ა-ძე სწორად იქნა მიჩნეული სოლიდარულ მოვალედ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 403-ე (2000 წელს მოქმედი რედაქციით) 316-317-ე, 341-ე, 361-ე, 389-ე, 394-ე, 463-465-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა მითითება დავის სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. განსახილველ შემთხვევაში, მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხეებს ხანდაზმულობაზე მითითებით პირველ ინსტანციაში შესაგებელი არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში საპატიო მიზეზის გარეშე ახალ გარემოებაზე (ხანდაზმულობაზე) მითითება დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ე-ძემ და მ. ა-ძემ. მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2002 წლის 20 აპრილის ხელწერილით ა. ე-ძისა და მ. ა-ძისგან სოლიდარულად იქნა აღიარებული გ.ყ-უანის ვალი და მის მიმართ სოლიდარული ვალდებულება აკისრიათ აპელანტებს ანუ არასწორად იქნა განმარტებული 2002 წლის ხელწერილით გამოვლენილი მ. ა-ძის ნება. ზემოაღნიშნულ ხელწერილს, 2000 წლის 20 მაისის ხელწერილსა და სესხის აღების ხელწერილს შორის აშკარა კავშირია. 2002 წლის ხელწერილით აღიარებულია 2000 წლის ხელწერილებით დადასტურებული ვალდებულების არსებობა, ასევე დამატებით ბოლო ხელწერილში აღიარებულია სესხისთვის განსაზღვრული სარგებელი. მართალია, 2002 წლის ხელწერილი შედგენილია რამდენიმე პირის მიერ, მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მინაწერით, “ჩემი მეუღლე მოწმეა ამ ფაქტის”, ა.ე-ძემ აღიარა გ.ყ-უანის მიმართ მხოლოდ მისი ვალდებულება და მისი მეუღლის სოლიდარული პასუხისმგებლობა გამოირიცხა, ანუ ამ მინაწერით ხელწერილის შინაარსში შევიდა ცვლილება, ხოლო მ.ა-ძემ ამ ხელწერილს ხელი მოაწერა, როგორც მოწმემ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2000 წლის ხელწერილებით დასტურდება მხოლოდ ე.ე-ძის ვალდებულება და არა სესხი, ხოლო 2002 წლის ხელწერილით კი აღიარებულია სწორედ 2000 წლის ხელწერილების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება და გამომდინარე აქედან, გ.ყ-უანის მიმართ მ. ა-ძეს არანაირი პასუხისმგებლობა, თუნდაც სოლიდარული, არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. ა-ძე არის ინვალიდი და მხედველობა დაქვეითებული. მას დამოუკიდებლად ტექსტის შედგენა არ შეუძლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ძის, ხოლო 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. ე-ძის საკასაციო საჩივარი იქნა მიღებულ წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ე-ძისა და მ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ე-ძისა და მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.