Facebook Twitter

¹ას-1003-1278-09 22 იანვარი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ ლ. ხ-ძე, წარმომადგენელი გ. ხ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-უა, წარმომადგენელი რ. პ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 17 ნოემბერს თ. დ-უამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ხ-ძის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ლ. ხ-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1985 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა ააშენეს ბინა. თ. დ-უა ავტოავარიის შედეგად დაინვალიდდა და საჭიროებს მომვლელს. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თ. დ-უასა და ლ. ხ-ძეს შორის შეწყვეტილი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2004 წლის 13 ოქტომბერს. საცხოვრებელ ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა 1998 წლის 7 ივლისს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ბინა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში თანაბარწილად არის აღრიცხული თ. დ-უასა და ლ. ხ-ძის სახელზე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო ბინის რეალურად გაყოფა, რათა საშუალება მისცემოდა კუთვნილ ½ნაწილში ეცხოვრა დამოუკიდებლად (ტ. 1, ს.ფ. 1-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით თ. დ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, რომელიც საკუთრების უფლებით თანაბარწილად ირიცხებოდა თ. დ-უასა და ლ. ხ-ძის სახელზე, გაუქმდა საზიარო უფლება საზიარო საგნის (უძრავი ნივთის) აუქციონზე იძულებითი გაყიდვით და ამონაგების მხარეთა შორის განაწილებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1985 წლის 11 აპრილიდან ლ. ხ-ძე და თ. დ-უა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ნივთი 1998 წლის 7 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება თ. დ-უასა და ლ. ხ-ძის სახელზე თანაბარწილად. აღნიშნული დასტურდება თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით და 1998 წლის 7 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით. საქალაქო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით (ტ.1, ს.ფ. 188-192).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბუნება ხელახლა განსახილველად. აპელანტი მიუთითებდა, რომ საცხოვრებელი ბინის შეძენა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა მოხდა მთლიანად მის მიერ, რის გამოც პრეტენზია ჰქონდა პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ არ მისცა საშუალება, წარმოედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აპელანტი აღნიშნავდა, რომ მისმა შვილმა თი. დ-უამ მიმართა სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ, ვინაიდან მისი მონაწილეობა შეცვლიდა სასამართლო გადაწყვეტილებას. აღნიშნულ შუამდგომლობაზე სასამართლომ არ იმსჯელა (ტ.1, ს.ფ. 197-206).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით ლია ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარის საფუძვლად შეიძლება ჩათვლილიყო ერთ-ერთი მონაწილის ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლით, თუUსაზიარო საგნის ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით (ტ.2, ს.ფ. 44-50).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლია ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვინაიდან არცერთმა სასამართლომ არ განიხილა თ. დ-უასა და ლ. ხ-ძის შვილის _ თი. დ-უას წერილობითი შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ თინათინ დ-უას ჩართვა საქმეში მესამე პირად შეცვლიდა საამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარა გავლენას მოახდენდა მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ (ტ.2, ს.ფ. 55-62).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

კასატორი ლ. ხ-ძე ვალდებულებას იღებს, თ. დ-უას 3 თვის ვადაში, კერძოდ, 2010 წლის 23 აპრილამდე გადაუხადოს 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი. სანაცვლოდ თ. დ-უა თანახმაა, ქ. თბილისში. ... ¹7 კორპუსში მდებარე ¹26 ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მთლიანად აღირიცხოს ლ. ხ-ძის საკუთრებად. აღნიშნული ბინის მთლიანად ლ. ხ-ძეზე დარეგისტრირება საჯარო რეესტრში განხორციელდება 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის თ. დ-უასათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ;

მხარეები თანხმდებიან, რომ, თუ ლ. ხ-ძე 2010 წლის 23 აპრილამდე სრულად არ გადაუხდის თ. დ-უას 15000 (თხუთმეტი ათას) აშშ დოლარს, ქ. თბილისში, ... მე-7 კორპუსში მდებარე, მხარეთა თანაბარ საკუთრებად აღრიცხული ¹26 საცხოვრებელი ბინა გაიყიდება იძულებითი აუქციონის წესით და ამონაგები თანხა მხარეთა (ლ. ხ-ძესა და თ. დ-უას) შორის გაიყოფა თანაბრად.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს _ ლ. ხ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

კასატორი ლ. ხ-ძე ვალდებულებას იღებს, თ. დ-უას 3 თვის ვადაში, კერძოდ, 2010 წლის 23 აპრილამდე გადაუხადოს 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი. სანაცვლოდ თ. დ-უა თანახმაა, ქ. თბილისში, ... ¹7 კორპუსში მდებარე ¹26 ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მთლიანად აღირიცხოს ლია ხ-ძის საკუთრებად. აღნიშნული ბინის მთლიანად ლ. ხ-ძეზე დარეგისტრირება საჯარო რეესტრში განხორციელდება 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის თ. დ-უასათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

მხარეები თანხმდებიან, რომ, თუ ლია ხ-ძე 2010 წლის 23 აპრილამდე სრულად არ გადაუხდის თ. დ-უას 15000 (თხუთმეტი ათას) აშშ დოლარს, ქ. თბილისში ... მე-7 კორპუსში მდებარე, მხარეთა თანაბარ საკუთრებად აღრიცხული ¹26 საცხოვრებელი ბინა გაიყიდება იძულებითი აუქციონის წესით და ამონაგები თანხა მხარეთა (ლ. ხ-ძესა და თ. დ-უას) შორის გაიყოფა თანაბრად.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. ლ. ხ-ძე დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2009 წლის 4 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.