¹ას-1004-1279-09 4 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. გ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ო-ი” (მოსარჩელე)
დავის საგანი – საარბიტრაჟო შეთანხმების აღიარება და არბიტრაჟის გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2008 წლის 16 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე შპს „ო-მა“ მოპასუხეების - შპს „ს-სა“ და შ. გ-შვილის მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის აღიარების, კერძო არბიტრაჟის შპს „ს-ს“ 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არბიტრაჟმა ცნო საკუთარი იურისდიქცია შპს „ო-სა“ და შ. გ-შვილს შორის 2008 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე (ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე).
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 2008 წლის 23 იანვარს შპს „ო-სა“ და შ. გ-შვილს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ¹21, რომლის თანახმად, შპს „ო-ს“ უნდა გადაეცა შ. გ-შვილისათვის BMჭ-ის მარკის ავტომობილი 530, ხოლო თავის მხრივ შ. გ-შვილი ვალდებული იყო, გადაეხადა 45000 ევრო.
ნასყიდობის ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეთა შორის შესაძლო უთანხმოების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად; „მხარეთა შორის ყოველგვარი დავა და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით, თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, სადავო საკითხი გადაეცემა სათანადო იურისდიქციის სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟს“.
აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ო-ისათვის“ 139 940 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით შ. გ-შვილმა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს – შპს „ს-ს“.
შპს „ო-მა“ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე წარდგენილი შესაგებლით პრეტენზია არ ცნო და ამასთან სადავო გახადა არბიტრაჟის იურისდიქცია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება მათ შორის არსებული დავის შპს „ს-ს“ მიერ განხილვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ო-ის” სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შ. გ-შვილმა და მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა შპს “ს-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით შ. გ-შვილისა და მუდმოვმოქმედ არბიტრაჟ შპს “ს-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. გ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე და 327-ე მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, რადგან მხარეებს არ გამოუხატავთ ასეთი ნება. მხარეთა მიერ დადებულ ხელშეკრულებაში აშკარად არის გამოხატული მხარეთა ნება, რომ შესაძლო დავის შემთხევვაში დავას განიხლავდა კერძო არბიტრაჟი ან სასამართლო მოსარჩელის არჩევით. კასატორის აზრით, მხარეები შეთანხმდენენ საარბიტრაჟო განხილვაზე, ისე რომ მათ დავის განმხილველ შესაძლო ორგანოდ ასევე მიუთითეს სასამართლო. ის, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია სასამართლო, არ გამორიცხავს საარბიტრაჟო სასამართლოში მიმართვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია ს-ს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც ს-ს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ. გ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.