ას-1004-942-2010 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ჯ. მ-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ევი, ნ. ნ-ოვი
წარმომადგენელი _ პ. ჯ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარნეულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ა-ევმა მოპასუხეების ნ. გ-ოვის და ნ. ნ-ოვის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის ივნისში მარნეულის რაიონის გამგეობის ¹... დადგენილების საფუძველზე აუქციონის წესით შეისყიდა ქ. მარნეულში, ..., 199 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფართი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ა. კ-ოვი, ხოლო ისინი არიან დამქირავებლები, შესაბამისად არასათანადო მოპასუხეებს წარმოადგენენ.
საქმის განხილვისას დაზუსტდა ერთ-ერთი მოპასუხის გვარი და ნ. გ-ოვის ნაცვლად მიეთითა ნ. დ-ევი.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ევმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით ვ. ა-ევის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა უმავე სასამართლოს.
საქმის განხილვისას მოსარჩელე ვ. ა-ევმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება მიჰყიდა ჯ. მ-ოვს. აღნიშნულის გამო, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ჯ. მ-ოვი ცნობილ იქნა ვ. ა-ევის უფლებამონაცვლედ.
ჯ. მ-ოვმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ნ. დ-ევისა და ნ. ნ-ოვისაგან ქ.მარნეულში, ... ქ. ¹98-ში მდებარე 61 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების გამოთხოვა მოითხოვა.
2009 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. მ-ოვის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებისაგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი 61 კვ.მ. უძრავი ქონება, მდებარე ქ.მარნეულში, ... ქ. ¹98-ში.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით შესწორება შევიდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებაში. კერძოდ, თავდაპირველ განჩინებაში დაფიქსირებული იყო, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ვ. ა-ევის უფლებამონაცვლედ ჯ. მ-ოვის ცნობის შესახებ, მაშინ, როცა ჯ. მ-ოვის განცხადება განხილული და დაკმაყოფილებული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისისა და 2009 წლის 10 ივლისის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ნ-ოვის ნ. დ-ევისა და ა. კ-ოვის წარმომადგენლებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა განაცხადეს, რომ 2009 წლის 14 მაისის განჩინება არის ყალბი, რადგან ამ დღეს სასამართლოში არანაირი სხდომა არ ყოფილა, ხოლო 2009 წლის 10 ივლისის განჩინება კი მიღებულია უკანა რიცხვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებებით ნ. ნ-ოვისა და ნ. დ-ევის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდა.
ნ. ნ.ოვმა და ნ. დ-ევმა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინება გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ოვისა და ნ. დ-ევის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინება და განხმდა საქმის წარმოება.
2010 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორის ასისტენტმა განმარტა, რომ სადავო ქონებაზე ნ. ნ-ოვისა და ნ. დ-ევის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არსებობს. მისი განმარტებით, ვ. ა-ევის სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა 2001 წლის 29 ივნისს, ხოლო ა. კ-ოვის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება 2002 წლის 29 მარტის მდგომარეობით ქ.მარნეულში ... ქ.¹88-ში. ექსპერტმა განმარტა, რომ იმ დროისათვის მარნეულის რაიონში არ არსებობდა საკადასტრო ბაზა და უძრავ ქონებას არ ენიჭებოდა საკადასტრო კოდები. 2008 წელს ჯ. მ-ოვმა წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონებას მიენიჭა ნომერი _ ¹98. ა. კ-ოვმა ასევე წარადგინა აზომვითი ნახაზი და მის უძრავ ქონებასაც მიენიჭა ნომერი _¹98. 2008 წლის 7 ოქტომბერს ა. კ-ოვის სახელზე არსებული რეგისტრაცია შეწყდა. სპეციალისტის განმარტებით, ა. კ-ოვისა და ვ. ა-ევის უძრავი ქონების აზომვითი ნახაზის ორთოფოტოები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
ბოლნისის რაიონული სასამართოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების ნ. ნ-ოვისა და ნ. დ-ევის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ჯ. მ-ოვის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ.¹98-ში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ.ოვმა და ნ. დ-ევმა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ოვისა და ნ. დ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება; ჯ. მ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. მარნეულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 15 ივნისის ¹... დადგენილების საფუძველზე ქ. მარნეულში, ... , 100 კვ.მ მიეყიდა ვ. ა-ევს.
ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ვ. ა-ევი აღირიცხა მარნეულში, ... ქ. 100 კვ.მ. მიწის მესაკუთრედ, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი ....
ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების (სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის თაობაზე) თანახმად ა. კ-ოვს (პარიკმახერს) საკუთრების უფლებით გადაეცა საწარმო «მომსახურების» საპარიკმახერო მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. ¹88-ში.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ ა. კ-ოვზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..., რომლის თანახმადაც, საკუთრებაში გადაეცა საწარმო «მომსახურების» საპარიკმახერო მდებარე ქ. მარნეული, ... ქ. ¹88-ში მიწის ფართობი 46 კვ.მ.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის საფუძველზე ა. კ-ოვის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეული, ... ქ. ¹88-ში, ფართობი 46 კვ.მ. სარეგისტრაციო ნომრით ..., საპარიკმახერო.
2008 წლის 19 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ა-ევმა ჯ. მ-ოვს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მარნეულში, ... ქ. ინტერნატის ეზოს გვერდით.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. მ-ოვი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მდებარე - ქ. მარნეული, ... ქ. ¹98. 2009 წლის 13 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. მ-ოვმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 39 კვ.მ. და აღირიცხა 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹121 განკარგულების საფუძველზე ქ. მარნეულში ... ქ. ¹88-ს მიენიჭა ¹98.
ნ. დ-ევი და ნ. ნ-ოვი სადაო ფართს ფლობენ ა. კ-ოვთან შეთანხმებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთით სარგებლობის უფლება.
ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მესაკუთრის მიერ აღძრული სარჩელის (ვინდიკაციური სარჩელი) საფუძვლიანობისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები:
1. პირი, რომელიც ითხოვს ნივთის გამოთხოვას, უნდა იყოს ამ ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს;
3. მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ: ჯ. მ-ოვი (მოსარჩელე) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 61 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მდებარე - ქ. მარნეული, ... ქ. ¹98. ამავე მისამართზე ა. კ-ოვის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 46 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მოპასუხეები სადაო ფართს ფლობენ ა. კ-ოვის ნებართვით, ამდენად მათ გააჩნიათ ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი.
პალატამ მიიჩნია, რომ ამ დავის ფარგლებში (ვინდიკაციური სარჩელი) შეუძლებელია დადგინდეს ერთსა და იმავე მისამართზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერთა კანონშესაბამისობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ოვმა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ა. კ-ოვის საკუთრების ადგილსამყოფელი გაურკვეველია, არ შიძლება იყოს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან იგი ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფობელობიდან საკუთარი და არა ა. კ-ოვის ქონების გამოთხოვას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ ქ. მარნეულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 15 ივნისის ¹... დადგენილების საფუძველზე ქ. მარნეულში, ... ქ, 100 კვ.მ გადაეცა ვ. ა-ევს;
ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ვ. ა-ევი საჯარო რეესტრში აღირიცხა მარნეულში, ... ქ. 100 კვ.მ. მიწის მესაკუთრედ. მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერია ...;
საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 10 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად, ა. კ-ოვს, პარიკმახერს, საკუთრების უფლებით გადაეცა საწარმო მდებარე ქ. მარნეულში, ... ქუჩის ¹88-ში;
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ ა. კ-ოვზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..., რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა საწარმო მდებარე ქ. მარნეულში, ... ქუჩის ¹88-ში, ასევე 46 კვ.მ მიწის ფართობი. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. კ-ოვის სახელზე, სარეგისტრაციო ნომრით ...;
2008 წლის 19 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ა-ევმა ჯ. მ-ოვს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მარნეულში;
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. მ-ოვი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მდებარე - ქ. მარნეულში, ... ქუჩის ¹98-ში. 2009 წლის 13 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯ. მ-ოვმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 39 კვ.მ. და აღირიცხა 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹121 განკარგულების საფუძველზე ქ. მარნეულში ... ქ. ¹88-ს მიენიჭა ¹98;
ნ. დ-ევი და ნ. ნ-ოვი სადავო ფართს ა. კ-ოვთან შეთანხმებით ფლობენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომლის გამოთხოვასაც ჯ. მ-ოვი ითხოვს, რეგისტრირებულია ა. კ-ოვი, ხოლო საქმეში მოპასუხეებად ჩაბმული პირები სადავო ფართს ა. კ-ოვთან შეთანხმებით ფლობენ.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. კ-ოვი სადავო ქონების არაპირდაპირი მფლობელია. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მესაკუთრეს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა შეუძლია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელის წინააღმდეგ. არაპირდაპირი მფლობელის ჩაბმა განსაკუთრებით აუცილებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავოა ნივთზე უფლების საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის გამოთხოვასაც ჯ. მ-ოვი ითხოვდა, რეგისტრირებულია როგორც მოსარჩელის, ისე ა. კ-ოვის სახელზე, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული სპეციალისტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორის ასისტენტ დომენტი ჯიჯელავას ახსნა-განმარტება ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინააღმდეგობრივია. რეესტრის ჩანაწრები კი სხვაგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, არის თუ არა ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე საუბარი, ჯერ კიდევ დაზუსტებას საჭიროებს. ამ პირობებში, ქონების გამოთხოვის საკითხის გადაწყვეტა ამ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის საქმეში ჩაუბმელად შეუძლებელია. ა. კ-ოვი კი, არც ერთ ინსტანციაში ყოფილა მხარედ ჩაბმული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად, სასამართლოს უნდა შეეთავაზებინა საქმეში ა. კ-ოვის ჩაბმა, რაც არც ერთ ინსტანციაში არ განხორციელებულა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 აპრილის სხდომაზე ნ. დ-ევის და ნ. ნ-ოვის წარმომადგენელმა საქმეში სათანადო მოპასუხედ ა. კ-ოვის ჩაბმა მოითხოვა, ჯ. მ-ოვმა კი უარი განაცხადა მოპასუხის შეცვლაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება შეუფასებლად დატოვა.
გარდა ამისა, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ ჯ. მ-ოვის მოთხოვნა იმთავითვე მხოლოდ პირდაპირი მფლობელების – ნ. დ-ევის და ნ. ნ-ოვის (გასათვალისწინებელია, რომ ნ. ნ-ოვის მიერ სადავო ქონების ფლობა საქმიდან არ დასტურდება. თავად მხარე განმარტავს, რომ იგი საქმიანობას ამ ფართში არ ახორცეილებს) წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც შეეხება არაპირდაპირ მფლობელსა და ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულ ა. კ-ოვს, ჯ. მ-ოვს მის წინააღმდეგ მოთხოვნა არ დაუყენებია, შესაბამისად, მის უფლებას მართლზომიერად მიიჩნევს, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. კ-ოვის მონაწილების გარეშე დავის განხილვამ არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან ვერ დადგინდა რომელი უძრავი ქონების მესაკუთრეებად არიან ჯ. მ-ოვი და ა. კ-ოვი დარეგისტრირებულები, ან რომელი მათგანი წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის რეალურ მესაკუთრეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხივლისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში მოპასუხედ (ან თანამოპასუხედ) ა. კ-ოვი უნდა ჩააბას და წინამდებარე განჩინებაში მოცემული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს დავა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.