ას-1005-1036-2011 4 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება – სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. რ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ “ზ. ს-ას” წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ-ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ-ამ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ-ამ”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ-ას” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, შპს “ს. რ-ის” წარმომადგენელ კ. ბ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 11 მაისს. საკასაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 17 ივნისს, ანუ 5 დღის დაგვიანებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 12 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 12 ივნისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
შპს “ს. რ-ას” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 108.35 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
შპს “ს. რ-ას” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 108 ლარი და 35 თეთრი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.