Facebook Twitter

¹ას-1006-943-10 13 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. მ-შვილი, ჯ. თ-ძე, კ. დ-შვილი (მოპასუხეები)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება -- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. კ-ძემ მოპასუხეების, ჯ. თ-ძის, ა. მ-შვილისა და კ. დ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მასსა და --- პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს - ჯ. თ-ძესა და ა. მ-შვილს შორის დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება ზეპირი სახით, რომლის თანახმადაც, --- პარტიის საინიციატივო ჯგუფს სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა ქ. თბილისში, ... გამზირ ¹52-ში მდებარე ბინა ¹2 და ¹3, რისთვისაც მოპასუხეები იხდიდნენ შეთანხმებულ საზღაურს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. მოსარჩელეს დაუკავშირდა ,,--- პარტიის” ოფისის აღმასრულებელი მდივანი ა. მ-შვილი და შეატყობინა, რომ ბინაში ღამით დატოვებულ იქნა ონკანი და დაზიანდა პარკეტი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არსებითი პირობების შეთანხმების დროს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ წყალგაყვანილობა იყო ძველი და გამქირავებელმა დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში მოაწესრიგებდა მას, ხოლო რაც შეეხება პარკეტის დაზიანების საკითხს, ეს დაკავშირებულია გამქირავებლის პასუხისმგებლობასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისში... ¹52-ში მდებარე ბინა ¹2 და ¹3 არის მ. კ-ძის საკუთრება, ბ. ს-შვილი მ. კ-ძის მეუღლეა.

ბინის ქირავნობის ზეპირი შეთანხმება შედგა 2007 წლის მარტში მოსარჩელის მეუღლესთან და განისაზღვრა ქირის ოდენობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ქირავნობის შეთანხმება შედგა ა. მ-შვილსა და ჯ. თ-ძესთან ,,--- პარტიის სახელით”, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურდა. დადგენილია, რომ ა. მ-შვილი და ბ. ს-შვილი ერთმანეთს იცნობდნენ 2007 წლის მარტამდეც. ა. მ-შვილის განმარტებით, ბინის ქირავნობაზე ბ. ს-შვილს მოელაპარაკა პირადად, ჯ. თ-ძის გარეშე და არა ,,--- პარტიის” საინიციატივო ჯგუფის სახელით. ფართი უნდოდა საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისისათვის, მაგრამ მოძრაობა ვერ ჩამოყალიბდა და ამის შემდეგ შესთავაზა კ. დ-შვილს პარტიის შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ საწინააღმდეგო ვერ დაადასტურა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქირავნობის ზეპირი გარიგება დაიდო ბ. ს-შვილსა და ფიზიკურ პირს ა. მ-შვილს შორის. ხელშეკრულება შეწყდა 2007 წლის 10 სექტემბერს.

,,--- პარტია” რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელის კუთვნილი ბინის მისამართზე.

მ. კ-ძის ბინის ქვედა სართულზე განთავსებულია მ. ქ-იას კუთვნილი მაღაზია ,,თ. ს.”.

მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან 2007 წლის 9 ივნისს წყალი ჩავიდა ქვედა სართულზე მდებარე მაღაზიაში, რომლის მეპატრონემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია 11.45 საათზე.

მოწმეების _ ა. ფ-ძის, ი. გ-შვილის, პატრულ_ინსპექტორის, ა. ბ-ძის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ბინაში დაზიანდა (გასკდა) უნიტაზის წყლის ავზის მილი, რის შედეგადაც დაიტბორა ბინა, შესაბამისად, არ დადასტურდა, რომ წყლის გამოდინება გამოწვეული იყო ონკანის ღიად დატოვებით, ასევე არ დადასტურდა, მილის განზრახ დაზიანება. წყლის შედეგად მოსარჩელის ბინაზე მიყენებულმა ზარალის ოდენობამ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 2 178 ლარი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა მიმდინარე რემონტის ჩატარების ვალდებულება, რაც გამოიხატა წყლის მილის არ გამოცვლაში, სასამართლოს განმარტებით, მიმდინარე რემონტს წარმოადგენდა ის სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებული იყო ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის სარგებლობასთან, ქონების ყოველდღიურ გამოყენებასთან, შესაბამისად, გამქირავებელს ევალებოდა საკუთარი ხარჯებით იმ სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება, რომლებიც უკავშირდებოდა დამქირავებლის მიერ ნივთის მოხმარების შედეგად წარმოშობილი დაზიანების აღმოფხვრას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ მ-შვილთან, ვინაიდან მართალია შეთანხმება მოხდა მისი მეშვეობით, მაგრამ რეალურად ფართით სარგებლობდნენ «--- პარტიის» საინიციატივო ჯგუფის წევრები, მანამ, სანამ 2007 წლის 30 აგვისტოს რეგისტრაციას გაივლიდა «--- პარტია» და იგი გახდებოდა დამქირავებელი.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ფაქტს მხარე არ უარყოფს, ასევე უდავოა წარმოშობილი ზიანის არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს ბ. ს-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.