ას-100-99-2011 28 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ.ა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ა-ი» (წარმომადგენელი მ. სარჯველაძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «..-ის» სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 15 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «..-მა» მოპასუხე შპს «ა-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის 209254.776 ლარის (მათ შორის, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 28247 ლარი და ვადის გადაცილებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.8% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2008 წლის 26 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე) გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოპასუხე არის შპს «...» უფლებამონაცვლე. მხარეებს შორის 2007 წლის 2 ნოემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება ¹2/2 სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 28247 ლარი. აღნიშნულზე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი დაპირებისა, მოპასუხეს არც ჩატარებული სამუშაოების ღირებულება და არც ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ აუნაზღაურებია. 2008 წლის 6 ივლისს შპს «...» დამფუძნებელი პარტნიორის ს. ხ-ძის გადაწყვეტილებით საზოგადოებას შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს «ა-ი».
სამართლებრივად მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლს, 394-ე, მე-400, 402-ე, 404-ე, 412-ე და 414-ე მუხლებს (ტომი I, ს.ფ. 1-9).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «..-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 209254.776 ლარის გადახდა, მასვე დაევალა შპს «..-ის» სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2007 წლის 2 ნოემბერს, ერთის მხრივ, შპს «...» და, მეორეს მხრივ, შპს «..-ს» შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ (შპს «...») იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები შემკვეთის სადგომში ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;
მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 28247 ლარი;
2008 წლის 6 ივლისს შპს «...» შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს «ა-ი».
საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 2 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთი ვალდებულია დროულად აანაზღაუროს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებით აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.8% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება, რომ მოპასუხემ 2007 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და მოსარჩელეს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოპასუხემ თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლოს წარუდგინა 2008 წლის 18 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ანგარიშ-ფაქტურა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მტკიცების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსი მოვალეს ანიჭებს იმის უფლებას, რომ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მოსთხოვოს კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 404-ე მუხლის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთი ვალდებული იყო შეესრულებინა მენარდის (შპს «...») მიმართ 2007 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რამდენადაც შემკვეთმა ეს ვალდებულება დაარღვია, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 28247 ლარის და მისი გადაუხდელობის გამო დამატებით ამ თანხის 0.8%-ის ანაზღაურება, რაც ჯამში მოსარჩელის მოთხოვნით შეადგენდა 209254.776 ლარს (ტომი I, ს.ფ. 150-153).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-იმ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მისი შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად შპს «... აფთიაქის» ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 161-170).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «..-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს «ა-ის» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 51129.50 ლარის გადახდა, მათ შორის, სარემონტო სამუშაოების ღირებულების ძირითადი თანხა _ 28247 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 22882 ლარი; აპელანტის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საქმეში მესამე პირად «... აფთიაქის» ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმებას, არ დაკმაყოფილდა; შპს «..-ს» შპს «ა-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 4954.82 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მან შპს «..-ის» მიმართ 2007 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ა-ის» მხრიდან არსებობდა მოსარჩელისათვის, როგორც ძირითადი თანხის, ისე პირგასამტეხლოს თანხის გადახდის ვალდებულება.
მიღება-ჩაბარების აქტის, საქმის მასალებისა და მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდს წარმოადგენდა 2008 წლის 26 იანვრიდან (შესრულებული სამუშაოს მიღების დრო) 2010 წლის 15 აპრილამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი) პერიოდი, რაც შეადგენდა 809 დღეს.
საქმის მასალების გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეიძლეობდა გავლენა მოეხდინა შპს «... აფთიაქის» უფლებებსა და მოვალეობებზე. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მესამე პირად «... აფთიაქის» ჩაბმაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან თანხის გადახდას ადასტურებდა 2008 წლის 18 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, სადაც განმარტებულია, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი და არა ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები შპს «ა-იმ» დაარღვია, ხოლო მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ არა იმ ოდენობით რა ოდენობაც ხელშეკრულებაშია მითითებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სანივთო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება როგორიცაა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მართალია მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში და შეუძლიათ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლო მიუთითონ, მაგრამ სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა ქონებრივ ინტერესთა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ისეთ ვითარებაში როდესაც ხელშეკრულებით შეუსრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა 28247 ლარის (ძირითადი თანხა) გადახდა, დამატებით პირგასამტეხლოს სახით 181007.776 ლარის დაკისრება არაგონივრული და არასამართლიანი იყო, იგი ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის გონივრული პროცენტი პირგასამტეხლოსათვის იყო ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ძირითადი გადასახდელი თანხა შეადგენდა 28247 ლარს, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ვადაგადაცილებული პერიოდი _ 809 დღეს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 22882 ლარი (ტომი I, ს.ფ. 259-268).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-იმ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «..-ის» სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი რიგი არგუმენტები, რომლებიც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას, მოპასუხემ მიუთითა, რომ მან გადაიხადა თანხა არა უშუალოდ შპს «...», არამედ იმ პირისათვის, ვისი ინტერესითაც დაიდო ხელშეკრულება შპს «...» კერძოდ, ვითარება ასეთი იყო: შპს «... აფთიაქს» უნდა დაექირავებინა შპს «ა-ის» კუთვნილი უძრავი ნივთი. დამქირავებლისათვის მნიშვნელოვანი იყო ამ ნივთის კეთილმოწყობა. სწორედ ამ მიზნით დაიდო ხელშეკრულება მოდავე მხარეებს შორის. მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სადავო თანხის გადახდას შპს «... აფთიაქისათვის».
კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლიდან გამომდინარე ამ შესრულების (რომელიც შპს «... აფთიაქმა» მიიღო შპს «ა-ისაგან») დაბრუნების ვალდებულების მატარებელი პირია შპს «... აფთიაქი». ამასთან, ამ უკანასკნელს ვალდებულება აკისრია არა შპს «... აფთიაქის», არამედ შპს «...» წინაშე. თანხის გადახდისას მოპასუხე ვარაუდობდა, რომ შპს «... აფთიაქის» მიერ მოხდებოდა შპს «...» განკუთვნილი შესრულების გადახდა, რაც როგორც მოგვიანებით გამოარკვია, არ მომხდარა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია მართებული ყოფილიყო, თუკი დადგინდებოდა, რომ შპს «ა-ის» საერთოდ არ შეუსრულებია ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ გადაიხადა შპს «...» კუთვნილი დავალიანება და მას ამ თანხით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ უსარგებლია (ტომი I, ს.ფ. 276-283).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 2557 ლარი, მათ შორის, 14.02.2011წ. გ. ხ-ძის მიერ გადახდილი 1000 ლარი და 28.02.2011წ. შპს «ა-ის» მიერ გადახდილი 1557 ლარი) 70% _ 1789.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს «ა-ის» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 2557 ლარი, მათ შორის, 14.02.2011წ. გ. ხ-ძის მიერ გადახდილი 1000 ლარი და 28.02.2011წ. შპს «ა-ის» მიერ გადახდილი 1557 ლარი) 70% _ 1789.9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.