ას-1011-948-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ნ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ლ-ძის სარჩელი მოპასუხე ო. ნ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა: ო. ნ-ია გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ... ქუჩის მეორე შესახვევის ¹1ა-ში, პირველ სართულზე მდებარე ნ. ლ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ბინიდან.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ო. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ო. ნ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2010 წლის 12 ნოემბერს ო. ნ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ ო. ნ-იას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ო. ნ-იამ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ნ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.