საქმე ¹ას-1014-1286-09 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორები _ შპს “ ... კომპანია” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ დ.ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ.” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _თ.ქ-შვილი, ე.მ-იანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “თბილისის მ-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ-ს” მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 2899,60 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 10 ივლისს მოსარჩელესა და შპს „მ-ს“ შორის გაფორმდა ¹0300\21\129 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად მოპასუხე ვალდებული იყო, დადგენილ ვადაში შეესრულებინა მოსარჩელის რამოდენიმე ობიექტის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენდა 114120,99 ლარს. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა, რომ სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში შპს „მ“ მოსარჩელეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდიდა დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ს. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია და შპს „თბილისის მ-ს“ სხვადასხვა ობიექტებზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები შეასრულა დაგვიანებით, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 2899,61 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს “მ-მ“ მოსარჩელის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებები სრულად და ხარისხიანად შეასრულა. სახელშეკრულებო ვადები დარღვეულად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან მოპასუხემ, ობიექტური მიზეზების არსებობის გამო, სამუშაოთა წარმოება დაიწყო 2007 წლის 24 ივლისიდან, ხოლო 2007 წლის 20 აგვისტოს წერილით მიმართა შპს „თბილისის მ-ს“ შესასრულებელ სამუშაოთა ახალი ვადებისა და გრაფიკის დაწესების შესახებ, მოცემულ შეთავაზებაზე მოსარჩელეს უარი არ განუცხადებია, რაც ახალ პირობებზე შპს „თბილისის მ-ს“ თანხმობას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შპს “თბილისის მ-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “მ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1226,92 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ შპს “თბილისის მ-მ”, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს “მ-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანებით შპს “თბილისის მ-ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს “ ... კომპანია”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ ... კომპანიის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს “მ-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს “... კომპანიის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 10 ივლისს შპს „თბილისის მ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ფორმა ¹2-ით და ¹3-ით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების მე-15 პუნქტით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 4.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ფორმა ¹3-ში მითითებულ ვადებში. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-ს“ მიერ შედგენილი ფორმა ¹3-ით განსაზღვრულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ადგილი და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოცემული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. ცალკეული სამუშაოების შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო დღეთა სხვადასხვა რაოდენობა (6, 117, 22 დღე და ა.შ), თუმცა მასში სამუშაოების შესრულების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის. ხელშეკრულების 7.4 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-ს“ მიერ შპს „თბილისის მ-სათვის“ გაგზავნილი სამუშაოების წარმოების ვადებისა და გრაფიკის შესაბამისად, შპს „მ-ს“ ხელმძღვანელობამ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრა მის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ვადები, კერძოდ: გაერთიანებული სახელოსნოების ადმინისტრაციული შენობის ბრტყელი გადახურვის მოწყობა დადგინდა 24 ივლისიდან 22 აგვისტომდე (22 დღე); გაერთიანებული სახელოსნოების მთავარი საამქროს ბრტყელი გადახურვის მოწყობა _ 20 აგვისტოდან 24 აგვისტომდე (5 დღე); გაერთიანებული სახელოსნოების საძირკვლების კაპიტალური შეკეთება _ 24 ივლისიდან 22 აგვისტომდე (22 დღე); ცენტრალური საწყობის გადახურვის შეკეთება _ 3 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე (18 დღე); დეპო ნაძალადევის აწევითი საამქროს სახურავის შეკეთება _ 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე (18 დღე); დეპო გლდანის სანკვანძების კაპიტალური შეკეთება _ 10 ივლისიდან 24 დეკემბრამდე (117 დღე). აღნიშნულ გრაფიკებში გათვალისწინებულია მითითებულ პერიოდში მხოლოდ სამუშაო დღეების რაოდენობა. შპს „თბილისის მ-ს“ გრაფიკი ჩაბარდა 2007 წლის 20 აგვისტოს და მასში ასახული ვადების საწინააღმდეგო პოზიცია ამ უკანასკნელს მიმწოდებლის მიმართ არ გამოუხატავს. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ წერილში მითითებულ ვადებში კონკრეტულ სამუშაოთა შესრულებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა შპს “თბილისის მ-ს“ (შპს „... კომპანიის“) არგუმენტი, რომ მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი გრაფიკით შეიცვალა ხელშეკრულების პირობები, რაც, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაფორმებულიყო წერილობით ხელშეკრულების დანართის სახით. გრაფიკით ხელშეკრულების პირობების, კერძოდ, ხელშეკრულების მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოქმედების ვადა არ შეცვლილა, არამედ განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესრულების პერიოდები, შესაბამისად, აღნიშნული არ საჭიროებდა დანართის სახით წერილობით გაფორმებას. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი შპს „თბილისის მ-სათვის“ გაგზავნილი გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის თარიღი ზუსტად ემთხვევა შპს „მ-ს“ მიერ მითითებულ თარიღებს, ხოლო შინაარსიდან ნათლად იკვეთება, რომ არანაირი პრეტენზია შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების მიმართ შემსყიდველს არ გამოუხატავს. ამდენად, შპს „მ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ დაურღვევია და შესაბამისად, შპს „მ-ს“ მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “... კომპანიამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ შპს „მ-მ“ წარადგინა 2007 წლის 20 აგვისტოს სამუშაოთა შესრულების გრაფიკი, რომლის საწინააღმდეგო პოზიცია კასატორს არ გამოუხატავს და ეს ვადები სასამართლომ მხარეთა შორის შეთანხმებულად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა 2007 წლის 20 აგვისტოთი (ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის შემდეგ) დათარიღებული წერილი, მაშინ, როდესაც ზოგიერთი სამუშაო ამ დროისათვის უკვე უნდა დასრულებულიყო. ამ მოსაზრებას ადასტურებს ხელშეკრულების მე-15 მუხლი, რომლის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელის მოწერის დღიდან, შესაბამისად, სამუშაოთა შესრულებაც ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო. თუკი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, შპს „მ“ სატენდერო განაცხადთან ერთად სამუშაოთა შესრულების გრაფიკს არ წარადგენდა. დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული წერილით ხელშეკრულების პირობები არ შეცვლილა, ვინაიდან ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს სწორედ დანართის სახით წარმოდგენილი გრაფიკები შეადგენს და მათში ცვლილების შეტანა, მხარეთა შორის შეთანხმებით, წერილობითი სახით უნდა გაფორმებულიყო. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შპს „მ-მ“ 2007 წლის 20 აგვისტოს წერილში მითითებული ვადები დაარღვია, კერძოდ, შპს „მ-ს“ გაერთიანებული სახელოსნოების საძირკვლის კაპიტალური შეკეთება უნდა დაესრულებინა 22 აგვისტოს, მაგრამ, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ეს სამუშაო დასრულდა 24 აგვისტოს. ასევე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ცენტრალური საწყობის გადახურვის შეკეთება, 24 სექტემბრის ნაცვლად, 26 სექტემბერს დასრულდა. სასამართლოს არ გამოურკვევია, შპს „მ-ს“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკში მითითებული სამუშაო დღეებში, რატომ იგულისხმებოდა მხოლოდ სამუშაო და არა კალენდარული დღეები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 4 და 19 აგვისტოს სამუშაოების აქტები, რაც არასამუშაო დღეებს _ შაბათ-კვირას ემთხვევა. კასატორი სტრატეგიული დანიშნულების საწარმოა. მისი ობიექტები კვირის განმავლობაში, დასვენების დღეების გარეშე, 24-საათიანი გრაფიკით მუშაობენ. ამდენად, სამუშაოთა შესრულების გრაფიკში იგულისხმებოდა არა მხოლოდ სამუშაო, არამედ კალენდარული დღეებიც და შპს „მ“ სამუშაოებს არასამუშაო დღეებშიც აწარმოებდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 10 ივლისის ხელშეკრულება ხელმოწერილია, ერთი მხრივ, შპს „თბილისის მ-ს“ (შპს „... კომპანიის“) შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირებული ჰქონდა გენერალური დირექტორის ბრძანებით, ხოლო, მეორე მხრივ, შპს „მ-ს“ გენერალური დირექტორის მიერ. ზემოხსენებული წერილი კი შპს „მ-ს“ ტექნიკურმა დირექტორმა, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, გაუგზავნა შპს „თბილისის მ-ს“ ტექნიკურ დირექტორს, ასევე არაუფლებამოსილ პირს. მოცემულ წერილზე ვერც ზეპირი და ვერც წერილობითი პასუხი ვერ გაიცემოდა, რადგან მისი არსებობის შესახებ უფლებამოსილ პირთათვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დასკვნა, რომ შპს „მ-ს“ 2007 წლის 20 აგვისტოს წერილში მოცემული გრაფიკი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას არ შეუფასებია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტი, რომლითაც ცვლილება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა, ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 10 ივლისს შპს „თბილისის მ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ფორმა ¹2-ით და ¹3-ით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების მე-15 პუნქტით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 4.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ფორმა ¹3-ში მითითებულ ვადებში. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-ს“ მიერ შედგენილი ფორმა ¹3-ით ცალკეული სამუშაოების შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო დღეთა სხვადასხვა რაოდენობა (6, 117, 22 დღე და ა.შ). ხელშეკრულების 7.4 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-ს“ მიერ შპს „თბილისის მ-სათვის“ გაგზავნილი სამუშაოების წარმოების ვადებისა და გრაფიკის შესაბამისად განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების ვადები, კერძოდ: გაერთიანებული სახელოსნოების ადმინისტრაციული შენობის ბრტყელი გადახურვის მოწყობა დადგინდა 24 ივლისიდან 22 აგვისტომდე (22 დღე); გაერთიანებული სახელოსნოების მთავარი საამქროს ბრტყელი გადახურვის მოწყობა _ 20 აგვისტოდან 24 აგვისტომდე (5 დღე); გაერთიანებული სახელოსნოების საძირკვლების კაპიტალური შეკეთება _ 24 ივლისიდან 22 აგვისტომდე (22 დღე); ცენტრალური საწყობის გადახურვის შეკეთება _ 3 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე (18 დღე); დეპო ნაძალადევის აწევითი საამქროს სახურავის შეკეთება _ 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე (18 დღე); დეპო გლდანის სანკვანძების კაპიტალური შეკეთება _ 10 ივლისიდან 24 დეკემბრამდე (117 დღე). შპს „თბილისის მ-ს“ გრაფიკი ჩაბარდა 2007 წლის 20 აგვისტოს და მასში ასახული ვადების საწინააღმდეგო პოზიცია ამ უკანასკნელს მიმწოდებლის მიმართ არ გამოუხატავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “... კომპანიის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შპს “მ-ს” სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები არ დაურღვევია, რაც გამორიცხავს მის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორის საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არგუმენტებს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მათი დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ:
მხარეთა შორის 2007 წლის 10 ივლისს დადებული ხელშეკრულების მე-15 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2007 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა ობიექტების სარემონტო სამუშაოების შესრულება, რომლისთვისაც ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულების ვადა და ხელშეკრულების მე-4 მუხლში მიეთითა, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხორციელდება ფორმა ¹3-ში მითითებულ ვადებში. აღნიშნულ ფორმაში შეთანხმებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება კონკრეტული დღეების განმავლობაში (მაგალითად: 16 დღე, 117 დღე, 18 დღე, 5 დღე და ა.შ.). კონკრეტული სამუშაოების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის. ამავდროულად, ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო 10.3 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც შპს “მ-მ” _ მენარდემ იკისრა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი _ შპს “... კომპანია” სანაცვლოდ ვალდებულია, გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება _ პირგასამტეხლო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა წარმოშობს კრედიტორის უფლებას, მოითხოვოს შესრულება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულების შესრულების ვადა დადგენილია ხელშეკრულებით ან გამომდინარეობს ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან. ვადაზე მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებითი პირობაა და ამ პირობის დამრღვევი _ ვადის გადამცილებელი მხარე ითვლება ხელშეკრულების დამრღვევად.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, მოვალის ვადის დამრღვევად მიჩნევისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესრულებისათვის დადგენილი ვადის დადგომა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის კანონიერებასთან მიმართებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, დამდგარია თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა და შესრულებულია თუ არა იგი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის სამუშაოთა შესრულების ხანგრძლივობაზე. შესასრულებელი სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული სამუშაოს შესრულებისათვის განისაზღვრა რა დღეების სხვადასხვა ოდენობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების დაწყებისა და დამთავრების კონკრეტული თარიღი არ დადგენილა. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში _ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრამდე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში შპს “მ-მ” ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეს წერილობით შეატყობინა ხელშეკრულებით განსაზღვრული თითოეული სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების თარიღის შესახებ, რაც არ სცილდებოდა 2007 წლის 31 დეკემბერს და, ამავდროულად, გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოთა შესრულების ხანგრძლივობა (დღეების რაოდენობა). მიიღო რა მენარდის შემოთავაზება სამუშაოთა შესრულების დაწყებისა და დამთავრების ზუსტ თარიღზე, შემკვეთს მასზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთან, საგულისხმოა, რომ კასატორმა ხელშეკრულების მხარის მიერ შეთავაზებულ ვადაში შესრულებული სამუშაო მიიღო შეთანხმებული წესით _ მიღება-ჩაბარების აქტებით (ხელშეკრულების მე-4 მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს, რომ მოვალეს ვალდებულების შესრულების ვადა არ გადაუცილებია, რაც გამორიცხავს კასატორის მოთხოვნის კანონიერებას მხარის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ შპს “მ-ს” მიერ გამოგზავნილ წერილს სამუშაოთა კონკრეტულ ვადებში შესრულების თაობაზე იურიდიული ძალა არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან აღნიშნული წერილით ხელშეკრულებით დადგენილი ვადებისაგან განსხვავებული ვადები დადგინდა, რითაც შეიცვალა ხელშეკრულების პირობა და იგი უფლებამოსილი პირების თანხმობას საჭიროებდა. ამასთან, მითითებული წერილი გადაეცათ არაუფლებამოსილ პირებს.
საქმეში წარმოდგენილი ზემოხსენებული წერილით დასტურდება და მხარეც არ უარყოფს, რომ იგი კასატორ ორგანიზაციას ჩაბარებული აქვს. წერილზე გაკეთებული აღნიშვნებით, იგი რეაგირებისათვის გადაეცათ პირებს, რომლებიც მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში მოხსენიებული არიან, როგორც ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები. ამდენად, შპს “მ-ს” წინადადება სამუშაოს შესრულების კონკრეტულ ვადებზე მხარეს სათანადო წესით ეცნობა, ხოლო უფლებამოსილი პირებისათვის მისი გადაუცემლობა კომპანიის ორგანიზაციული საქმიანობის მოუწესრიგებლობაზე მეტყველებს და არა მოვალის ბრალეულობაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ მოცემული წერილით ხელშეკრულების პირობა არ შეცვლილა, ვინაიდან ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში თითოეული სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობაზე (დღეების ოდენობაზე) და არა ზუსტ ვადებზე, ხოლო მოგვიანებით წერილით განისაზღვრა შეთანხმებული ცალკეული სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების თარიღი. ამავდროულად, მითითებული წერილის ხელშეკრულების ახალ პირობად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოვალე მაინც არ ჩაითვლებოდა ვალდებულების დამრღვევად, რადგან სამართლებრივად წერილში გამოხატული ნება უნდა შეფასებულიყო როგორც ოფერტი, რომელზედაც, სამოქალაქო კოდექსის 330-331-ე მუხლების თანახმად, კასატორის მიერ გაცხადებულია აქცეპტი, რაც დასტურდება იმით, რომ მას წერილით შემოთავაზებული წინადადებაზე გონივრულ ვადაში უარი არ განუცხადებია და, უფრო მეტიც, ამ ვადებში შესრულებული სამუშაოები უპრეტენზიოდ მიიღო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “... კომპანიის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.