¹ას-1015-1287-09 4 თებერვალი, 2010წ
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი ---ლ. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _სს “დ...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება—თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესარულება, პიგასამტეხლოს დაკისრება და ნივთის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „დ...ის“ დაეკისრა 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 7060.95 ლარის გადახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ. სს „დ...ის“ დაევალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცეს დისკებიანი ფარცხი მოდელი EPLI4A.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებთ:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა სს „დ...ის“ სააპელაციო საჩივარი.
გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სს „დ...ისათვის“ 22515.80 ლარისა და პირგასამტეხლოს 7060.95 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი სს „დ...ისათვის“ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „დ...ის“ შორის სანოტარო ფორმით დაიდო 9 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის გადაეცა შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:
ტრაქტორი ბელარუს-1025 შასი 10300909 ძრავი 199921;
ტრაქტორი ბელარუს 512 შასი 05709245, ძრავი 694229;
ტრაქტორი ბელარუს 512 შასი 05709246, ძრავი 687743;
ოთხფრთიანი გუთანი, მოდელი BP 16-16“X4 შასი E06,06 E11;
ორფრთიანი გუთანი, მოდელი BP 16-16“X2 შასი E06,06 F12;
ოთხფრთიანი გუთანი, მოდელი BP 16-16“X2 შასი E06,06 F02;
დისკებიანი ფარცხი, მოდელი ELP28A, შასი E06,06G07;
დისკებიანი ფარცხი, მოდელი ELP28A, შასი E06,06H07;
ლოტარული ფრეზი, მოდელი Uღთ132, შასი E06,06D07;
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად ტექნიკის საერთო ღირებულება შეადგენს 112,578 ლარს. მხარეთა შეთანხმებით მყიდველის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა განისაზღვრა გადაცემული ტექნიკის საერთო ღირებულების 20%-ით, რაც შეადგენს 22515,80 ლარს.
ხელშეკრულების 2.3 მუხლით განისაზღვრა ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 90.063.20 ლარის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც სს „დ...მა“ იკისრა ვალდებულება 2007-2010 წლის განმავლობაში ყოველწლიურად წელიწადის მე-4 კვარტალში გადაეხადა 22515.80 ლარი.
ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მისი გადახდა მყიდველს ეკისრება ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დადგენილ ვადაში ტექნიკის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სრულად შეასრულა სს „დ...ის“ წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 5 დღის ვადაში მყიდველს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა, რაც დადასტურებულია მხარეებს შორის 2008 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით . სს „დ...მ“ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ოდენობით ბეს სახით 22515.80 ლარი.
სს „დ...ს“ მისთვის გადაცემული ტექნიკის დარჩენილი ღირებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის არ გადაუხდია და ვალდებულება არ შეუსრულებია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2008 წლის 22 აპრილის ¹2-69 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სს „დ...სთან“ 2006 წლის 13 ოქტომბერს დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
სს „დ...მ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით დაუბრუნა მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემული ტექნიკა, გარდა დისკებიანი ფარცხისა მოდელი EPL14A, შასი E06,06H07.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სადავოდ იყო გამხდარი ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია სამინისტროს მიერ მოთხოვნილი 20174,15 ლარის ათვლის თარიღად 2007 წლის მე-4 კვარტალი.
პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არა ჰქონდა პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის დადგენას და ამასთან უსაფუძვლოა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, ვინაიდან მხარეთა შორის 2006 წლის 13 ოქტომბერს დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მხარეებმა უარი თქვეს, შესაბამისად გამყიდველის მიერ არ შეიძლება მოთხოვნილიყო ხელშეკრულების პირობების შესრულება, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდაც.
პალატამ არ გაიზიარა სს „დ...ის“ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ წარმოადგენდა გაყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მესაკუთრეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნასყიდობის განვადების შესახებ დადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „დ...ს“ შორის. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მფლობელობაში და მყიდველს სს „დ...ს“ იგი გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
პალატამ არ გაიზიარა სს „დ...ის“ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დადგინა, რომ სს „დ...ი“ ვალდებული იყო ანგარიშსწორება ეწარმოებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მყიდველი მოვალეა გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულებაზე უარის თქმას სს „დ...ი“ დაეთანხმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ხელშეკრულებით მიღებული ნივთები დაუბრუნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამასთან ხელშეკრულებაზე უარი მას სარჩელით სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. ჭ-ძემ.
კასატორის განმრტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია ისე, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რა ფაქტობრივი გარემოება გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან 2006 წლის 15 ოქტომბერს დადებული ¹11 ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სს „დ...მა“ არაჯეროვნად შეასრულა სოფლის მეურნეობის სმინისტროსთან დადებული ხელშეკრულება და შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა მისთვის გადაცემული ტექნიკის ნარჩენი ღირებულება. შესაბამისად, მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეწყვიტა ხელშეკრულება 2008 წლის 22 აპრილის ბრძანების მიღებით. სს „დ...მა“ ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2008 წლის 13 ივლისს დაუბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკის ნაწილი. სს „დ...მა“ აღნიშნული ქმედებით აღიარა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მისი როგორც მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ნაწილი და შესაბამისად, მთლიანი ვალდებულების არსებობა – ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნარჩენი თანხის გადახდის ვალდებულება.
კასატორის განცხადებით, სს „დ...სა” და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეურულებლობისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრება, ისე ძირითადი ვალდებულების შესრულებაც და სამინისტროს ეს მოთხოვნები არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მეორე მხრივ, სს „დ...ს“ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოექმნებოდა, თუ კომპანიასა და სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება დაირღვეოდა ანდა შეწყდებოდა მანამდე, სანამ სამინისტრო მას გადასცემდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „დ...ისათვის“ პირგასამეხლოს არდაკისრების ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და საქართველოს სამოქაპლაქო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევა, რადგან კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელის უარსაყოფად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. სასამართლოს აზრით აღნიშნულის გამო კრედიტორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდაც, რადგან სასამართლოს აზრით, ნორმის არსიდან გამომდინარე უკვე შესრულებულიც მხარეს უბრუნდება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული მითითებული ნორმა. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად, იგი არ შეიძლება გაიგივდეს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლში მითითებულ შესრულებასთან. მოცემულ ნორმაში იგულისხმება მხარის მიერ უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და არა გარიგების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დამატებითი თანხების გადახდევინება. იმ შემთხვევაში თუ მხარე ნებაყოფლობით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის საფუძველზე შეუძლებელი იქნებოდა მისი უკან დაბრუნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სს „დ...ი“ ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოც, ამასთან შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააბრუნოს ტექნიკაც. ხელშეკრულებაში აღნიშნული ღონისძიებები არ არის მოცემული ალტერნატიული დებულებების სახით, არამედ იგი მოცემულია, როგორც ცალკ-ცალკე, დამოუკიდებელი ღონისძიებათა სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
ასევე, პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან არ ირკვევა, მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული ყველა მოთხოვნის შედეგი. აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას. სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა აპელანტის ეს მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, სარეზოლუციო ნაწილში ასახულია სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ისე, რომ დანარჩენის თაობაზე არაფერია მითითებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.