ას-1016-953-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. კ-იანი, ნ. ბ-შვილი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ-ძე, დ. მ-იანი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (ძირითად სარჩელში), თანხის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. კ-ძემ და დ. მ-იანმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების _ ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვლის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹5-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებსა და უძრავი ნივთის თავდაპირველ მესაკუთრეს შორის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული იყო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრეებს მოსარჩელეების შეთავაზების მიუხედავად, არ მოუთხოვიათ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოსარგებლეების მიერ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვეს თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეთა მხრიდან საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე იყო დადებული. ამასთან, დ. მ-იანი ერთ ოთახს ფლობდა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და ასევე მოპასუხეების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მოცულობა აღემატება გარიგებით მოსარგებლეებზე გადაცემული ფართის მოცულობას და მისი გაზრდა მოსარჩელეების მიერ განხორციელდა მესაკუთრისაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძისა და დ. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი, ი. კ-იანსა და ნ. ბ-შვილს ც. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ, ც. კ-ძის მიერ ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹5-ში მდებარე 68,49 კვ.მ საცხივრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 40050 აშშ დოლარის გადახდა; ი. კ-იანსა და ნ. ბ-შვილს დ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრათ, დ. მ-იანის მიერ ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹5-ში მდებარე 68,49 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, 45000 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ი. კ-იანმა და ნ. ბ-შვილმა, ასევე დ. მ-იანმა.
ი. კ-იანმა და ნ. ბ-შვილმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმგვარად, რომ ც. კ-ძეს და დ. მ-იანს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა შეუწყდეთ სადგომის იმ ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, რომელიც მათ გარიგებით ჰქონდათ გადაცემული.
დ. მ-იანმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. მ-იანის სარჩელის დაკმაყოფილება და ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც ი. კ-იანსა და ნ. ბ-შვილს ც. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ, ც. კ-ძის მიერ ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹5-ში მდებარე 68,49 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 40050 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. კ-იანსა და ნ. ბ-შვილს ც. კ-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33375 აშშ დოლარის გადახდა, ც. კ-ძის მიერ ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹5-ში მდებარე 68,49 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების _ ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის მოსაზრება მასზე, რომ ც. კ-ძე არ წარმოადგენდა იმ მოსარგებლეს, რომელსაც საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა სანოტარო ფორმის დაცვის გარეშეEდადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.
სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ძესა და ც. კ-ძეს შორის არსებობდა გარიგება საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების გადაცემის თაობაზე, რაც გამორიცხავდა საკუთრების უფლების გადაცემას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ვერ შეფასდებოდა საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შეთანხმებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ჭ-ძის უფლებამონაცვლეებს (ი. კ-იანსა და ნ. ბ-შვილს) და ც. კ-ძეს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით, რაც მესაკუთრეს უფლებას ანიჭებს, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შემთხვევაში, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მისთვის აღნიშნული სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, რაც განსახილველ შემთხვევაში განისაზღვრა 33375 აშშ დოლარით (ც. კ-ძის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის _ 68.49 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების 44500 აშშ დოლარის 75%).
საპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ დ. მ-იანი და ც. კ-ძე გადაკეთების ხარჯზე გადიდებულ ფართს ფლობდნენ ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისიდან, ჩაწერილები არიან სადავო ფართში და იხდიან გადასახადებს და ამასთან, არც თავდაპირველ მესაკუთრესა და არც მათ უფლებამონაცვლეებს _ შეგებებული სარჩელის აღძვრამდე სადავოდ არ გაუხდიათ მოსარგებლეთა მიერ საცხოვრებელი სადგომის გაფართოება და დამატებითი ფართის დაკავება, სააპელაციო პალატამ ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის მოსაზრება მასზე, რომ სასამართლომ ც. კ-ძისა და დ. მ-იანის მოსარგებლის სტატუსი არასწორად გაავრცელა მათ მიერ დაკავებულ მთლიან ფართზე, არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის მოსაზრება მასზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი საცხოვრებელი სადგომის ფასი აღემატებოდა არსებულ საბაზრო ფასებს, ვინაიდან პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 18 მარტის დასკვნას, ხოლო აპელანტებს აღნიშული დასკვნის საწინააღმდეგოდ, რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტ დ. მ-იანის მოსაზრება მასზე, რომ 1975 წლის 14 ნოემბერს მის მიერ სახლის მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრუოლება წარმოადგენდა სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ მ. ჭ-ძემ დ. მ-იანს თავის საკუთრებაში არსებული ფართი “მუდმივი ატსტუპნოით” გადასცა მას 8000 მანეთად, რომელსაც სახლის მესაკუთრისათვის ამავდროულად უნდა ეხადა თვეში 10 მანეთი, ხოლო ფართის გაყიდვის შემთხვევაში, უნდა მიეცა გაყიდული თანხის 15%. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნივთის გასხვისებით მიღებული თანხის ნაწილის სხვისთვის გადაცემას და ყოველთვიური თანხის გადახდას არ ითვალისწინებდა, რაც გამორიცხავდა მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგების არსებობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ზემოაღნიშნული ხელწერილი და მართებულად მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენდა საცხოპვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებას და არა ფორმადაუცველ ნასყიდობის ხელშეკრულებას.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამესაკუთრეთა მიერ აღძრული იყო შეგებებული სარჩელი კანონით გათვალისიწნებული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის შესახებ, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დ. მ-იანის მოსაზრება მასზე, რომ ვინაიდან სახლის თანამესაკუთრეებმა თავიდან უარი განაცხადეს მისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდაზე, მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო შეგებებული სარჩელი არა, დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-იანმა და ნ. ბ-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარგებლეთა მფლობელობაში არსებული ფართების მოცულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარგებლეთა სამართლებრივი სტატუსის გავრცელებით მთელ ფართზე, არასწორია, ვინაიდან საქმეში არსებული ხელწერილებით კონკრეტულად იყო განსაზღვრული, თუ რომელი ოთახები და სათავსოები გაედაცათ მოსარგებლეებს, სასამართლომ კი, ექსპერტიზის დასკვნაზე არასწორი დაყრდნობით, დაადგინა ც. კ-ძისა და დ. მ-იანის მოსარგებლეობა იმ ფართებზე, რომელიც არ გათვალისწინებულა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის თაობაზე მხარეთა შორის ასრებული გარიგებითი ურთიერთობით;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-იანისა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს დაუბრუნდეთ პ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.