Facebook Twitter

¹ ას-1018-955-2010 13 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-ავა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «პ.-პ.» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უძრავი ნივთის მფლობელობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლშო სს «პ.-პ.-ს» მიმართ უძრავი ქონების მფლობელობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე არის ლტოლვილი. 1993 წლიდან იგი შესახლებულია სასტუმრო «ვ.-ში» მდებარე ¹635 ოთახში. თ.გ-ავას არყოფნის დროს მისი ოთახი დაიკავა დ.ლ-იანმა, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ფართი მოსარჩელის მოთხოვნისთანავე. სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა მოპასუხე, რომელმაც შეადგინა სასტუმროში მცხოვრებ დევნილთა სიები ისე, რომ თ.გ-ავა არ დაუფიქსირებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით თ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე სს ,,პ.-პ.», რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტ თ. გ-ავას წარმომადგენელმა ა. მ-ძემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის – სს ,,პ.-პ.-ს» გამოუცხადებლობის გამო და თ. გ-ავას სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამტკიცებულად ჩათვალა აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ.გ-ავა არის აფხაზეთიდან დევნილი. 1993 წლის 13 ივლისიდან იგი სხვა დევნილებთან ერთად შესახლებულ იქნა ქ.თბილისში მდებარე სასტუმრო ,,ვ.-ში», სადაც დროებით საცხოვრებლად გამოეყო ¹635 ოთახი.

1998 წელს თ. გ-ავას მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ოთახი დაიკავა დ. ლ-იანმა. თ. გ-ავა და დ. ლ-იანი შეთანხმდნენ, რომ საცხოვრებელ ოთახში დ.ლ-იანი დარჩებოდა მანამ, ვიდრე ამის უფლებას მისცემდა მოსარჩელე. მოგვიანებით უძრავი ნივთის (სასტუმრო ,,ვ.-ს») მესაკუთრე გახდა სს ,,პ. პ.», რომელმაც შეადგინა სასტუმრო ,,ვ.-ში» მცხოვრებ იმ დევნილთა სიები, რომლებსაც ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდათ საცხოვრებელი ოთახები. ვინაიდან მოსარჩელეს ფაქტობრივად აღარ ჰქონდა დაკავებული სადავო ოთახი და ამ ოთახს ფაქტობრივად ფლობდა და რეგისტრირებული იყო დ.ლ-იანი, ამიტომ მოსარჩელე სიაში არ დაფიქსირდა. სს ,,პ. პ.-მ» საკომპენსაციო თანხა გადასცა დ.ლ-იანს.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ იურიდიულად არ ამართლებენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ავამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 249-ე მუხლებისა და «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის» ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით.

სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი შემდეგი გარემოებები:

„იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ თბილისში, ... ¹80-ში მდებარე ტურბაზა „ვ.“ წარმოადგენს თ.გ-ავას, როგორც დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს. ამასთანავე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, არათუ დევნილი, არამედ დევნილის სტატუსის მაძიებელიც უფლებამოსილია, იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე.

სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ლ“Eქვეპუნქტი და მესამე პუნქტი.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტი, ვინაიდან თ.გ-ავას სადავო ¹635 ოთახში განსახლება სახელმწიფოს კანონით დადგენილი ვალდებულებაა.

სააპელაციო პალატამ უკანონოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ ვინაიდან თ.გ-ავამ დროებით მიატოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი და დროებით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად, მან დაკარგა მფლობელობის უფლება სადავო ფართზე. ასეთი დასკვნა გამოტანილია მფლობელობის ინსტიტუტის არასწორი გაგების შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ავას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. გ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთის მფლობელობაში გადაცემის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.