ას-101-96-2010 26 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ რ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ს-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 31 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ს-ძემ მოპასუხე თ. ს-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შვილთან ურთიერთობის დღეების იმგვარად განსაზღვრა, რომ უფლება მინიჭებოდა ყოველი კვირის პარასკევი საღამოდან ორშაბათის დილამდე თავისთან ჰყოლოდა შვილი _ არასრულწლოვანი დ. ს-ძე.
სარჩელის თანახმად, რ. ს-ძე 2006 წლის 18 იანვარს დაქორწინდა თ. ს-შვილზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი, დ. ს-ძე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილი დ. ს-ძე აღსაზრდელად გადაეცა თ. ს-შვილს, რომელიც მოპასუხეს ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა (ს.ფ. 2-10).
მოპასუხე თ. ს-შვილმა სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, რ. ს-ძეს არანაირი მცდელობა არ ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდა მცირეწლოვან შვილთან. იგი ბავშვის მიმართ არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ამასთან, ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მაგრამ ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ მშობლების უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მითითებული 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მოპასუხის მოსაზრებით, კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადყოფდა, რომ მშობლის უფლების გამოყენებას არ უნდა დაეზიანებინა ბავშვის ინტერესები. სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მამის უფლების გამოყენება არ უნდა ყოფილიყო ხელის შემშლელი მცირეწლოვანი დ. ს-ძის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის.
მოპასუხე მიიჩნევდა, რომ რ. ს-ძის ცხოვრების სტილი, მისი სოციალური, ოჯახური მდგომარეობა, ზოგადად ბავშვისადმი დამოკიდებულება გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებდა:
არასრულწლოვანი დ. ს-ძე მთლიანად დამოკიდებული იყო დედაზე. იგი დაბადებიდან მუდმივად მასთან იმყოფებოდა. ამასთან, ბავშვი ხშირად ცივდებოდა და ემართებოდა ინტოქსიკაცია, შესაბამისად, იმყოფებოდა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. შაბათ-კვირას დედას არასრულწლოვანი დ. დაჰყავდა ტაძარში წირვა-ლოცვაზე, რა დროსაც იღებდა ზიარებას. გარდა ამისა, დ. დადიოდა ცეკვის გაკვეთილებზე. შვილი დედის გარეშე ვერ იძინებდა. აღნიშნული ცხოვრების რეჟიმის დარღვევა ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისევე როგორც მის სულიერ მხარეს, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. რ. ს-ძის ცხოვრების პირობები არ იძლეოდა არასრულწლოვანისათვის ამგვარი რეჟიმის შექმნის შესაძლებლობას.
მოპასუხემ შესაგებელში ასევე აღნიშნა, რომ რ. ს-ძეს ჰქონდა ვალი, რის გამოც მან განქორწინებამდე გაყიდა თ. ს-შვილის კუთვნილი ოქროს ნივთები. გარდა ამისა, მოსარჩელემ მეუღლის დაუკითხვად აიღო ამ უკანასკნელის ფული. რ. ს-ძე აგირავებდა ნივთებს, მათ შორის, დაგირავებული იყო მოპასუხის ნივთები, რომლებიც თ. ს-შვილის მამა გამოისყიდა. მოპასუხემ ერთ-ერთი საზოგადოებიდან წაიღო ფული, რომელიც შემდეგ უკანონოდ მიითვისა. იყო შემთხვევები, როდესაც რ. ს-ძე სახლიდან მიდიოდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ბრუნდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გამოირიცხებოდა. აქვე, ნიშანდობლივი იყო, რომ მშობლის უფლება მხოლოდ შვილის სახლში ღამე დარჩენით ვერ განხორციელდებოდა (ს.ფ. 24-32).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შვილის, 2006 წლის 28 თებერვალს დაბადებული დ. ს-ძის ნახვის დღეები განესაზღვრა შემდეგი წესით: მას ნება დაერთო, ბავშვი მოენახულებინა კვირაში სამჯერ, კერძოდ, ყოველი კვირის პარასკევს 17.00 საათიდან 20.00 საათამდე, შაბათს 11.00 საათიდან 19.00 საათამდე და კვირას 11.00 საათიდან 19.00 საათამდე წაყვანის უფლებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
დ. ს-ძე დაიბადა 2006 წლის 28 თებერვალს და საქმის სასამართლოში განხილვის დროს იყო სამი წლის და შვიდი თვის;
დ. ს-ძის მშობლები არიან: დედა _ 1986 წლის 23 ივლისს დაბადებული თ. ს-შვილი და მამა _ 1982 წლის 1 ივნისს დაბადებული რ. ს-ძე;
მხარეებს შორის 2006 წლის 18 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით. ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი დ. ს-ძე აღსაზრდელად გადაეცა დედას, თ. ს-შვილს.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების (წმინდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზის, დიაკვანის და მრევლის დახასიათება, ... გამზირის ¹46-ში მცხოვრები მეზობლების დახასიათება, შპს “კ-ას” დირექტორის დახასიათება), სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-ძე 2009 წლის 18 ივნისიდან მუშაობდა შპს “კოკა-კოლა იმერეთში”. მისი პიროვნება ხასიათდებოდა კეთილსინდისიერებით, შრომისმოყვარეობით, სარგებლობდა კარგი რეპუტაციით და ხასიათდებოდა დადებით პიროვნებად.
საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა პოზიციები და მიზანშეწონილად მიიჩნია რ. ს-ძეს ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობისათვის უნდა განსაზღვროდა მხოლოდ რამდენიმე საათით ნახვის უფლება ბავშვის წაყვანის გარეშე, რამდენადაც მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამის ურთიერთობა დ. ს-ძესთან ზემოაღნიშნული წესით ეწინააღმდეგებოდა ბავშვის ინტერესებს და ზიანს აყენებდა მას, ასევე ხელს უშლიდა ბავშვის ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენდა მასზე. უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მითითებული დროით მამა-შვილს შორის ურთიერთობის წესის დადგენა არა მარტო ასეთი მშობლის უფლების დარღვევა იყო, არამედ იგი მნიშვნელოვნად ლახავდა თავად შვილის უფლება-მოვალეობებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, მისი ინტერესს, აღზრდილიყო ოჯახში (ს.ფ. 92-94).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 97-105).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა მოთხოვნა შეამცირა. საბოლოოდ, მან მოითხოვა საქალაქო გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც რ. ს-ძეს ნება დაერთო, ყოველი კვირის პარასკევს 17.00 საათიდან 20.00 საათამდე ენახულებინა არასრულწლოვანი შვილი, 2006 წლის 28 თებერვალს დაბადებული დ. ს-ძე წაყვანის უფლებით, აგრეთვე, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ღამის საათებში ბავშვთან ერთიერთობის შესახებ და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც რ. ს-ძეს დამატებით ნება დაერთვებოდა ღამის საათებში ბავშვთან ურთიერთობის მიზნით, ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს, 19.00 საათიდან მომდევნო კვირა დღის 11.00 საათამდე არასრულწლოვანი შვილი, 2006 წლის 28 თებერვალს დაბადებული დ. ს-ძე ემყოფებინა თავისთან (ს.ფ. 146-150).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ. ს-ძეს ნება დაერთო, ყოველი კვირის პარასკევს 17.00 საათიდან 20.00 საათამდე ენახულებინა არასრულწლოვანი შვილი, 2006 წლის 28 თებერვალს დაბადებული დ. ს-ძე წაყვანის უფლებით, აგრეთვე, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ღამის საათებში ბავშვთან ურთიერთობის შესახებ; რ. ს-ძის მოთხოვნა ღამის საათებში ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს ნება დაერთო, ყოველი თვის პირველ შაბათ დღეს, 19.00 საათიდან მომდევნო კვირა დღის 11.00 საათამდე არასრულწლოვანი შვილი, 2006 წლის 28 თებერვალს დაბადებული დ. ს-ძე ემყოფებინა თავისთან; გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დღის საათებში ურთიერთობისათვის მოსარჩელეს განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათს 11.00 საათიდან 19.00 საათამდე და კვირას 11.00 საათიდან 19.00 საათამდე წაყვანის უფლება, დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მან დამატებით მიუთითა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 24 ივლისის დასკვნაზე და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული დასკვნის შემდგენი სოციალური მუშაკის განმარტებაზე, რომლებითაც ირკვეოდა, რომ არასრულწლოვანი დ. ს-ძის დედასთან მიჯაჭვულობა დადგინდა თავად დედის განმარტების საფუძველზე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის გამოკითხვა არ მომხდარა და ბავშვის ავადმყოფობის პერიოდში არ იყო მიზანშეწონილი ღამით მამასთან დარჩენა, ასეთი პრობლემების არარსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ბავშვი დღე-ღამის განმავლობაში დარჩენილიყო მამასთან, რათა არ მომხდარიყო მამა-შვილის გაუცხოება.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ღამის საათებში ბავშვის მამასთან ყოფნის შესაძლებლობას, გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის განმარტებით ირკვეოდა, რომ მხოლოდ ბავშვის ავადმყოფობის პერიოდში არ იყო მიზანშეწონილი ღამით მამასთან დარჩენა, ასეთი პრობლემის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ბავშვი დღე-ღამის განმავლობაში მამასთან დარჩენილიყო, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც რ. ს-ძის მოთხოვნას ღამის საათებში ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე ეთქვა უარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მოთხოვნა, რაც მდგომარეობდა ღამის საათებში არასრულწლოვანი შვილის თავისთან ყოლის ნების დართვაში, საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ. ს-ძე და თ. ს-შვილი გარკვეული დროიდან ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ამ ხნის განმავლობაში მცირეწლოვანი დ. ს-ძე მხოლოდ დედასთან იმყოფებოდა. ამიტომ, განსხვავებული ცხოვრების წესთან შეგუებამდე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ბავშვი თვეში მხოლოდ ერთი ღამით დარჩენილიყო მამასთან (ს.ფ. 153-163).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც რ. ს-ძის სარჩელის მოთხოვნა ღამის საათებში ბავშვთან ურთიერთობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის რიგი ნორმებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები. მითითებული კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით; 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს; 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
კასატორის მოსაზრებით, კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ ანალოგიური დავის გადაწყვეტის დროს სასამართლომ, მართალია, თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. როგორც წესი, სასამართლომ ასეთ დროს უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მცირეწლოვანი დ. ს-ძის ინტერესები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რადგან ის გარემოება, რომ მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილთან, არ ნიშნავს, რომ მშობლის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრით, როგორც ეს აღნიშნულ საქმეზე დაადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. ამდენად, მშობლის უფლების განხორციელებისათვის არ არის სავალდებულო, რომ ბავშვთან ურთიერთობა განისაზღვროს ღამის საათებში მცირეწლოვანი შვილის მასთან დარჩენით (ს.ფ. 167-174).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, თ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თ. ს-შვილს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.