¹ას-1022-1294-09 25 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ა.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს. რ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 2 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ა.“ დირექტორმა და მოითხოვა შპს „ს. რ.“ მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადახდის ბრძანებით შპს „ს. რ.“ შპს „ა.“ სასარგებლოდ დაეკისრა 17 103.80 ლარის გადახდა.
მოპასუხე შპს „ს. რ.“ მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში შეტანილ იქნა შესაგებელი (პროტესტი), რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით გაუქმდა 2008 წლის 26 დეკემბრის გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის განხილვა საერთო სასარჩელო წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ა.“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს. რ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17103 ლარისა და 80 თეთრის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს. რ.“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2009 წლის 17 ივნისს 14 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა.“, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, გამოცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს. რ.“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 7 ივლისს მოწინააღმდეგე მხარემ შპს „ა.“ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2009 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება და მიუთითა, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ უწყება სასამართლო სხდომის 2009 წლის 17 ივნისს, 14.00 საათზე დანიშვნის შესახებ, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით შპს „ა.“ საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი ზეპირი განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით შპს “ა.” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საჩივრის არგუმენტი იმის შესახებ, რომ 2009 წლის 17 ივნისს, 14.00 საათზე, დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებელი მხარე – შპს „ა.“ მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შპს „ა.“ წარმომადგენელმა ვერც საჩივრის ზეპირი განხილვისას დაამტკიცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოებების (კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობა) არსებობა, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განხილვის განახლებას. ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ეკისრება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ა.” და აღნიშნა, რომ მათ ჩაჰბარდათ მხოლოდ სააპელაციო საჩივარი, უწყება სასამართლო პროცესის შესახებ არ ჩაჰბარებიათ. გზავნილი მიიტანა კურიერმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი ითვალისწინებს უწყების ჩაბარების ტექნიკურ საშუალებებსაც, რაც სასამართლოს არ გაუკეთებია.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ა.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნათ უწყება სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გაფრთხილებული სასამართლოს სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.
დადგენილია, რომ შპს “ს. რ.” სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2009 წლის 17 ივნისს, 14.00 საათზე. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შპს „ა.“ დირექტორ ა.ო-ს 2009 წლის 18 მაისს (ტ.2. ს.ფ.14), ჩაჰბარდა უწყება-საჩივარი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2009 წლის 17 ივნისს, 14.00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებელი მხარე – შპს „ა.“ მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს “ა.” გაეგზავნა უწყება-საჩივარი, საიდანაც ჩანს, რომ მათ გაეგზავნათ სააპელაციო საჩივრის ასლი, თუმცა არ ჩანს სასამართლო პროცესზე მათი მოწვევის შესახებ. უწყებაზე არ არის აღნიშნული სასამართლო პროცესის დრო და ადგილი.
ამდენად, მხოლოდ გზავნილზე გაკეთებული წარწერით (უწყება-საჩივარი) და რეესტრის ფურცელზე გაკეთებული ჩანაწერით სხდომის ჩატარების შესახებ, რომელსაც ხელს არ აწერს შპს “ა.” დირექტორი შეუძლებელია დადასტურდეს მისი კანონით დადგენილი წესით, სასამართლო პროცესზე მოწვევის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შპს “ა.” გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე არასწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “ა.” სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.