¹ას-1029-1300-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-იანი (მოსარჩელე)
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. მ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-შვილისა და სხვათა მიმართ საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისა და დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, 2005 წლის 14 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, მეუღლე თ. მ-ძისაგან საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში განთავსებული უძრავი ქონება. კერძოდ, 2808 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რაც 2002 წლამდე წარმოადგენდა სს „ს-ის“ (ც-ის) საკუთრებას. 2002 წლის 17 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ.დანართი ნასყიდობის 17.05.02წ. და 02.03.05წ. ხელშეკრულებები) ... ქ.¹5-ში განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში შეძენილი იქნა ფიზიკური პირების მიერ.
საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის შესაბამისად, სადავო ფართის ამჟამინდელ კანონიერ მესაკუთრეს იგი წარმოადგენს. მის საკუთრებაში არსებული შენობა შესდგება ორი სართულისაგან. პირველ სართულს იყენებს, მაგრამ მეორე სართულის გამოყენების საშუალება არა აქვს, ვინაიდან მეორე სართულზე ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი პირები, რომლებსაც უკვე საკუთრებაში მიაჩნიათ დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 13 თებერვლის ¹06\01-17\686 მოწერილობისა და მასზე თანდართული სიის შესაბამისად, მისთვის გახდა ცნობილი, რომ ... ქ.¹5, ჩასახლებულია 38 დევნილი პირი. მისთვის დღემდე უცნობია სადავო ფართში დევნილთა ჩასახლების საფუძველი. გარდა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიისა, სადავო ფართში ცხოვრობენ სიაში არარეგისტრირებული პირებიც, ვინაიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსადმი მიმართულ განცხადებაში თვით დევნილები მიუთითებენ, რომ ... ქ.¹5-ის ჩასახლებაში ცხოვრობს 40 დევნილი მოსახლე (5 ოჯახი).
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მის საკუთრებაში რიცხულ შენობაში ... ქ.¹5-ში განთავსებულ დევნილ პირებს გააჩნიათ ელექტროენერგიის დავალიანება, რომელიც შეადგენს 18 000 ლარს. აღნიშნული თანხა დავალიანებად ერიცხება მას, როგორც მესაკუთრეს, ვინაიდან ინდივიდუალური მრიცხველები არ არის დაყენებული.
ის ფაქტი, რომ დევნილებს გააჩნიათ ელექტროენერგიის დავალიანება 18 000 ლარის ოდენობით, აღიარებულია თვით ამ პირების მიერ, რაც დასტურდება 2006 წლის 21 სექტემბრის ¹1-2931 სანოტარო აქტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ დევნილების თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება და მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების - 18 ათასი ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო საასმართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. მ-ძემ, მ. ზ-მ და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით ნ. მ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩვარი შეიტანა ნ. მ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.