ას-1029-965-2010 7 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ.კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ... საზოგადოება
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ... საზოგადოებამ მოპასუხე შპს «...» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მოპასუხისათვის ... საზოგადოების მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემა) აკრძალვა; ბ. ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის გამო (კაბელით ხელახალი გადაცემა) მოპასუხისათვის 67676.80 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის ¹... გადაწყვეტილებით საქართველოს ... საზოგადოება დარეგისტრირდა ხელახლა და მას მიენიჭა სპეციალური სტატუსი _ ქონებრივი უფლებების სპეციალურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ¹1. საქართველოს ... საზოგადოება არის ... და ... საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (...) წევრი. 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საზოგადოებას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები 1000-ზე მეტ ქართველ ...ნ, მასვე დადებული ჰქონდა 90-ზე მეტი ხელშეკრულება საზღვარგარეთის ანალოგიურ ... ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ. საქართველოს ... საზოგადოება «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად გასცემს ლიცენზიებს მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით ან უტექსტოდ) საჯარო შესრულებაზე, რეპროდუცირებაზე, საჯარო გადაცემაზე, კაბელით გადაცემაზე (კაბელით ხელახალი გადაცემა) და ა.შ. იგი აგროვებს და ანაწილებს საავტორო ჰონორარებს შესაბამის მფლობელებზე. დასახელებული კანონის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს მოსარგებლეს და იგი ვალდებულია ... საზოგადოებას გადაუხადოს ჰონორარი. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ამასთან, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. საქართველოს ... საზოგადოების მიერ დადებული ტარიფების შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი საავტორო ჰონორარი უნდა შეადგენდეს თვეში 5%-ს.
მოსარჩელის განმარტებით, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა მოსარგებლეს, მათ შორის, საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია შპს «...» ევალებოდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგზანიზაციისათვის (ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის) მოთხოვნისთანავე წარედგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. ამ მიზნით საქართველოს ... საზოგადოებამ ორჯერ წერილობით მიმართა შპს «...», თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. დოკუმენტაციის წარუდგენლობა და საავტორო ჰონორარების თანხების გადაუხდელობა იწვევდა საავტორო უფლებების დარღვევას, აღნიშნულით ზიანი ადგებოდათ მუსიკალური ნაწარმოების (ტექსტით ან ტექსტის გარეშე) ავტორებს, მემკვიდრეებს, მუსიკალურ გამომცემლებს. «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის. შპს «...» ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, არც მოსარჩელეს განუცხადებია მისთვის თანხმობა, მოეხსნა მოსარგებლის ვალდებულება _ ეწარმოებინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახებოდა ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 2-4, 35-37, 109).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ... საზოგადოების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია _ საქართველოს ... საზოგადოება და მასზე გაიცა შესაბამისი ლიცენზია;
მოსარჩელის საქმიანობის მიზანია: საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით;
შპს «...» დადგენილი წესით რეგისტრირებულია თბილისის ..-... რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის ¹... დადგენილებით;
მოპასუხეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემულია ლიცენზია ¹... ლიცენზიის სახედ განსაზღვრულია ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება. ლიცენზიის სახეობად განსაზღვრულია საკაბელო სატრანზიტო ტელესამაუწყებლო ქსელით მომსახურება. ლიცენზიის საგანს წარმოადგენს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა თბილისში, ... მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მ/რ-ში და სოფელ ... ტერიტორიაზე წარდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად. ლიცენზია გაიცა 2004 წლის 16 აპრილს;
მოპასუხეზე გაცემულია ავტორიზაციის მოწმობა ¹108/1 გაცემის თარიღი: 22.05.2006წ.). აღნიშნული ავტორიზაციის მოწმობით, საქმიანობის ან/და მომსახურების სახეებად განსაზღვრულია: ა. საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა; ბ. ქსელით უზრუნველყოფა; გ. მომსახურების მიწოდება;
მოპასუხე ახორციელებს ავტორიზაციის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტს საკაბელო ქსელის მეშვეობით და იგი არ წარმოადგენს «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაუწყებელს;
მოპასუხეს რეგულირების საფასურის სახით 2007 წელს გადახდილი აქვს 328.13 ლარი;
საქართველოს ... საზოგადოების 2006 წლის 30 დეკემბრის საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილებით, ოქმი ¹..., დამტკიცდა საავტორო გასამრჯელოს მინიმალური ტარიფი (განაკვეთი) საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციებისათვის, მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით ან ტექსტის გარეშე) კაბელით საჯარო გადაცემისათვის (კაბელით ხელახალი გადაცემისათვის) სააბონენტო გადასახადიდან მიღებული შემოსავლის 5.00 პროცენტი;
«საქპატენტის» 2.06.09წ. წერილის თანახმად, «საქპატენტში» წარდგენილია მოსარჩელესა და საზღვარგარეთის 103 ქვეყნის საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ 65 ორგანიზაციას შორის ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ გაფორმებული 96 ხელშეკრულება. გარდა ამისა, «საქპატენტის» 08.07.09წ. წერილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 13 ქვეყნის 13 ორგანიზაციასთან დადებული 13 ხელშეკრულება არ ეხება მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით ან ტექსტის გარეშე) გამოყენებაზე საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე განხორციელებას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს გაფორმებული ჰქონდა საზღვარგარეთის საავტორო-სამართლებრივ ორგანიზაციებთან ინტერესების ურთიერთწარმომადგენლობისა და კოლექტიური მართვის შესახებ ხელშეკრულებები, თუმცა ისინი წარდგენილი იყო 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები კვლავ ძალაში იყო ან რომ ეს ხელშეკრულებები აძლევდნენ მას უფლებას კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების ავტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის სახელით მოეთხოვა მისი ნაწარმოების გადაცემის აკრძალვა, ისევე როგორც ჰონორარის მიღების უფლება და ა.შ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს დადებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღებული ჰქონდა ნებართვები სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან ამა თუ იმ გადაცემაზე კაბელის მეშვეობით. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეს მიღებული ჰქონდა ნებართვა სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან მათი გადაცემის რეტრანსლაციის თაობაზე. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომიჯნავე უფლებათა სუბიექტებს _ სამაუწყებლო ორგანიზაციებს თავიანთი გადაცემების კაბელით რეტრანსლაციის უფლება მინიჭებული ჰქონდათ მოპასუხისათვის. შესაბამისად, მოპასუხე ვერ იქნებოდა საავტორო უფლებათა დარღვევის სუბიექტი, მოსარჩელე კი არ ახორციელებდა მომიჯნავე უფლებათა დაცვას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით გამოიყენოს ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების სუბიექტი, რომელზეც უფლებები მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებობით და რომელიც მას წესდების საფუძველზე მიენიჭა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან.
მოსარჩელის წესდების შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მისი კონკრეტული უფლებამოსილება ნაწარმოების გადაცემის (ხელახალი გადაცემის), მისი გამოყენების აკრძალვის, ჰონორარის მოგროვების და ა.შ., აგრეთვე, საერთოდ ავტორის მიერ შესაბამისი უფლებების გადაცემის მართვის შესახებ, უნდა ყოფილიყო უშუალოდ შესაბამისი უფლების მფლობელის ნებისაგან მიღებული და აღნიშნული უნდა ყოფილიყო დარეგულირებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს არათუ დაუსაბუთა, ვერც მიუთითა თუ კონკრეტულად რა უფლებების დასაკმაყოფილებლად ითხოვდა აკრძალვოდა მოპასუხეს გარკვეული მოქმედებების განხორციელება და რაში უნდა გამოხატულიყო ეს აკრძალვა. მოსარჩელემ სასამართლოს ისიც ვერ მიუთითა, კონკრეტულად რომელი მუსიკალური ნაწარმოების აკრძალვას ითხოვდა. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან.
საქალაქო სასამართლომ ხაზი გასუვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იცავდა მომიჯნავე უფლებებს. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სარგებლობდა მომიჯნავე უფლებებით. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, არ შეეფასებინა მოპასუხის, როგორც მოსარგებლის სტატუსი, რამდენადაც მოსარჩელემ სასამართლოს თავისი უფლებამოსილება ვერ დაუდასტურა, რაც ისედაც გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65.3 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, იმისათვის, რომ მტკიცების ტვირთი გადავიდეს მოსარგებლეზე, აუცილებელია რომ ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი ამა თუ იმ ფორმით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, გახდა თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. მართალია, სადავო არ იყო, რომ მოპასუხე თავისი ქსელით ავრცელებდა თავის აბონენტებში მაუწყებლის მიერ მომზადებულ ამა თუ იმ გადაცემას, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად ეს გარემოება ვერ გახდებოდა საფუძველი მოსარჩელის გათავისუფლებისა იმის მტკიცებისაგან, თუ რომელი კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების სხვა ობიექტი გახდა საზოგადოებისათვის მოპასუხის მიერ ხელმისაწვდომი კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ ახდენდა კაბელით იმგვარ გადაცემას, რომლის დროსაც იქმნებოდა ახალი ნაწარმი/გადაცემა. საქმეში წარდგენილი ავტორიზაციის მოწმობიდან აშკარა იყო და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განხორციელებით, კერძოდ, მომსახურების მიწოდებით. თვით ტრანზიტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ განხორციელებულიყო სიგნალის გატარება და მისი უცვლელი მიტანა საბოლოო მომხმარებლამდე-აბონენტამდე. «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საქმიანობა განსაზღვრულია, როგორც ავტორიზებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიო არხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა მაუწყებელს და იგი მხოლოდ და მხოლოდ ატარებდა მაუწყებლისაგან მიღებულ სიგნალს თავისი ქსელის საშუალებით საბოლოო მომხმარებლამდე.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა მოპასუხისათვის მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის (ხელახალი გადაცემის) აკრძალვას მასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე, არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სასამართლოსათვის, რომელი კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გადაცემა განხორციელდა მოპასუხის მიერ კონკრეტულ მონაკვეთში.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მეორე მოთხოვნას მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე გამოყენების გამო მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იგი ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან საქართველოს ... საზოგადოებამ ვერ შეძლო დაედასტურებინა სასამართლოსათვის, თუ რომელ მუსიკალურ ნაწარმოებებს იყენებდა მოპასუხის ნებართვის გარეშე, მან ასევე ვერ მიუთითა მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების საფუძველი, ვერ დაადასტურა საერთოდ გადასცემდა თუ არა მოპასუხე მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომელთა გადაცემაზეც მას ესაჭიროებოდა რაიმე სახის ნებართვა. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ მას მოპასუხის მიმართ გააჩნდა აღნიშნული მოთხოვნის უფლება, ისევე როგორც უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში, რა ოდენობის თანხის მიღების უფლება გააჩნდა უფლების მფლობელს (ტომი I, ს.ფ. 443-454).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... საზოგადოებამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 458-470).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად იხელმძღვანელა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ», აგრეთვე, «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონების შესაბამისი მუხლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა (ტომი II, ს.ფ. 55-72).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... საზოგადოებამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «...სათვის» საქართველოს ... საზოგადოების მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემა) აკრძალვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის საქართველოს ... საზოგადოების მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემა) აკრძალვას.
კასატორმა მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 64-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «...» ეკისრებოდა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, მასვე ევალებოდა, ეწარმოებინა დოკუმენტაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნული ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა, რაც დასტურდებოდა მხარეებს შორის ასეთი შეთანხმების არარსებობით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ნაწარმოებთა გამოყენების თაობაზე დოკუმენტაციის წარმოების და მოთხოვნისთანავე მისი წარდგენის ტვირთი ისევ და ისევ მოსარგებლეს (შპს «...») ეკისრებოდა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. იმის გამო, რომ მოპასუხეს საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია, საქართველოს ... საზოგადოების სასარჩელო მოთხოვნა ვრცელდება ყველა გამოქვეყნებული მუსიკალური ნაწარმოების (ტექსტით ან უტექსტოდ) კაბელით ხელახალ გადაცემაზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ... საზოგადოებას უნდა მიეთითებინა ის კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებზეც მისი მოთხოვნები ვრცელდებოდა, კასატორი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საქართველოს ... საზოგადოებამ მიუთითოს სასამართლოს ის კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოებები, რისი მომავალში გამოყენების სურვილი ექნება შპს «ტვ-გლდანს». შესაბამისად, საქართველოს ... საზოგადოების მოთხოვნა შპს «...სათვის» მუსიკალური ნაწარმოებების ტექსტით ან ტექსტის გარეშე კაბელით ხელახალი გადაცემის შესახებ, მიმართულია მომავალ პერიოდზე და არა წარსულზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად მოსარგებლეს წარმოადგენს შპს «...», თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, საქმიდან ირკვევა, რომ შპს «...» ახორციელებს მაუწყებლობის ტელეპროგრამების ტრანზიტს _ კაბელით ხელახალ გადაცემას ისე, რომ მას არა აქვს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმება კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან, საქართველოს ... საზოგადოებასთან. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები, რაც ნიშნავს რომ შპს «...ს» სახით სახეზეა საავტორო უფლებების დამრღვევი. «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. სწორედ, აღნიშნული დარღვევის აღსაკვეთად მიმართა საქართველოს ... საზოგადოებამ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 77-84).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... საზოგადოების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენს შპს «...სათვის» შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემა) აკრძალვის შესახებ მოსარჩელის (საქართველოს ... საზოგადოება) მოთხოვნის მართლზომიერების დადგენა. სარჩელი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემის გამო (კაბელით ხელახალი გადაცემა) მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილებულა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა, საქართველოს ... საზოგადოებას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
საქმეზე დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ შპს «...» ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს საკაბელო ქსელის მეშვეობით ანუ ახდენს მომსახურების მიწოდებას კაბელით. მას ნებართვები მიღებული აქვს სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან. მოწინააღმდეგე მხარე კი ... ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციაა, რომელსაც «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 64-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცეს ლიცენზია.
განსახილველ საქმეზე ერთ-ერთი სადავო საკითხია, არის თუ არა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის დაცვის ობიექტი მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი.
მსგავს დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო კანონიერ დასაბუთებას, რაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში უთითებს 2010 წლის 15 ივნისის ¹... და 2010 წლის 6 სექტემბრის ¹ ... განჩინებებზე, რომლითაც მსგავს დავაზე დასაბუთდა, რომ მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენს «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს, კერძოდ:
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც სხვა Uუფლებებთან ერთად მოიაზრებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას, პირველი ან\და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემას სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამავე კანონის მე-4 მუხლის «ი1» და «ჟ» ქვეპუნქტები განმარტავენ «კაბელით ხელახალი გადაცემისა» და «საჯარო გადაცემის» ტერმინებს. «საჯარო გადაცემა» გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე, მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ხოლო «კაბელით ხელახალი გადაცემა» განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში კაბელით გადაცემა არ გულისხმობს ცალკე დამოუკიდებელი პროგრამის შექმნას მომზადებას და გადაცემას, არამედ იგი გულისხმობს უკვე მომზადებული და ეთერში მიმდინარე პროგრამის შეუწყვეტლად, შეუკვეცავად დაEერთდროულად გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კაბელით გადაცემაში იგულისხმება არა როგორც ცალკე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელევიზიის გადაცემებში ჩართული გადაცემა, არამედ ტელე-რადიო გადაცემების ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე მაყურებლისათვი მიწოდება გადაცემის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა გადაცემები სადენით, საჰაერო (სატელიტური კავშირის) გზით. ბუნებრივია, სატელიტური კავშირით ან კაბელით ტელე თუ რადიო პროგრამების გადაცემისას იზრდება საჯარო გადაცემის არეალი, გადაცემები მიეწოდება უფრო მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი მომხმარებლისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით გადაცემაც წარმოადგენს ზემომითითებული კანონის მე-18 მუხლით დაცულ უფლებას და იგი საჭიროებს ავტორის თანხმობას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს «...» ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეუცვლელად ახორციელებს მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, რაც არ გამორიცხავს ნაწარმოებების გამოყენების ფაქტს, რომლის დაცვის უფლება გააჩნია მოსარჩელეს, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენს «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს.
სადავო საკითხის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია. იგი ... უფლებების დაცვის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ნაწარმოებების საჯარო გადაცემას და არა ნაწარმოების გავრცელების საშუალებასა და ხერხებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს კონვენციის მე-11ბის(1)(იი) მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენებით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. მითითებული ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით, ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე. აღნიშნული ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, საჯარო გადაცემაზე, როგორც დაცვის აუცილებელ ელემენტზე, მეორე მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებებზე, ასევე, იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას.
ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას სრულად შეესაბამება «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს კაბელით გადაცემა. ამ შემთხვევაში სიგნალის ტრანზიტი კაბელის მეშვეობით, რომლითაც ფაქტობრივად ხდება ნაწარმოების გადაცემა (მიწოდება ტელემაყურებლამდე), მიუთითებს ამ ნაწარმოების გამოყენების თავისებურ სახეზე, რაც დაცულია «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით. ასეთი სახით ნაწარმოების გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის «ი1» და «ჟ» ქვეპუნქტები განმარტავენ «კაბელით ხელახალი გადაცემისა» და «საჯარო გადაცემის» ტერმინებს. «კაბელით ხელახალი გადაცემა» განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. «საჯარო გადაცემა» გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე, მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
შემდგომი საკითხი, რომელიც მოცემულ საქმეზე ასევე სადავოა, მდგომარეობს შემდეგში: შპს «ბ-გს» უნდა აეკრძალოს თუ არა სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების საკითხი წყდება იმგვარად, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს მის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელები და დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი. მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტული საავტორო უფლებების ერთობლიობა, რომლებიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
პრეზუმფცია ასევე მოცემულია 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ამ ნორმის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში, ხოლო თუ ესა თუ ის ნაწარმოები არ შედის აღნიშნულ რეპერტუარში, ამის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე _ მოსარგებლე ვერ ადასტურებს, არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გამორიცხოს მოსარჩელის უფლება მის რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების დაცვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: საქართველოს ... საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდეს, შპს «...» აეკრძალოს საქართველოს ... საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა საქართველოს ... საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი საქართველოს ... საზოგადოება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით. ამასთან, საქართველოს ... საზოგადოების სარჩელი ლიცენზიის გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს «...» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტის მიხედვით შეადგენს 550 (100+150+300) ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ... საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ... საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდეს: შპს «...» აეკრძალოს საქართველოს ... საზოგადოების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა) საქართველოს ... საოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
4. შპს «...» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.