Facebook Twitter

¹ას-103-101-2011 25 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ «...» (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ მ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სახელფასო თანხის დაკისრება, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ «...»-ის მიმართ 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით წარმოქმნილი დავალიანების გადაცემის დაყოვნებისათვის 4519.40 ლარის, მათ შორის შრომის ანაზღაურების _ 2145 ლარისა და 2007 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 1 ივლისამდე თანხის გადაცემის დაყოვნებისათვის 2374.40 ლარის, 2010 წლის 1 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0.07 %-ის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ «...»-ს ა.დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის ანაზღაურების (ხელფასის) თანხის _ 2145 ლარისა და 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 2007 წლის 1 აგვისტოდან შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის _ 2374.40 ლარის გადახდა, მოპასუხეს ასევე დაეკისრა შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 2010 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შრომის ანაზღაურების თანხის 0.07%-ის ყოველდღიურად გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «...»-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ «...»-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «...»-ის წარმომადგენელმა მ. გ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით სსიპ «...»-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 4 (ოთხი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 14 თებერვალს. ამავე წლის 21 თებერვალს კასატორმა განცხადებით მიმართა საფოსტო განყოფილებას და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «...»-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინით სსიპ «...»-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 4 (ოთხი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 14 თებერვალს (იხ. ს.ფ.188).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. კანონის აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სსიპ «...»-ის კანცელარიისათვის ჩაბარება ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 15 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 18 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ კასატორმა ნაცვლად 2011 წლის 18 თებერვლისა, საფოსტო განყოფილებას მიმართა 2011 წლის 21 თებერვალს, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ.189). აღნიშნული გარემოება კი მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელს (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ამდენად, სსიპ «...»-ს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 16 თებერვალს კასატორის მიერ საგადასახადო დავალება ¹176-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ «...»-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

სსიპ «...»-ს დაუბრუნდეს 2011 წლის 16 თებერვალს კასატორის მიერ საგადასახადო დავალება ¹176-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.