ას-1031-966-2010 1 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლ. ს-ძე
კასატორები _ ნ. ა-ანი, ე. კ-ია (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ა. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. წ-ძე, ზ. ბ-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ჯ. მ-შვილი
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ რწმუნებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 30 მაისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა მოპასუხეების: ნოტარიუს ქ. ძ-შვილს, ნ. ვ-ძის (შემდგომში ნ. ა-ანის), ე. კ-იას, მესამე პირების _ ნოტარიუს მ. ე-ძა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს: ა. ნოტარიუს ქ. ძ-შვილს მიერ 2007 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული სანოტარო აქტის (რეგისტრაციის ¹...) _ ა. წ-ძის მიერ ნ. ა-ანის სახელზე გაცემული მინდობილობის 2007 წლის 2 ნოემბრიდან გაუქმებულად გამოცხადება; ბ. ამ მინდობილობის საფუძველზე 2007 წლის 5 ნოემბერს ნინო ა-ანსა და ე. კ-იას შორის დადებული ნოტარიუს მ. ე-ძე მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება; გ. ე. კ-იას სახელზე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, ასევე დ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე ა. წ-ძის საკუთრების უფლების აღდგენა შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 19 მაისს ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა დადეს გარიგება, რომლის თანახმად ა. წ-ძემ ზ. ბ-შვილს მიჰყიდა ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 10 000კვ.მ მიწის ნაკვეთი და ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლი, ზ. ბ-შვილმა გადაიხადა შეძენილი ქონების საფასური _ 7 800 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა სალაროს შემოსავლის ორდერით, აგრეთვე, ა. წ-ძის 2007 წლის 2 ნოემბრის ხელწერილით. თანხის მიღების შემდეგ ა. წ-ძემ ნ. ა-ანის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს უფლება მიანიჭა, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... ა. წ-ძის მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად გაესხვისებინა მყიდველზე _ ზ. ბ-შვილის სახელზე. ნ. ა-ანი ზ. ბ-შვილთან ცხოვრობდა, როგორც მეუღლე, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ ა. წ-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი იყიდა ზ. ბ-შვილმა, რომელიც მის საკუთრებაში უნდა აღრიცხულიყო. ნ. ა-ანის სახელზე ა. წ-ძემ მინდობილობა იმიტომ გასცა, რომ იგი ოზურგეთელი იყო და საქმის მოგვარებას თავს უფრო მარტივად გაართმევდა. აღნიშნული რწმუნებულება შეადგინა ნოტარიუსმა ქ. ძ-შვილმა 2007 წლის 6 სექტემბერს. მინდობილობის გაცემიდან მოკლე ხანში ნ. ა-ანსა და ზ. ბ-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გაირკვა, რომ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, ცნობილი გახდა ისიც, რომ ნ. ა-ანს მინდობილობა შეიძლებოდა არადანიშნულებისამებრ გამოეყენებინა და ქონება სხვის სახელზე გადაეფორმებინა. შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ა. წ-ძემ 2007 წლის 2 ნოემბერს მიმართა ნოტარიუს ქ. ძ-შვილს. ნოტარიუსმა მინდობილობის გაუქმებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ამისათვის აუცილებელი იყო უკვე გაცემული მინდობილობის მასთან დაბრუნება. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იმავე დღეს ნოტარიუსმა ზ. ბ-შვილის სახელზე სოფელ ... არსებულ ქონებაზე შეადგინა მინდობილობა, თუმცა მასში გასხვისების უფლების შესახებ არ მიუთითა. ამით ნოტარიუსმა შეგნებულად, კანონდარღვევით ხელი შეუშალა ზ. ბ-შვილს ნაყიდი ქონების გაფორმებაში. გარდა ამისა, არამართლზომიერად იმოქმედა ნინო ა-ანმაც. მან მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კერძოდ, ა. წ-ძის კუთვნილი ქონება თითქოსდა 3 500 აშშ დოლარად (სინამდვილეში უსასყიდლოდ) მიჰყიდა თავის ქალიშვილ ე. კ-იას. ნ. ა-ანისა და მისი ქალიშვილისათვის ცნობილი იყო, რომ გასხვისებული ქონება ა. წ-ძისაგან შესყიდული ჰქონდა ზ. ბ-შვილს 7 800 აშშ დოლარად. ეს თანხა ზ. ბ-შვილმა ბანკიდან გამოიტანა სესხის სახით, რომლის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ნ. ა-ანის ქონება. ნ. ა-ანსა და ე. კ-იას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის 5 ნოემბერს, რომელიც დაამოწმა ოზურგეთის ნოტარიუსმა მ. ე-ძემ. აღნიშნულის შედეგად ე. კ-ია გახდა ა. წ-ძის ქონების მესაკუთრე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ არსებობდა 2007 წლის 5 ნოემბერს ნ. ა-ანსა და ე. კ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ისინი მიუთითებდნენ სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე (ტომი I, ს.ფ. 1-14).
მოპასუხე ნ. ა-ანმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ 2007 წლის 6 სექტემბერს ა. წ-ძემ მის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც უფლება მიანიჭა, თავის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი გაესხვისებინა. რწმუნებულება გააფორმა ნოტარიუსმა ქ. ძ-შვილმა ქ. თბილისში. ნ. ა-ანმა რწმუნებულებით დაკისრებული ვალდებულება სისრულეში მოიყვანა და მარწმუნებელ ა. წ-ძის საკუთრებაში არსებული ქონება მიჰყიდა ე. კ-იას. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის გაუგებარია, რატომ უნდა მიჩნეულიყო ბათილად მას და ე. კ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნ. ა-ანმა არ გაიზიარა მოსარჩელეების მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მას და ა. წ-ძეს შორის დადებული მინდობილობა გაუქმებული იყო. მინდობილობა ამ დროისთვისაც მოქმედებდა, ხოლო მის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება ნ. ა-ანს შესრულებული ჰქონდა. მოპასუხის აზრით, თუკი ნოტარიუსმა მოსარჩელეების რაიმე უფლება დაარღვია, ისინი უფლებამოსილი იყვნენ, მოეთხოვათ მისგან ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ა. წ-ძის მხრიდან წინააღმდეგობა არ არსებობდა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო დადებული.
მოპასუხე ე. კ-იამ მიუთითა, რომ 2007 წლის 5 ნოემბერს მან შეიძინა ა. წ-ძის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. 2007 წლის 6 სექტემბრის რწმუნებულების მიხედვით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გასხვისების უფლება გააჩნდა ნ. ა-ანს. მოსარჩელეთა მოთხოვნა დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იყო უსაფუძვლო, რამდენადაც მესაკუთრე ა. წ-ძეს სახლის გასხვისების მომენტში რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია და არც ის მინდობილობა გაუუქმებია, რომლითაც ნ. ა-ანი უფლებამოსილი იყო, ქონება გაეყიდა. თავად ე. კ-ია წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს და მისი უფლებები დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით. კანონით ამ უკანასკნელის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, ვალდებულებას წარმოადგენდა მხოლოდ იმის გარკვევა, იყო თუ არა ა. წ-ძე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირებული. ამას კი მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ-შვილმა და ა. წ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით ზ. ბ-შვილისა და ა. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება. ა. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 6 სექტემბრის მინდობილობა დადებული ა. წ-ძესა და ნ. ა-ანს შორის; ბათილად იქნა ცნობილი ა. წ-ძის მინდობილ მესაკუთრეს ნინო ა-ანსა და ე. კ-იას შორის 2007 წლის 5 ნოემბერს დადებული ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების, სარეგისტრაციო ნომრით ..., ე. კ-იას საკუთრების შესახებ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (სარეგისტრაციო ნომერი ...) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. წ-ძე. ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ. ბ-შვილი და ნ. ა-ანი 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში და, როგორც მეუღლეებმა, გადაწყვიტეს ოზურგეთის რაიონის სოფ. ... საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების შეძენა. 2006 წლის მაისს, ა.წ-ძეს, ზ. ბ-შვილსა და ნ. ა-ანს შორის შედგა გარიგება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ გარიგების პირობებზე, მათ შორის – ფასზე. ზ. ბ-შვილმა და ნ. ა-ანმა ა.წ-ძეს ბეს სახით გადასცეს 1000 აშშ დოლარი და მიუთითეს, რომ ეს იყო ნ. ა-ანის დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ა.წ-ძისათვის დანარჩენი თანხის გადახდის მიზნით, ბანკიდან სესხი ზ. ბ-შვილმა გამოიტანა. სესხის გარანტად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ა-ანის კუთვნილი ბინა ქ.თბილისში. 2006 წლის 19 მაისს ზ. ბ-შვილმა ა.წ-ძეს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 7800 აშშ დოლარი. უძრავი ქონების ნასყიდობის სანოტარო წესით გაფორმების მიზნით, 2007 წლის 6 სექტემბერს ა.წ-ძემ მინდობილობა გასცა ნ. ა-ანის სახელზე, რომლითაც მიანიჭა ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მისი კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება. იმავე წლის 2 ნოემბერს ა.წ-ძემ ზ.ბ-შვილის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ზ.ბ-შვილს მიანიჭა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარების უფლება. 2007 წლის 5 ნოემბერს ნ. ა-ანმა, როგორც ა. წ-ძის მინდობილმა პირმა, თავის ქალიშვილთან, ე. კ-იასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მას მიჰყიდა სადავო ბინა 3500 აშშ დოლარად. 2007 წლის 6 სექტემბრის მინდობილობის შედგენის დროისათვის ა.წ-ძეს მის მიერ გასხვისებული ქონების საზღაური მთლიანად მიღებული ჰქონდა და მხარეთა შორის ზეპირი ფორმით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ 2007 წლის 6 სექტემბერს ა.წ-ძესა და ნ. ა-ანს შორის, სინამდვილეში, დავალების ხელშეკრულება არ დადებულა. ამ ხელშეკრულებით მხარეებმა დაფარეს, ერთი მხრივ, ა.წ-ძესა და, მეორე მხრივ, ნ.ა-ანსა და ზ.ბ-შვილს შორის დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დაფარვის მიზანი იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და შემდგომში სარეგისტრაციო წარმოების გაადვილება – მხარეებს მიაჩნდათ, რომ გარიგების დადებისა და რეგისტრაცისათვის აუცილებელი იყო ა.წ-ძის გამგზავრება ქ.ოზურგეთში და, სწორედ, ამის თავიდან ასაცილებლად, მათ გააფორმეს მინდობილობა. აქედან გამომდინარე, მიიჩნია, რომ 2007 წლის 6 სექტემბრის დავალების ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად, სხვა გარიგების, ნასყიდობის დასაფარავად.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ 2007 წლის 6 სექტემბრის დავალების ხელშეკრულება და, შესაბამისად, მინდობილობა ბათილია, ხოლო მხარეთა შორის რეალურად დადებული გარიგების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ნასყიდობის ხელშეკრულების წესები. ასევე პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 183-ე მუხლი და აღნიშნა, რომ, მართალია, ხელშეკრულება დაიდო წერილობით, მაგრამ მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან უძრავი ქონების საკუთრების გადაცემაზე და შემდგომში არ მომხდარა ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობაზე არ შეთანხმებულან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ამიტომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას და ბათილია.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ. ა-ანი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა ბათილი გარიგების საფუძველზე შეძენილი ქონება და, აქედან გამომდინარე, ბათილია ა. წ-ძის მინდობილ მესაკუთრე ნ. ა-ანსა და ე. კ-იას შორის 2007 წლის 5 ნოემბერს დადებული ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაც. ასევე პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და აღნიშნა, რომ შემძენს, ანუ ე. კ-იას, არ იცავს რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია, იმიტომ, რომ მან ნივთი შეიძინა არა უშუალოდ რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრისაგან, არამედ – მისი მინდობილი პირისაგან და, ასეც რომ არ იყოს, შემძენი და ნ.ა-ანი არიან დედა-შვილი და შემძენს უთუოდ ეცოდინებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება არ გააჩნია ზ. ბ-შვილს, ვინაიდან, მართალია, ის მონაწილეობდა სადავო სამართალურთიერთობაში, მაგრამ გარიგების ბათილობის გამო, ნივთზე უფლებები არ წარმოშობია, შესაბამისად, სადავო გარიგებებით ზ. ბ-შვილის უფლებები არ დარღვეულა, ხოლო ა. წ-ძესთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ მას მოთხოვნის უფლება გააჩნია, ვინაიდან, ქონება მისი საკუთრებიდან გავიდა ბათილი გარიგების საფუძველზე და იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ქონების კვლავ თავის საკუთრებად აღრიცხვა.
საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ანმა და ე. კ-იამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შეიძლება 2007 წლის 6 სექტემბერს ა. წ-ძესა და ნ. ა-ანს შორის დადებული მინდობილობა ბათილად იქნეს ცნობილი. ა. წ-ძეს არავითარი სურვილი, ნება არ გამოუხატავს თავის დროზე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მინდობილი მესაკუთრე ვალდებულებას შეასრულებდა. არ არსებობს ნ. ა-ანსა და ე. კ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. 2007 წლის 6 სექტემბერს დადებული მინდობილობის საფუძველზე ნ. ა-ანმა განახორციელა მისთვის დაკისრებული ვალდებულება კეთილსინდისიერად და გაასხვისა ა. წ-ძის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის რაიონში მდებარე უძრავი ნივთი. რაზედაც ა. წ-ძეს არ გააჩნდა არავითარი პრეტენზია ნ. ა-ანის მიმართ, რაც მან კიდევ დაადასტურა ხელწერილით მის საკუთრებაში არსებული ნივთის გასხვისების შემდგომ. სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის იგნორირებით სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო როგორც მინდობილობა, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებაც და უძრავი ნივთი კვლავ ა. წ-ძის საკუთრებაში დააბრუნა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად, თუ გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედაა რეგისტრირებული. ამ ნორმიდან გამომდინარე, ე. კ-ია კეთილსინდისიერი შემძენია. ამასთან უფლებამოსილების განხორციელების დროს მინდობილობა ა. წ-ძესა და ნ. ა-ანს შორის მოქმედებდა და იგი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, არც მესაკუთრეს და არც თანამოსარჩელე ზ. ბ-შვილს.
უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ა. წ-ძემ და ზ. ბ-შვილმა დადეს ხელშეკრულება ზეპირსიტყვიერად უძრავ ნივთზე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია მხარეთა შეთანხმება წერილობით და შემძენზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც არ მომხდარა მოსარჩელეთა შორის. მოსარჩელე ა. წ-ძე შეუთანხმდა ნ. ა-ანს ნივთის გასხვისების თაობაზე მინდობილობით და ამ უკანასკნელმა კი, მინდობილობის შესაბამისად გაასხვისა ნივთი, რაზეც ა. წ-ძეს პრეტენზია არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი. ამასთან, უსაფუძვლოა საჯარო რეესტრში ჩანაწერების გაუქმებისა და მესაკუთრედ ა. წ-ძის რეგისტრაციაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ. ა-ანისა და ე. კ-იას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
დამტკიცდეს მორიგება ზ. ბ-შვილსა და ნ. ა-ანს შორის შემდეგი პირობებით:
ზ. ბ-შვილი ნ. ა-ანს 2011 წლის 1 ივლისამდე გადაუხდის 6 600 აშშ დოლარს ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით:
1. 1 აპრილამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 მაისამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 ივნისამდე - 2600 აშშ დოლარს, 1 ივლისამდე კი - 2000 აშშ დოლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია მოხდეს ვადაზე ადრეც;
2. თანხის სრულად დაფარვიდან სამი თვის ვადაში ნ. ა-ანი ვალდებულია უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული ფართი;
3. თანხის სრულად დაფარვამდე ნ. ა-ანი ფლობს და სარგებლობს დაკავებული ფართით. ამასთან, ვალდებულებას კისრულობს გაუფრთხილდეს დაკავებულ უძრავ ქონებას, არ დააზიანოს და არ გაასხვისოს იგი მხარესთან შეთანხმების გარეშე;
4. ქონების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები ან მათი წარმომადგენლები. ეს აქტი მორიგების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;
5. ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეები ამ ნივთზე კარგავენ დავის უფლებას. ნივთი რჩება ე. კ-იას საკუთრებაში;
6. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში საქმე დაუყონებლივ გადაეცემა აღსასრულებლად შესაბამის დაწესებულებას;
7. ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე.კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-იას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 8 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 343.36 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება ზ. ბ-შვილსა და ნ. ა-ანს შორის შემდეგი პირობებით:
ზ. ბ-შვილი ნ. ა-ანს 2011 წლის 1 ივლისამდე გადაუხდის 6 600 აშშ დოლარს ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით:
1. 1 აპრილამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 მაისამდე - 1000 აშშ დოლარს, 1 ივნისამდე - 2600 აშშ დოლარს, 1 ივლისამდე კი - 2000 აშშ დოლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია მოხდეს ვადაზე ადრეც;
2. თანხის სრულად დაფარვიდან სამი თვის ვადაში ნ. ა-ანი ვალდებულია უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული ფართი;
3. თანხის სრულად დაფარვამდე ნ. ა-ანი ფლობს და სარგებლობს დაკავებული ფართით. ამასთან, ვალდებულებას კისრულობს გაუფრთხილდეს დაკავებულ უძრავ ქონებას, არ დააზიანოს და არ გაასხვისოს იგი მხარესთან შეთანხმების გარეშე;
4. ქონების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები ან მათი წარმომადგენლები. ეს აქტი მორიგების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;
5. ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეები ამ ნივთზე კარგავენ დავის უფლებას. ნივთი რჩება ე. კ-იას საკუთრებაში;
6. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში საქმე დაუყონებლივ გადაეცემა აღსასრულებლად შესაბამის დაწესებულებას;
7. ბ-შვილის მიერ თანხის გადახდისთანავე ე.კ-იას სახელზე რიცხული ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხოს ზ. ბ-შვილის სახელზე.
შეწყდეს საქმის წარმოება ა. წ-ძისა და ზ. ბ-შვილის სარჩელის გამო ნ. ა-ანისა და ე. კ-იას მიმართ რწმუნებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ე. კ-იას დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 8 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 343.36 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.