¹ ას-1037-972-2010 13 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «თ. ც.» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი., ზ. და ბ. მ-შვილები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი., ზ. და ბ. მ-შვილებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს «თ. ც.-ს» მიმართ კომპენსაციის სახით 11000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები არიან ლტოლვილები. ისინი განსახლებული იყვნენ სასტუმრო «მ.-ს» ტერიტორიაზე, საიდანაც გამოსახლდნენ მოპასუხისაგან გარკვეული ფულადი კომპენსაციის მიღების დაპირების სანაცვლოდ, თუმცა სს «თ. ც.-მ» ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სს «თ. ც.-მ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: თბილისის რკინიგზის ვაგზლის შენობაში არსებული სასტუმრო «მ.» წარმოადგენდა დევნილთა ორგანიზებული სექტორის კომპაქტური განსახლების ზონას, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით. მოსარჩელეებს მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი.
2006 წლის 15 მაისს შპს «საქართველოს რკინიგზასა» და სს «თ.ს ც.-ს» შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარე შპს «საქართველოს რკინიგზამ» მოიჯარეს სს «თ. ც.-ს» გრძელვადიანი იჯარის ფორმით გადასცა ქ.თბილისში, ... ¹2-ში მდებარე ცენტრალური ვაგზლის შენობის ძირითადი ნაწილი და ბორჯომის ვაგზლის შენობა მთლიანად.
2006 წლის 15 მაისს შპს «საქართველოს რკინიგზასა» და სს «თ.ს ც.-ს» შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება.
ქ.თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ¹2-ში მდებარე სასტუმრო «მ.-ში», მეხუთე სართულზე არსებული 43,06 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენდა 11 000 აშშ დოლარს.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 15 მარტის ¹01/01-17/1914 წერილის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2006 წლის 7 აგვისტოს და 3 ნოემბრის ცნობების, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 22 მაისის ¹06/01-35/6/3 ცნობის, მოწმის სახით დაკითხული ვ. ფ-იას, ხ. გ-იასა და ე. შ-შვილის ჩვენებების თანახმად, ი., ბ. და ზ. მ-შვილები სს «თ. ც.-ს» მიერ სასტუმრო «მ.-ს» შესყიდვამდე ცხოვრობდნენ თბილისის რკინიგზის ვაგზლის შენობაში არსებულ დევნილთა ორგანიზებული სექტორის კომპაქტური განსახლების ზონაში – სასტუმრო «მ.-ში».
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად არ ფლობდა სადავო ფართს და მ-შვილებმა იგი 9 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუთმეს ქ. კ-იას.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 349-ე მუხლით და ჩათვალა, რომ 2006 წლის 15 მაისს შპს «საქართველოს რკინიგზასა» და სს «თ. ც.-ს» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეების – იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე აიღო ვალდებულება, დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, გაეცა კომპენსაცია. ამდენად, პირველი ინსტაცნიის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად მართებულად გამოიყენა «იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «თ. ც.-მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სადავო ფართის ღირებულების დასადგენად ექსპერტიზის დასკვნა დანიშნა საპროცესო ნორმების დარღვევით.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეებმა სადავო ფართის ფლობის უფლება დაუთმეს ქ.კ-იას 9000 აშშ დოლარის სანაცვლოდ და უკანონოდ დარჩნენ აღრიცხული იმავე ადგილას. კასატორმა ქ.კ-იას აღნიშნული ფართის ფლობის მიტოვების სანაცვლოდ 9000 აშშ დოლარი გადაუხადა, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სს «თ. ც.-ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «თ. ც.-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილს, 317-ე მუხლის პირველ ნაწილს, 319-ე მუხლის პირველ ნაწილს, 349-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «თ. ც.-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 973,83 ლარის 70% _ 681,68 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «თ. ც.-ს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ სს «თ. ც.-ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 681,68 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.