ას-1041-1309-09 14 მაისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ჟ. ა-ოვა, ვ. ბ-იანი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-იანი (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ვ. ბ-იანმა და ვ. ვ-ევმა მოპასუხე ა. მ-იანის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ.თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით აღრიცხულია სამ მესაკუთრეზე - ვ. ბ-იანის, ვ. ვ-ევისა და ა. მ-იანის სახელზე.
2004 წლის 15 თებერვალს ა. მ-იანის სხვენში გაჩნდა ხანძარი, აგრეთვე, მოსარჩელეების ბინებში დაიწვა სახლის ჭერი და სახურავი, რომელიც ყველა მესაკუთრისათვის საერთოა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ, ვინაიდან ხანძარი გაჩნდა მოპასუხის სხვენის ნაწილში მის მიერ ელექტრომეურნეობის დამონტაჟების წესების დარღვევის გამო, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხე არ იყო წინააღმდეგი, შეეკეთებინა ჭერი, სახურავი და კედლები, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მოპასუხეს ვ. ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისროს 9140 ლარის, ხოლო რ. ა-ოვის სასარგებლოდ _ 10 110 ლარის გადახდა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის განჩინებით, ვ. ბ-იანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და , სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 14/26 საცხოვრებელ ფართს, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება ა. მ-იანის სახელზე.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 სექტებრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განჩინებით განახლდა შეჩერებული საქმის წარმოება.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ბ-იანისა და ვ. ვ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. მ-იანს დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება ვ. ბ-იანის სასარგებლოდ 9140 ლარის, ხოლო ვ. ვ-ევის სასარგებლოდ 10110 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ჟ.ა-ოვა ცნობილ იქნა ვ.ვ-ევის უფლებამონაცვლედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-იანისა და ჟ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ბ-იანის მოთხოვნა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარი ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... ქ. ¹2-ში მდებარე 14/26 საცხოვრებელ ფართს, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება ა. მ-იანის სახელზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ. ბ-იანმა და ჟ. ა-ოვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-იანისა და ჟ. ა-ოვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჟ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ვ. ბ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. მ-იანს ვ. ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 4955 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წლის 23 მარტის მდგომარეობით თბილისში, ... ქ.¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო ვ. ბ-იანის, ვ. ვ-ევისა და ა. მ-იანის საერთო საკუთრების უფლებით.
2004 წლის 15 თებერვალს ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა ხანძარი და დაიწვა საერთო საკუთრებაში არსებული სახლის ჭერი და სახურავი. ხანძრის გაჩენის მიზეზია ელექტროსადენების გადატვირთვა და ელექტრომეურნეობის დამონტაჟების წესების დარღვევა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ხანძრის შედეგად რ. ა-ოვისათვის მიყენებული ზიანი განსაზღვრულია 10110 ლარით, ხოლო ვ. ბ-იანისათვის - 9140 ლარით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ჟ. ა-ოვი, ვ. ვ-ევისაგან შეძენილი ბინის მესაკუთრედ აღირიცხა 2005 წლის დეკემბერს, თუმცა აღნიშნულ ბინას ოჯახთან ერთად ფლობდა ხანძრის გაჩენის დროსაც.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჟ. ა-ოვამ და ვ. ბ-იანმა. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ ჟ.ა-ოვას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ თითქოსდა ის არ იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა უძრავი ნივთის დაზიანებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ფაქტობრივად პალატამ უარყო მოცემულ საქმეზე დადგენილი უფლებამონაცვლეობა, კერძოდ, საქმეში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ჟ.ა-ოვა ცნობილ იქნა ვ.ვ-ევის უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ უდავია და არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, განჩინება უფლებამონაცვლედ ჟ.ა-ოვის ჩაბმის თაობაზე შევიდა კანონიერ ძალაში და სააპელაციო პალატას არ ჰქონდა არავითარი კანონიერი საფუძველი ეს განჩინება გაეხადა საეჭვოდ და მასში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებში შეეტანა რაიმე ცვლილება. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ თითქოსდა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ხანძრის შედეგად ა-ოვის საყოფაცხოვრებო და სხვა მოძრავი ნივთების დაზიანების ფაქტი, რაც არ არის სწორი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომლის საწინააღმდეგო არგუმენტები არ წარმოუდგენია მოწინააღმდეგე მხარეს, დადგენილია, რომ ხანძრის შედეგად ა-ოვას მაშინ მფლობელობაში, ხოლო დღეისათვის საკუთრებაში არსებულ ბინაში დაზიანდა როგორც საცხოვრებელი ფართი, სახურავი, ბინის სხვა ნაწილი, ასევე ამავე ბინაში არსებული კასატორის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლის ჩამონათვალიც თან ერთვის აუდიტორულ დასკვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ვ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჟ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჟ. ა-ოვას უარი ეთქვა დამწვარი ჭერისა და ჩამოღვრილი წყლით დაზიანებული კედლების ანაზღაურებაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების (ხანძრის შესახებ აქტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ ოქმის, სპეციალისტის დასკვნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების) ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 15 თებერვალს, ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი გამოწვეულია ა. მ-იანის სახლის ელმეურნეობის სადენების გადატვირთვისას, მათი არასწორი დამონტაჟებითა და ექსპლუატაციით, რის შედეგადაც, მეზობლების ბინებში დაიწვა ჭერი და, დაღვრილი წყლის გამო, დაზიანდა კედლები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ა. მ-იანისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ბ-იანის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ჟ. ა-ოვას სარჩელის დაკმაყოფილებას უნდა ეთქვას უარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ა-ოვას სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან ხანძრის გაჩენის დროს ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელიც ამჟამად აღრიცხულია ჟ. ა-ოვას სახელზე, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ვ. ვ-ევის სახელზე, ხოლო ჟ. ა-ოვას სახელზე აღირიცხა 2005 წელს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ა-ოვა არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს იმ უძრავი ნივთის დაზიანებისათვის ანაზღაურება, რომლის მესაკუთრეც იგი არ იყო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, კერძოდ, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ჟ. ა-ოვას პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლის თანახმად მოსარჩელე ვ. ვ-ევის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჟ. ა-ოვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად ჟ. ა-ოვა ხანძრის გაჩენის დროს ფლობდა ხანძრის შედეგად დაზიანებულ ფართს, რომელიც ვ. ვ-ევისაგან შეისყიდა 2005 წლის დეკემბერში.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეობას საფუძვლად უდევს სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასსვლა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ არსებობს მატერიალურ სამართალში უფლებამონაცვლეობის გარეშე. ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს გასაჩივრების ობიექტს, დადგენილია, რომ ვ. ვ-ევის უფლებამონაცვლეა ჟ. ა-ოვა, რაც ნიშნავს ვ. ვ-ევისა და ა. მ-იანის შორის წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობას, ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ა-ოვას, როგორც ბინის მფლობელის, საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანების ფაქტი არ დასტურდება.
ასევე ვ. ბ-იანის მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა იატაკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანების ფაქტს, არ იქნა გაზიარებული. ამასთან ერთად ვასიკ ბ-იანის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემთხვევის (ხანძრის) ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება ხანძრის შედეგად მხოლოდ ჭერის, ასევე, დაღვრილი წყლის გამო, კედლების დაზიანების ფაქტი, ხოლო იატაკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 15 თებერვლის ოქმით დასტურდება, რომ ამავე დღეს ხანძრის შედეგად დაიწვა ჭერი და დაზიანდა კედლები დაღვრილი წლის გამო. აღნიშნული ოქმით არ დგინდება სხვა ნივთების დაზიანების ფაქტი. ამდენად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიერ მითითებული აუდიტორული დასკვნით დასტურდება, სხვა დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი და მათი შეფასება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ ნივთების დაზიანების ფაქტი, რაც დასტურდება ხანძრის ჩაქრობის დღეს შედგენილ შემთხვევის (ხანძრის) ადგილის დათვალიერების ოქმით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჟ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ჟ. ა-ოვას უარი ეთქვა დამწვარი ჭერისა და ჩამოღვრილი წლით დაზიანებული კედლების ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ჟ. ა-ოვასათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობა, მისი ოდენობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ჟ. ა-ოვასა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჟ. ა-ოვას უარი ეთქვა დამწვარი ჭერისა და ჩამოღვრილი წყლით დაზიანებული კედლების ნაწილში ზიანის ანაზღაურებაზე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.