Facebook Twitter

¹ას-1042-976-10 12 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «მ.» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «მ.-ს», სს ,მ.-სა» და გ. გ-ძის მიმართ სესხის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის დავალიანების _ 120340 ლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება, ხოლო დავალიანების დაფარვის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე სს «მ.-ს» კუთვნილი 1950 კვ.მ იპოთეკით დატვირთული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის, ასევე შპს «მ.-ს» კუთვნილი, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონების რეალიზაცია.

მოპასუხე შპს «მ.-ს» დირექტორმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ასევე ნაწილობრივ ცნო სარჩელი სს «მ.-მ».

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «მ.-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 28 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება, დარიცხული პროცენტი და ჯარიმა, სულ _ 35640.13 ლარი, ხოლო მოპასუხე გ.გ-ძესთან ერთად 2006 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, დაეკისრა დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის, სულ _ 79468.76 ლარის გადახდა, დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად სარეალიზაციოდ მიექცა სს «მ.-ს» კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონება და შპს «მ.-ს» ქონება ბიზნესის ძირითადი საშუალებები გირავნობის ხელშეკრულების დანართში მითითებული სახეობების მიხედვით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს «მ.-მ» და გ. გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით სს «მ.-სა» და გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «მ.-მ» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სს «მ.-ს» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 5755.4 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სს «მ.-ს» დირექტორ მ. ბ-შვილს და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 8 ნოემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს «მ.-ს» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სს «მ.-ს» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 5755.4 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სს «მ.-ს» წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს _ დირექტორ მ. ბ-შვილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვაზე შპს «საქართველოს ფოსტის» წერილობითი პასუხის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა სს «მ.-ს» დირექტორ მ. ბ-შვილის მეუღლეს, მი. ბ-შვილს 2010 წლის 8 ნოემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.120).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევისა და საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს _ სს «მ.-ს» წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს _ დირექტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა რა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, პალატა თვლის, რომ შეტყობინების ჩაბარება უშუალოდ კასატორისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსატვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 9 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «მ.-ს» დირექტორ მ.ბ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.