ას-1046-1314-09 27 მაისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. შ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ავა (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ბ-ავამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მ. შ-იას მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მან მიუთითა, რომ მოპასუხეს, სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დაზარალებულად იყო ცნობილი მოსარჩელე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ნ. ბ-ავას სამოქალაქო სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად და მოსარჩელეს განემარტა, რომ უფლება აქვს, სარჩელი წარადგინოს სამოქალაქო წესით. აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით ნაწილობრივ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი, მ. შ-იას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განაჩენზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ, როგორც რაიონული, ისე სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით დადასტურებულია მ. შ-იას მიმართ წარდგენილი ბრალდება ნ. ბ-ავას ბინის თაღლითურად დაუფლების ნაწილში.
მითითებული განაჩენებით დადგენილია, რომ მ. შ-იამ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ, მიისაკუთრა ნ. ბ-ავას კუთვნილი 9450 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა და დარჩენილი 3420 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ნივთები. 2001 წლის 15 ოქტომბერს იძულებით აუქციონზე გაიყიდა 9460 ლარად შეფასებული ნ. ბ-ავას კუთვნილი ბინა, რაც 6622 ლარად შეიძინა მ. შ-იამ, მასვე გადაეცა შესაბამისი განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას ამჟამად არ გააჩნია თავშესაფარი, ცხოვრობს ნათესავების სახლში, დარჩენილია უსახსროდ და უსახლკაროდ და მოითხოვა მ. შ-იას დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება – მოპასუხის უკანონოდ დაუფლებული მოსარჩელის ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹33-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაბრუნების მიზნით 2001 წლის 15 ოქტომბრის იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 3420 ლარის დაკისრება.
მოპასუხე მ. შ-იამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ხანდაზმული. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2001 წლის 15 ოქტომბრის იძულებითი აუქციონის შედეგები და განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე - ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹33-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე შესაბამისი უფლებამოსილების მ. შ-იასათვის გადაცემის შესახებ. მ. შ-იას ნ. ბ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 3420 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. შ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. შ-იას ნ. ბ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 3420 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ მ. შ-იას, სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დაზარალებულად იყო ცნობილი ნ. ბ-ავა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით ნაწილობრივ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი, მ. შ-იას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განაჩენზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ. შ-იამ თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ. ბ-ავას კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ღირებული 9450 ლარად და საცხოვრებელ ბინაში დარჩენილი 3420 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ნივთები.
ასევე დადგენილად ცნო, რომ 2001 წლის 15 ოქტომბერს იძულებით აუქციონზე გაიყიდა 9450 ლარად შეფასებული ნ. ბ-ავას კუთვნილი ბინა, რაც 6622 ლარად შეიძინა მ. შ-იამ, მასვე გადაეცა შესაბამისი განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2ბ\292-დან ცალკე წარმოებად გამოიყო მოსარჩელე ნ. ბ-ავას სასარჩელო მოთხოვნა აუქციონის შედეგების გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ მ. შ-იას სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების ნაწილში და განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე, 992-ე, 408-ე და 412-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენით დადგენილი თაღლითობის ბრალდება (სსსკ-ის 180-ე მუხლი) თავისი შინაარსითა და განმარტებით სამოქალაქო წარმოებაში იგივდება საცილო გარიგებასთან, კერძოდ კი, მოტყუებით დადებულ გარიგებასთან (სკ-ის 81-84 მუხლები). საცილო გარიგება კი არ წარმოადგენს დელიქტს და ასეთი გარიგებისათვის დადგენილია ერთწლიანი შეცილების ვადა. ნ.ბ-ავამ კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა განაჩენის გამოტანიდან (2007 წლის 11 აპრილიდან) აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ (2008 წლის 21 დეკემბრამდე). სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. შ-იამ. მან მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი მოსამართლეს აძლევს უფლებას თავისი შინაგანი რწმენით გადაწყვიტოს სხვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მიანიჭოს თუ არა პრეიუდიციული ძალა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან იმ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებათა წარმოდგენიდან თუ მხარის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილია ძალაში შესული განაჩენით, როცა სასამართლო საქმეს იხილავს ამ პირის ქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე მისი ბრალდების მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა და მნიშვნელობა სამოქალაქო საქმეზე, ვინაიდან განაჩენით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა 3420 ლარი დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი. კასატორს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება ჰქონდეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეზე, ვინაიდან განაჩენით განსაზღვრულ და სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა - 3420 ლარი დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რაც არ იწვევს მხარეთა შორის დავას, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით მ. შ-იას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით ნაწილობრივ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი. მ. შ-იას მიესაჯა 5 წლის თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში სადავო 3420 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომელიც დარჩენილი იყო ნ. ბ-ავას კუთვნილ ბინაში, თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ, მიისაკუთრა მ. შ-იამ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, განსახილველი ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან იმ ფაქტების შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება იმ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის გარკვევას გააჩნია დიდი მნიშვნელობა, რომელიც მიუთითებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და მათ პრეიუდიციულ მნიშვნელობაზე, კერძოდ, იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას.
ამ ფაქტების პრეიუდიციულ მნიშვნელობას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებებლი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია იმ პირის მოქმედების შედეგები, რაც წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი განხილვის საგანს. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებებლი გადაწყვეტილებით დადგენილი სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ ფაქტები; გადაწყვეტილება იმ პირის მოქმედების თაობაზე რომელიც სამოქალაქო საქმეზე მონაწილეობს), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასების შინაარსი, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ვლინდება გადაწყვეტილების არა სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილიდან, რომლითაც უნდა დგინდებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ფაქტები, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქოსამართლებრივი განხილვის საგანს.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენზე (ამ განაჩენზე შეტანილი საკასაციო საჩივარი არ იყო დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინებით), კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ ნ. ბ-ავას სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენით დატოვებული იქნა განუხილველად და მას განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, სარჩელი წარედგინა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამდენად, ნ. ბ-ავა წარმოადგენს იმ პირს, ვის მიმართ მ. შ-იამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელის მიერ ნ. ბ-ავას კუთვნილი, 3420 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთების თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სადავო 3420 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთების მ. შ-იას მიერ თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი წარმოადგენს პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტს. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის მიღების ერთ-ერთ საფუძველს, რომლითაც განპირობებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით მ. შ-იას მიმართ განსაზღვრული კვალიფიკაციისა და სასჯელის შეცვლა, არის ამ უკანასკნელის მიერ 3420 ლარის ღირებულების თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენის მე-12-13 გვ). ამდენად, აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი შედეგის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ელემენტს, რაც კონკრეტული სამოქალაქო დავის განხილვისას შეიძლება მიჩნეულ იქნეს პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტად.
ასევე კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებულია, რომ 4000 აშშ დოლარზე მასა და ნ. ბ-ავას შორის დადებული სესხის ხელშეკრულება მიჩნეულია მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად, ამდენად კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ურთიერთობაზე უნდა გამოყენებულიყო არა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნორმები, არამედ საცილო გარიგებისათვის დადგენილი ნორმები და ხანდაზმულობის ვადები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი ურთიერთობა ეხება არა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებებს, არამედ 3420 ლარის ღირებულების ნივთების მითვისების ფაქტს, ე.ი. დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2008 წლის 21 ნოემბერს (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განჩინება). აღნიშნული განჩინებით საბოლოოდ გაირკვა ზიანის ფაქტი, ასევე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2008 წლის 22 დეკემბერს, რაც ადასტურებს იმას, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.