Facebook Twitter

საქმე # 010141318700056092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№161აპ-18 ქ. თბილისი

გ. ლ. 161აპ-18 27 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით ლ. გ. - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობროივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2016 წლის 8 ივნისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. ლ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენებით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძელზე 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ლ. გ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 5 თებერვალს.

2016 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 22.00 საათისთვის, ლ. გ. იმყოფებოდა თ-ში, მ....ის სანაპიროზე მდებარე ლუდის ბარ ......, სადაც განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ბარში მყოფი გ. ა-ის მობილურ ტელეფონს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლ. გ-მ სთხოვა ბარში მყოფ გ. ა-ს, ეთხოვებინა მისი მობილური ტელეფონი დასარეკად. გ. ა-მა გადასცა „აიფონ 5ს“ მოდელის მობილური ტელეფონი ლ. გ-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მობილურ ტელეფონთან ერთად დატოვა ბარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გ. ა-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით გ. ა-ს მიადგა 450 ლარის მატერიალური ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა და ითხოვა ლ. გ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. გ-ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - გ. ა-ის, ნ. ღ–ის, ი. მ–ს, მ. ნ–ისა და კ. კ–ის ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, შემავალი და გამავლი ზარების დეტალური ამონაწერები და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, უტყუარად მიუთითებს ლ. გ-ის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე