ას-1050-984-2010 25 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი _ ს. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. პ-ძე
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. პ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა, ასევე 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹01/400-ო ბრძნების ბათილად ცნობისა და მიუღებელი ხელფასის _ 1650 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი 2009 წლის 7 აპრილს ამავე წლის 1 ივნისამდე დაინიშნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შემდგომში მას გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2009 წლის 16 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო 2009 წლის 21 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ მიღებულ იქნა ¹01/400-ო ბრძნება, რომლითაც დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის გამო იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელეს განუმარტეს, რომ აღნიშნული ბრძანების მიღება უკავშირდებოდა ე.წ. “ჩ-ძის საქმეს”, რომელსაც მ. პ-ძემ თავი ვერ გაართვა.
მოსარჩელის განმარტებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ მიღებულ ¹01/400-ო ბრძანებაში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების წესი და გადაწყვეტილების მიღებისას არ არის ობიექტურად შეფასებული მისი ქმედებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹01/400-კ ბრძანება და 2009 წლის 12 ოქტომბრის ¹01/392-ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მ. პ-ძის სასარგებლოდ ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის 1650 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 07 აპრილის ¹ 02/156-კ ბრძანებით 2009 წლის 01 აპრილიდან 2009 წლის 01 ივნისამდე დაინიშნა ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ¹88/ნ ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა 2009 წლის 01 იანვრიდან ხელშეკრულებების გაფორმება ობოლ და მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის ქვეპროგრამის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სპეციალისტებთან, მათ შორის მთავარი სპეციალისტის (იურისტის) 15 საშტატო ერთეულზე, ხოლო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 650 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 01 მაისის ¹ 02/242-კ ბრძანებით, გაუგრძელდა შრომის ხელშეკრულების ვადა 2009 წლის 01 ივნისიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა უცვლელი დარჩა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 12 ოქტომბრის ¹ 01/392-ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2009 წლის 16 ოქტომბრის ოქმი ¹ 1-ით დადგენილია, რომ კომისიის სხდომაზე განიხილეს იმერეთის რეგიონალური სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსის, ი. გ-ძის მოხსენებით ბართში მოყვანილი ფაქტები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი სპეციალისტი მ. პ-ძე გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹ 01/400-კ ბრძანებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (იურისტი) მ. პ-ძე გათავისუფლებილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული ბრძანების შინაარსიდან ირკვევა, რომ მ. პ-ძის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასა და სამსახურებრივი გულგრილობაში მოიაზრებოდა ის, რომ სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ არ განახორციელა მოქალაქე დ. ჩ-ძის ოჯახიდან ნაპოვნი ბავშვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფიზიკური ზედამხედველობის ქვეშ გადმოყვანის პროცედურა, რამაც გაართულა აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივი რეგულაციის განხორციელება, კერძოდ, არ შეატყობინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაპოვნი ბავშვის შესახებ.
2009 წლის 21 ოქტომბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მ. პ-ძეს მიუღებელი ხელფასის სახით დაუგროვდა 1650 ლარის ოდენობის თანხა.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ არც შრომითი ხელშეკრულებით, არც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს შინაგანაწესით არ არის განსაზღვრული ის კონკრეტული მოვალეობები, რაც მ. პ-ძეს როგორც მთავარ სპეციალისტს (იურისტს) ევალებოდა. კონკრეტულად იმ ვალდებულების შესახებ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მას უშუალოდ უნდა წარმოედგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილება და კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქე დ. ჩ-ძის ოჯახიდან ნაპოვნი ბავშვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფიზიკური ზედამხედველობის ქვეშ გადმოყვანის პროცედურა და ამის თაობაზე შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უშუალოდ მ. პ-ძეს უნდა განეხორციელებინა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მ. პ-ძის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასა და სამსახურებრივი გულგრილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ შვილად აყვანის შესახებ კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას, ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც ამასთანავე მშობლების ვინაობის დასადგენად დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
დადგენილია, რომ საქართველოს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსის ი. გ-ძის მიერ წერილობით ეცნობა დ. ჩ-ძის სახლთან ჩვილი ბავშვის პოვნის თაობაზე და ეთხოვა მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ამავე პირის _ ი. გ-ძის 2009 წლის 21 ივლისის წერილით ეთხოვა იგივე ადრესატს გადმოეგზავნა დ. ჩ-ძის ეზოში ნაპოვნის ჩვილთან დაკავშირებით შემდგარი აქტი. ორივე წერილში მთავარი სპეციალისტი მ. პ-ძე მითითებულია როგორც შემსრულებელი, ხოლო წერილებს ხელს აწერს ი. გ-ძე და იგზავნება მისი სახელით.
შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის წერილებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული მოკვლევის შესახებ ეგზავნება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსს ი. გ-ძეს.
აქედან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მომხდართან დაკავშირებით შეტყობინების განხორციელება მთავარ სპეციალისტს მ. პ-ძეს საკუთარი ინიციატივითა და სახელით არ შეეძლო, ვინაიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინებები იგზავნებოდა განყოფილების უფროსის სახელით, რომელსაც ეკისრებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა დარღვეული შრომითი ხელშეკრულების პირობები, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას და სამსახურებრივ გულგრილობას, კერძოდ, რომ არ განახორციელა მოქალაქე დ. ჩ-ძის ოჯახიდან ნაპოვნი ბავშვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფიზიკური ზედამხედველობის ქვეშ გადმოყვანის პროცედურა, რადგან მ.პ-ძე, როგორც მთავარი სპეციალისტი არ წარმოადგენდა იმ პირს, რომელსაც უშუალოდ უნდა შეეტყობინებინა ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ხოლო იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება სასამართლოში ბავშვის მიტოვებულად აღიარების თაობაზე წარსადგენად ნაწარმოებია მ. პ-ძის მიერ, თუმც განმცხადებელს აქაც წარმოადგენს განყოფილების უფროსი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹ 01/400-კ ბრძანება და 2009 წლის 16 ოქტომბრის კომისიის გადაწყვეტილება მ. პ-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში არის უკანონო და უნდა იქნეს ცნობილი ბათილად. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მ. პ-ძის სამსახურში აღდგენა (პირვანდელი მდგომარეობის აღგენა) შეუძლებელია იმის გამო, რომ იგი იმყოფებოდა ვადიან შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელთან და ეს ვადა გასულია 2009 წლის 31 დეკემბერს, ამიტომ მას უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება _ აუნაზღაურდეს ზიანი მიუღებელი ხელფასის 1650 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას. მისი განმარტებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორად იმსჯელა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მ. პ-ძემ დაარღვია “შვილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილების ნაპოვნი ბავშვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.