Facebook Twitter

ას-105-103-2011 23 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ს-ოვი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ძე, ე. ბ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ა. ს-ოვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ე. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება ე. ბ-ძესა და მ. ნ-ძეს შორის 2004 წლის 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ.თბილისი, ... მე-3 მ/რ-ნი, კორპ. 17, ბ. 59 მ., ს. და ა. ს-ოვების საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ს-ოვის სარჩელი ე. ბ-ძესა და მ. ნ-ძეს შორის 2004 წლის 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ.თბილისი, ... მე-3 მ/რ-ნი, კორპ. 17, ბ. 59 მ., ს. და ა. ს-ოვების საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფლდა. ე. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი მ., ს. და ა. ს-ოვებსა და ე. ბ-ძეს შორის 2003 წლის 14 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გააჩივრა ა. ს-ოვმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 03 თებერვლის განჩინებით ა. ს-ოვს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება კასატორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 10 მარტს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე, 2011 წლის 10 მარტს ჩაბარდა კასატორის - ა. ს-ოვის ოჯახის წევრს (მეუღლეს) მ. ს-ოვას. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ა. ს-ოვისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 11 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 15 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ოვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.