ას-1054-988-2010 14 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ჩ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ტ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 23 აპრილს ე. ტ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგაში ა. ჩ-ძის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის ალიმენტის სახით შვილის – ა. ჩ-ძის სრულწლოვანებამდე თვეში 200 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან მოპასუხესთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა. თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 28 დეკემბერს შეეძინათ ქალიშვილი ა. ჩ-ძე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იძულებული გახდა მოპასუხესთან თანაცხოვრება შეეწყვიტა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ბავშვის რჩენის ვალდებულებას თავს არიდებდა.
მოპასუხემ თავის შესაგებელში ალმენტის სახით თვეში 50 ლარის გადახდაზე გამოთქვა თანხმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ჩ-ძეს ე. ტ-შვილის სასარგებლოდ შვილის - 2008 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ა. ჩ-ძის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, 2010 წლის 23 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე, ალიმენტის სახით 50 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ტ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ე. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ჩ-ძეს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ა. ჩ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა დაეკისრა სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2010 წლის 23 აპრილიდან ამ უკანასკნელის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. ჩ-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მტკიცებით, იგი მუშაობდა სახელოსნოში, ასევე შეიძინა ავტომანქანა და გაცვალა საცხოვრებელი ბინა უფრო დიდი ფართის ბინაზე. აღნიშნული გარემოებები თვით ა. ჩ-ძემაც დაადასტურა, თუმცა მიუთითა, რომ სახელოსნოში მუშაობა ვერ შეძლო და თავი დაანება, ხოლო მანქანა მხოლოდ 1800 აშშ დოლარი ღირდა. აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჩ-ძეს გარკვეული შემოსავალი გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
კასატორმა ა. ჩ-ძემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მან მართალია, დაადასტურა ბინის გაცვლის ფაქტი, მაგრამ არსად მიუთითებია, რომ უფრო დიდი ფართი შეიძინა. რაც შეეხება ავტომანქანას, ვინაიდან მართვის მოწმობა არ გააჩნია, მას შემოსავლის წყაროდ ამ ეტაპზე ვერ იყენებს. რეალურად, იგი დედის მცირედ შემოსავალზეა დამოკიდებული. სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და ალიმენტის ოდენობა მისი მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად არ განსაზღვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ჩ-ძემ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრება მოითხოვა.
კასატორმა ე. ტ-შვილმა თავის საჩივარში მიუთითა, რომ 100 ლარი არ არის საკმარისი ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისათვის. ა. ჩ-ძეს კი, საკმარისი შემოსავალი გააჩნდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის ალიმენტის გადასახდელად, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალსიწინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% - 105 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.