¹ას-1055-1323-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ს-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ს-ძემ ნ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა, ვალდებულების შესრულების ვადის ბრალეული გადაცილების გამო, მოპასუხისათვის ძირითადი ზარალის - 9 000 აშშ დოლარის, სასამართლო ხარჯებისა და ყოველთვიურად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარის 3%-ის დანამატის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 7 თებერვალს მას და ნ. კ-ძეს შორის დაიდო ბინის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ვ. და ნ. კ-ძეებმა განუცხადეს, რომ აღნიშნული ბინის საფასურს 12 000 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის შემდეგ. ხელშეკრულების დადების დროისათვის ბინაში მდგმურად ცხოვრობდა მ. ს-ძისა და თ. ს-შვილის ოჯახი, რომელთაც ბინა ნ.კ-ძესთან შეთანხმების თანახმად, უნდა გაეთავისუფლებინათ მყიდველის მოთხოვნისთანავე.
მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან პირობის შესრულებისა და ბინის ნ.კ-ძის სახელზე რეგისტრაციისა, ბინის საფასური 12 000 აშშ დოლარი კ-ძეებმა არ გადასცეს, ვინაიდან მდგმურები არ იყვნენ გამოსახლებული.
თ. ს-ძე იძულებული გახდა თავისი ინიციატივით გამოესახლებინა მდგმურები. მდგმურების გამოსახლების შესახებ აღსრულება განხორციელდა 2006 წლის 20 ნოემბერს და ამავე დღეს გადაეცა მოსარჩელეს ბინის ღირებულება 12 000 აშშ დოლარი.
ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 7 თებერვალს და ბინის ფასი 12 000 აშშ დოლარი მოპასუხეს უნდა გადაეცა დაუყოვნებლივ, მაგრამ პირობა დაარღვია და ფული გადასცა თითქმის ორი წლის დაგვიანებით, რაც მოხმარდა ვალების დაფარვას. აღნიშნულ პერიოდში მოხდა დოლარის ინფლაცია, გაიზარდა ბინის თვითღირებულება 30 000 აშშ დოლარამდე.
მოსარჩელეს მიადგა ზიანი შეჩერებული თანხით, საბანკო პროცენტის თანახმად, ყოველთვიურად 3%, რამაც შეადგინა თანხობრივად ზიანის სახით ინფლაცია 1 800 ლარი, გაჩერებული თანხის (ვალის) – 3% 22 თვის მანძილზე 7 920 აშშ დოლარი და ზიანი საბოლოოდ შეადგენს საშუალოდ 9 000 აშშ დოლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ ბინაში მცხოვრები მდგმურები გამოსახლებულ იქნენ. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა 2006 წლის 20 ნოემბერს, რის შემდეგაც მოპასუხე ნ. კ-ძემ გადასცა მოსარჩელეს დარჩენილი შეთანხმებული თანხა 11 500 აშშ დოლარი და თანხამ შეადგინა 12 000 აშშ დოლარი.
2008 წლის 14 მარტს ნ. კ-ძემ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით თ. ს-ძის წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტს ნ. კ-ძეს შეგებებულ სარჩელზე დაუდგინდა ხარჯები და განესაზღვრა საპროცესო ვადა მის შესავსებად.
განჩინებით დადგენილ ვადაში მოსარჩელეს ხარჯები არ შეუვსია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. კ-ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
თ. ს-ძემ 2008 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა 2005 წლის 7 თებერვლის სანოტარო აქტის (ნასყიდობის ხელშეკრულება), როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე საოქმო განჩინებით თ. ს-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დადგინდა სარჩელის განხილვა თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში.
ამავე სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის ბრალეული გადაცილების გამო მოპასუხისათვის ძირითადი ზარალის 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის, სასამართლო ხარჯების და ყოველთვიურად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირითადი თანხის 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის 3%-ის დანამატით გადახდის დაკისრება.
თ. ს-ძემ 2008 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით და მოითხოვა 2005 წლის 7 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ს-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ს-ძემ. მან მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, არ დაიბარა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ არსებულ გარემოებებს. ნ. კ-ძეს შეაწყვეტინა მოსმენა, რომელიც თითქმის აღიარებით ჩვენებას იძლეოდა. სასამართლომ არსებითად არ განიხილა მოსარჩელის მიერ წარდეგნილი გაზეთ “ს-ში” გამოქვეყნებული ინფორმაცია და ასევე აუდიტორიული დასკვნები, რომლითაც დასტურდებოდა ბინის ღირებულების ზრდა, ამასთან ნ. კ-ძის თაღლითობა. ვერ ახსნა ვერც ერთმა ინსტანციის სასამართლომ თუ ვინ მიითვისა თითქმის 2 წლის ბინის ქირა, რომელიც თ. ს-შვილსა და მ. ს-ძეს დააკისრა სასამართლომ და გასცა სააღსრულებო ფურცელი, რაც თ. ს-ძის ზარალში აისახა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.