Facebook Twitter

ას-1058-992-10 18 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

კასატორი _ შპს “ბ. ნ.”

წარმომადგენელი _ გ. კ-შვილი, ი. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა ინსპექციამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს “ბ. ნ.”-ს მიმართ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 19 სექტემბერს შპს “ბ. ნ.”-ს კუთვნილი საამქროებიდან დაფიქსირდა ქ. ბათუმში მდ. ბარცხანასა და კუბის ნაწილში, ხოლო შემდეგ კი ზღვაში, ნავთობპროდუქტების ჩაღვრის ფაქტი. 2008 წლის 21 ოქტომბერს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი ¹018111. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით შპს “ბ. ნ.”-ს დირექტორი მ. ჰ-ენი ცნობილი იქნა სამართალდამრღევვად საქართველოს ასკ-ის 58-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. მოპასუხემ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ამ უკანასკნელმა კი საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად. საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის დადგენილებით შპს “ბ. ნ.”-ს დირექტორი მ. ჰ-ენი ცნობილი იქნა სამართალდამრღევვად საქართველოს ასკ-ის 58-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად დაბინძურდა შავი ზღვა, რაც დასტურდება ზღვაში ნავთობპროდუქტების გავრცელების სქემით. დაბინძურება დასტურდება წყლიდან აღებული სინჯითაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა ინსპექციამ შპს “ბ. ნ.-საგან” გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 10 842,72 ლარის გადახდა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ. ნ.-მ” გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებით შპს “ბ. ნ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 2008 წლის 19 სექტემბერს შპს “ბ. ნ.”-ს კუთვნილი საამქროებიდან ქ. ბათუმში მდ. ბარცხანასა და კუბის ნაწილში, ხოლო შემდეგ კი ზღვაში, ნავთობპროდუქტების ჩაღვრის თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად დაბინძურდა შავი ზღვა, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის ¹538 ბრძანებით დამტკიცებული “გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის” მე-15 და 21-ე დანართების შესაბამისად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტული სამართალდარღვევიდან გამომდინარე, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 10 842,72 ლარი. აღნინული ფაქტობრივი გარემოება არც მხარეთა შორის გამხდარა სადავო.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანი, რომელიც დადგა არ იყო გამოწვეული დაუძლეველი ძალით, რადგან ნავთობდამჭერი ჯებირი არ არის ერთჯერადი მოხმარების და გამიზნულია მრავალწლიანი გამოყენებისათვის. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა პირმა უნდა აანაზღაუროს ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ბ. ნ.-მ”. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, ნავთობდამჭერი ჯებირი დააზიანა დაუძლეველმა ძალამ, რაც გამორიცხავს მათ ბრალს გარემოს დაბინძურებაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად მოხდა შემთხვევის სამართლებრივი შეფასება, რადგან იგი წარმოადგენდა არა დელიქტს, არამედ დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბ. ნ.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ბ. ნ.-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა შპს “ბ. ნ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 543 ლარის 70% _ 380 ლარი და 10 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ბ. ნ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს “ბ. ნ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 543 ლარის 70% _ 380 ლარი და 10 თეთრი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.