Facebook Twitter

ას-1059-993-2010 18 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ.ზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. თ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 4 იანვარს შ. თ-იამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2008 წლის 7 ივნისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის თანხის _ 50000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, ქ. ქუთაისში, ... ... მე-2 შესახვევის ¹10-ში მდებარე შ. თ-იას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მინდობილობის საფუძველზე, მისმა შვილმა ზ. თ-იამ, მოპასუხის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის გამო, 2008 წლის 7 ივნისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გაუფორმა მოპასუხე ს. ბ-ძეს, რომელსაც ნასყიდობის საფასური _ 50000 ლარი მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. ვინაიდან სადავო სახლი წარმოადგენს მოსარჩელის პირად საკუთრებას და მას მოპასუხესთან რაიმე სასესხო ურთიერთობა არ ჰქონია, ნასყიდობით გათვალისწინებული თანხა კი, მოპასუხეს მისთვის არ გადაუხდია და აღნიშნული არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილა, რომლითაც შ. თ-იას უარი ეთქვა 2008 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც იძულებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საფასურის _ 50000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მის სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით შ. თ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში, ... ... ქუჩის, მე-2 შესახვევის ¹10-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. თ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ. თ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ბ-ძეს შ. თ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 50000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 7 ივნისს შ. თოფურიას წარმომადგენელსა (ზ. თოფურია) და სამაია ბ-ძეს შორის დაიდო, ქ. ქუთაისში,... მე-2 შესახვევის ¹10-ში მდებარე უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 50000 ლარით;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. თ-იას სარჩელი მას და ს. ბ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;

ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო ინსტანციების მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ ის გარემოება, აღნიშნული გარიგება იძულებით იყო დადებული თუ არა და არ დადგენილა ის ფაქტობრივი გარემოება, მყიდველმა ნამდვილად გადაიხადა თუ არა ნასყიდობის საზღაური _ 50000 ლარი;

მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასური (50000 ლარი) არც შ. თ-იასა და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ მიუღია;

ს. ბ-ძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თანხის გადაცემის ფაქტს თავად ნასყიდობის ხელშეკრულება ადასტურებდა და, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, კანონი წერილობით მტკიცებულებებს ითვალისწინებდა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და არა სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხის მიღება-გადაცემის ფაქტი, რაც ცხადყოფდა, რომ წერილობითი მტკიცებულებების სავალდებულობას კანონი არ ითხოვდა და აღნიშნული ფაქტის დადასტურება სრულად შესაძლებელი იყო სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე არ გაიზიარა და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხის შეფასებისას, სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული გარიგება ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე მოხდა თუ არა, ხოლო მხარეთა შორის ნასყიდობის თანხის მიღებასთან დაკავშირებულ დავას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან რაიმე კავშირი არ ჰქონდა და იგი სულ სხვა მტკიცებისა და განსჯის საგანს წარმოადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ. თ-იამ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთი ნასყიდობის თანხის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

ს. ბ-ძის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გარიგების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, რაზეც მხარეები ხელს აწერდნენ და, რომ არ არარსებობდა წერილობითი მტკიცებულება თანხის გადაუხდელობის თობაზე, სააპელაციო სასამართლომ არასაკმარის არგუმენტებად მიიჩნია და არ გაიზიარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შ. თ-იას სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და არა სასეხო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის მიღება-ჩაბარების ფაქტი, მიიჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებების სავალდებულობას კანონი არ ითხოვდა და ამ ფაქტის დადასტურება სრულად შესაძლებელი იყო სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის გამოც არასწორად არ გაიზიარა სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ნოტარიუსთან არ იმყოფებოდნენ და არც სანოტარო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და არასწორად ჩათვალა მათი ჩვენება კანონშესაბამის და საკმარის მტკიცებულებად იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ შ. თ-იას ნამდვილად არ მიუღია ნასყიდობის საზღაური. კასატორის აზრით, აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, ვინაიდან წერილობითი მტკიცებულებაა 2008 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მოშლა, ს. ბ-ძის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შ. და ზ. თ-იებს სადავოდ არ გაუხდიათ მანამ, სანამ 2008 წლის 24 სექტემბერს არ დადგა მათი ბინიდან გამოსახლების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის თანხა 50 000 ლარი არც შ. თ-იას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ მიუღია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.

განსახილველი ნორმით მოცემულია ფაქტობრივ გარემოებათა ნორმატიული აღწერის სისტემა, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლება-ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2008 წლის 7 ივნისს შ. თ-იას წარმომადგენელსა (ზ. თ-ია) და ს. ბ-ძეს შორის დაიდო, ქ. ქუთაისში, ... მე-2 შესახვევის ¹10-ში მდებარე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 50000 ლარით. მხარეთა შორის დავას იწვევს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის ფაქტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულების შეფასებას ამავე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ 2008 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია მყიდველის მიერ, ე.ი ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ მყიდველმა შეასრულა მიღებული ქონების შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ «მყიდველი ვალდებულია გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადოს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნასყიდობის ფასი.” ამდენად, დავას იწვევს ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე გადახდილ იქნა თუ არა მყიდველის მიერ 50000 ლარი. ამ თანხის გადაუხდელობის საკმაოდ მაღალი ალბათობის არსებობას აძლიერებს კანონიერ ძალაში შესული იმავე მხარეებს შორის გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ შ. თ-იას რძლის მეშვეობით განხორციელდა ს. ბ-ძის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის აღება 35000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე დადგენილია, რომ ამ თანხიდან 20000 აშშ დოლარი გამოიყენა შ. თ-იას რძალმა, რაც უნდა დაებრუნებინა ს. ბ-ძისათვის და რაც მან არ შეასრულა, შესაბამისად, 15000 აშშ დოლარი მიიღო ს. ბ-ძემ. აღნიშნული ფაქტები შესაძლებელია მიუთითებდნენ 20000 აშშ დოლარის სახით ვალის დაუბრუნებლობის სანაცვლოდ სადავო ბინის საკუთრებაში მიღების ფაქტზე, რაც შესაბამისად გამორიცხავს სადავო ნასყიდობის დადებისთანავე 50000 ლარის გადახდის ფაქტს, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს ამ გარემოებებზე და ამ გარემოებების დამდგენი მტკიცებებულებების არსებობასა და მათი გამოკვლევის მართებულებაზე. გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად იმისა, საქმის მასალებში, კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გარდა მხარეები უთითებდნენ აღნიშნულ სასესხო ურთიერთობის ასრებობაზე, ს. ბ-ძე სარჩელისგან თავდაცვის მიზნით არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალის დაუბრუნებლობის სანაცვლოდ, მან მისგან მიიღო სადავო ქონება. პირიქით, მიუხედავად მითითებული სასესხო ურთიერთობების არსებობისა, კასატორი უთითებს იმაზე, რომ მის მიერ გადახდილ იქნა სადავო ქონების ნასყიდობის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის ფასი, ე.ი. არ არის ნოტარიულად დადგენილი ამ ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ყველა მასალის ერთობლივად შეფასებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია დადასტურდეს, თუ რამდენად შესრულდა განსახილველი ნორმის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება «...ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე”.

ამდენად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნას ის, რომ, სადავო ურთიერთობის თანახმად, თანხის გადაუხდელობის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ დაკითხული იყვნენ ე. მ-ია, მ. გ-ძე, ზ. თ-ია (რომელიც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის დროისათვის შ. თოფურიას მინდობილ პირს წარმოადგენდა), დ. ჩ-ძე, ლ. წ-ია, რომლებმაც დაადასტურეს ნასყიდობით გათვალისწინებული 50000 ლარის გადაუხდელობის ფაქტი. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ს. ბ-ძე არც პირველ ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოში არ უთითებს ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც აქარწყლებენ, გამორიცხავენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება იმის მაღალი ალბათობა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობას ჰქონდა ადგილი.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის შეთანხმებული ფასის გადახდას ადასტურებს მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

კასატორი აღნიშნავს, რომ შ. თოფურიას წარმომადგენელს სადავო ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა ზ. თ-ია და თუ მან არ მიიღო ნასყიდობის თანხა, მას უნდა ედავა. ასევე კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეთა ჩვენებები, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.

აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა ზ. თ-ია, როგორც შ. თ-იას წარმომადგენელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ. თ-ია დაკითხულ იქნა მოწმედ. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მისი ჩვენება, რომელიც სხვა მოწმეებთან ერთად უთითებდა ნასყიდობის თანხის მიუღებლობის ფაქტზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სხვა მოწმეები შესაძლებელია, არ ესწრებოდნენ უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ჩვენებებში ყველა უთითებდა ზემოაღნიშნულ სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობაზე და გამორიცხავდნენ ნასყიდობით თანხის გადახდის ფაქტს. ამდენად, ერთობლიობაში როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მივიდა სწორ დასკვნამდე (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს ფაქტების დადგენის პროცესთან დაკავშირებულ პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კი, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.