¹ას-1062-1329-09 18 თებერვალი, 2010წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ი.ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ი.ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 08 აპრილის ¹103 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ი.ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის 2005 წლის 12 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ქვეყანაში მაღალხარისხიანი კარტოფილისა და სიმინდის სათესლე მასალის წარმოების მომსახურების შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება გაეწია მომსახურება შემსყიდველისათვის 600000 ლარის ოდენობით, თანხის დაბრუნების გარეშე პროფილის შენარჩუნებით.
საქმის მასალების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულ იქნა 2005 წლის 12 აპრილს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადარიცხულ იქნა 7 დღის დაგვიანებით 2008 წლის 27 აპრილს, რაც დადასტურდა საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის წარდგინებით.
¹-1-/-2005 სავაჭრო კონტრაქტის 3.1 პუნქტის მიხედვით, კარტოფილის თესლის შემოტანა უნდა მომხდარიყო საფასურის გადახდიდან 1-2 კვირის განმავლობაში. მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებიდან და საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის წარდგინების თანახმად, კარტოფილის თესლი შემოტანილ იქნა 16 დღის დაგვიანებით, რამაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედა კარტოფილის აგროვადებში დარგვასა და საერთოდ საბოლოო შედეგებზე.
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ კარტოფილისათვის ნიადაგი უნდა მომზადებულიყო შემოდგომაზე და ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმდა გაზაფხულზე, შესაბამისად, ეს პროცესი ვერ ჩატარდა. იგივე განმარტებებისა და მეტეოროლოგიური სადგურების ტექნიკური ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ გამოიყენებოდა სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 733 (შვიდასოცდაცამეტი) ლარის დაკისრების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილევლ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციებს და არ იკვეთებოდა მოპასუხის ბრალი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, რადგან მათი მიზანი იყო ქვეყანაში მაღალხარისხიანი კარტოფილისა და სიმინდის სათესლე მასალის წარმოებაზე მომსახურების გაწევა, პროფილის შენარჩუნებით და არა თანხის დაბრუნება, რაიმე შემოსავლის მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლო იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, საქმეზე გამოტანილია არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა „ფორს-მაჟორს“ და არ დგინდებოდა მოპასუხის ბრალი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაში. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილი, 401-ე, 404-ე, 417-ე მუხლები, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ¹38 ხელშეკრულების 12.1, 14.1 და 14.2 პუნქტები, რაც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
პალატამ ასევე ვერ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ აღიარებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ასეთი საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან იგი დაუსაბუთებელი და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.