საქმე ¹ას-1063-1330-09 22 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ც-ოვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-კო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ც-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-კოს მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ 8266 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ე.ცანდიკოვამ 2002 წლიდან 2003 წლის აგვისტომდე სხვადასხვა პერიოდში მოპასუხე ნ. ს-კოს უპროცენტოდ ასესხა 8266 აშშ დოლარი, კერძოდ, 2002 წლის 2 აგვისტოს ნ. ს-კოს მიერ შედგენილი ხელწერილით მოპასუხემ მიიღო 1000 აშშ დოლარი, 2003 წლის 6 იანვრისა და იმავე წლის სექტემბრის ხელწერილებით _ 1096, 1700 და 400 აშშ დოლარი. ნ.ს-კოს სესხი ეტაპობრივად, 2003 წლის დეკემბრამდე უნდა დაებრუნებინა, თუმცა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დათქმულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივით: ნ.ს-კოს მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოსარჩელისაგან ნასესხები თანხა, 1000 აშშ დოლარი პროცენტის ჩათვლით, მან სრულად გადაიხადა. ამასთან, საქმის მასალებით მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დგინდება. საქმეში არსებული ხელწერილები ნ. ს-კოს არ შეუდგენია. აღნიშნულ ხელწერილებში არ არის მითითებული, თუ რა დროს ასესხა მოსარჩელემ თანხა ნ.ს-კოს და როდის უნდა დაებრუნებინა იგი. ამდენად, მტკიცებულებები, რომლებზეც ე.ც-ოვა თავის მოთხოვნას ამყარებს ბუნდოვანი და არასარწმუნოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ც-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.ს-კოს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8266 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-კოს საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ.ს-კომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
2007 წლის 5 ივნისსა და 2009 წლის 6 თებერვალს ე. ც-ოვამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა პროცენტისა და ხარჯების ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე. ც-ოვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ს-კოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 15829,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე სესხის ძირითადი თანხის _ 8266 აშშ დოლარის 1,5%-ის _ 123,99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ყოველთვიურად გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროცენტის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ე.ც-ოვამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ნ.ს-კომ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ც-ოვასა და ნ. ს-კოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ე. ც-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ს-კოს ე.ც-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 8266 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ე.ც-ოვას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. ც-ოვასა და ნ. ს-კოს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი ხელწერილებისა და მისივე განმარტების თანახმად, ე.ც-ოვამ 2002 წლიდან 2003 წლის აგვისტომდე პერიოდში მოპასუხე ნ. ს-კოს ნაწილ-ნაწილ, უპროცენტოდ ასესხა 8266 აშშ დოლარი, რაზეც ნ.ს-კომ შეადგინა ხელწერილები, კერძოდ: 2002 წლის 2 აგვისტოს – 1000 აშშ დოლარზე, 2003 წლის 6 იანვარს – 1825 აშშ დოლარზე და 2245 აშშ დოლარზე, 2003 წლის 2 აგვისტოს 1096 აშშ დოლარზე, ამავე წლის სექტემბერში – 1700 და 400 აშშ დოლარზე. შეთანხმების შესაბამისად, ნაწილი სესხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 2003 წლის დეკემბერში, დარჩენილი თანხისა კი _ მოთხოვნისთანავე. ნ. ს-კოს ე. ც-ოვასათვის ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია. გადაწყვეტილება საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი და 316-ე მუხლის პირველი წინადადება. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 და 103-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით, 429-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე.ც-ოვას მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ნ.ს-კოს მიერ ხელმოწერილი სესხის ხელწერილების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს აღნიშნულ ხელწერილებზე მისი ხელმოწერის გაყალბების ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელწერილები ნამდვილია, მათში დაფიქსირებული თანხები, რაც მთლიანობაში 8266 აშშ დოლარს შეადგენს, ნ. ს-კოს ე.ც-ოვასაგან აქვს ნასესხები, საიდანაც 2245 და 1096 აშშ დოლარის გასტუმრების ვადას წარმოადგენდა – 2003 წლის დეკემბერი, 1825 აშშ დოლარის – 2003 წლის ივნისი, 1000 აშშ დოლარის – 2003 წლის აგვისტო, ხოლო 400 და 1700 აშშ დოლარი უნდა გასტუმრებულიყო მოთხოვნისთანავე. პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 365 მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხელწერილებში დაფიქსირებული ვალის _ 8266 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სესხის ხელწერილები შედგენილია 2004 წლის 11 ივნისამდე, სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხე ნ. ს-კოს კი ვალის გასტუმრების თაობაზე შედგენილი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ხელწერილებში დაფიქსირებული სესხი _ 8266 აშშ დოლარი ნ. ს-კოს ე. ც-ოვასათვის არ დაუბრუნებია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ნ. ს-კოს სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ ე. ც-ოვას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის დაკისრების შესახებ დაუშვებელია და პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა იგი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის, 83-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის მომზადება დასრულდა ჯერ კიდევ 2004 წლის 3 სექტემბერს და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რის შემდგომ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე საჭირო იყო მოპასუხის თანხმობა. პალატის მითითებით, ე.ც-ოვამ თავისი სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, თავდაპირველად _ 2007 წლის 5 ივნისს, ხოლო შემდგომ _ 2009 წლის 6 თებერვალს, ამასთან, მოპასუხე მოთხოვნის გაზრდას არ დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე უნდა გაუქმდეს და, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, ე. ც-ოვას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დარჩეს განუხილველად. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამოყოფილი არ არის, თუ რა ოდენობით დაეკისრა მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტის გადახდა, არ ირკვევა, რა თანხას წარმოადგენს ე. ც-ოვას სასარგებლოდ ნ. ს-კოსათვის გადასახდელად დაკისრებული 15829,3 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტ ნ.ს-კოს მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა სასამართლო სხდომაზე მორიგების მიზნით გამოთქმული მისი მოსაზრება 8000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით და მიიჩნია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებლად, ვინაიდან მორიგების ეტაპზე მოპასუხის მიერ გამოთქმული მოსაზრება თანხის გადახდის მზადყოფნაზე არ წარმოადგენს სარჩელის აღიარებას ან სათანადო მტკიცებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 102-ე მუხლებით გათვალისწინებული მხარის აღიარების საფუძველზე სესხის ხელშეკრულებისა და ვალის არსებობის დასამტკიცებლად, თუმცა, პალატის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ზემოხსენებული ფაქტის არასწორ შეფასებას სესხის ხელშეკრულებისა და ვალის არსებობის ფაქტის არასწორი დადგენა არ გამოუწვევია და სასამართლოს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებაზე გავლენა არ მოუხდენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების ნაწილში ე. ც-ოვამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ მოცემული საქმის მომზადება დასრულდა ჯერ კიდევ 2004 წლის 3 სექტემბერს, რის შემდეგ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე საჭირო იყო მოპასუხის თანხმობა და ასეთის არარსებობისას, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის დაკისრების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის, 431-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისას მისი განხილვა იწყება თავიდან. საქმეთა განხილვის წესები რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე კარში ასახული 177-291-ე მუხლებით, რაც მე-200-209 მუხლების შესაბამისად, მოიცავს საქმის მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების სტადიასაც. მოცემულ დავასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმების შემდეგ საქმე ხელახლა განსახილველად დაექვემდებარა პირველი ინსტანციის სასამართლოს და ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, კანონით დადგენილი წესების დაცვით ხელახლა მოემზადებინა საქმე, რის შემდეგ გამოეტანა განჩინება მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გაზრდილ იქნა სწორედ საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე და მოპასუხის მიერ გაზრდილ მოთხოვნაზე შესაგებლის წარმოდგენის, ანუ საქმის მომზადების დასრულების შემდეგ მიღებული განჩინებით დაინიშნა მთავარი სხდომა, რაც სავსებით შეესაბამება საპროცესო კანონის მოთხოვნებს. ამდენად, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა სწორედ საქმის მომზადების სტადიაზე გაზარდა და აღნიშნულისათვის მოპასუხის თანხმობა სავალდებულო არ იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის ცვლილება _ შემცირება ან გადიდება არ ითვლება სარჩელის შეცვლად. ამდენად, მოსარჩელეს შეუძლია, მითითებული საპროცესო მოქმედება შეასრულოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე და მოპასუხის თანხმობა ამისათვის არ ესაჭიროება. ასეთ შემთხვევაში უმთავრესია, მოპასუხეს დროულად ეცნობოს სარჩელის მოთხოვნის გაზრდის შესახებ, რაც მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დროულად განახორციელა და საპასუხოდ ნ.ს-კომ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რის შემდეგაც ჩაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. ამდენად, ზემოხსენებული არგუმენტები ადასტურებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი და დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა აღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილი, რის შედეგად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ც-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, ხოლო ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის საკასაციო სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის კანონიერებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ზემდგომი ინსტანციის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნების შედეგად საქმის განხილვა იწყება საქმის წინასწარი მომზადების სტადიიდან. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასაშვებია სარჩელის გაზრდა.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უპირველეს საფუძვლად მიიჩნევს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIV თავით დადგენილი საქმის სასამართლოს მთავარი სხდომისათვის მომზადება წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების პირველ ეტაპს. ამ დროს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოპასუხის ინფორმირებისა და სარჩელთან მიმართებით მისი პოზიციის წერილობითი ფორმით დაფიქსირებასთან ერთად, ამავე კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, წყვეტს ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს მთავარ სხდომაზე საქმის ეფექტურ განხილვას.
საქმის წარმოების აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, გამოიტანს განჩინებას სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე. ამდენად, საქმეზე მთავარი სხდომის დანიშვნა დასტურია იმისა, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი მომზადების სტადია დამთავრებულია. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის დადგენილი წესების თანახმად, აღნიშნული ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან ერთად კანონმდებელი აუცილებელ წინაპირობად მიუთითებს საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, საქმეზე ე.ც-ოვას სარჩელის გამო, ნ.ს-კოს მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რაც უდავოდ ამტკიცებს, რომ მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ამ დროს დასრულდა. ამავე სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.ც-ოვას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ნ. ს-კოს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ჩაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა ისე, რომ, საქმის მომზადების მიზნით, რაიმე საპროცესო მოქმედებები არ განხორციელებულა. მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან ერთად მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის, ასევე სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება. ამდენად, ცხადია, რომ ე.ც-ოვამ დაზუსტებული სარჩელით თვისობრივად ახალი სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ე.ც-ოვას დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად მოპასუხის თანხმობის გარეშე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე საჭირო იყო მოპასუხის თანხმობა და ასეთის არარსებობისას, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე გამოეტანა გადაწყვეტილება. მითითებული დასკვნა ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის, 431-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისას მისი განხილვა იწყება თავიდან _ საქმის წინასწარი მომზადების სტადიიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლით დადგენილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას, სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში უთითებს რა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს ავალებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებების შესრულებას, რაც არ გულისხმობს აუცილებლად საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე დაბრუნებას. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იმ მოტივით, რომ აუცილებელია საქმის მოსამზადებლად განკუთვნილი საპროცესო მოქმედებათა შესრულება. აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, გადაწყვეტილების გაუქმებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის საფუძველზე საქმის მოსამზადებელი სხდომიდან გაგრძელების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმა ადგენს არა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევას, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისას მისი ხელახლა განხილვის პროცესუალურ წესს. ამდენად, კანონის აღნიშნული დანაწესი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების შედეგად საქმის ხელახლა განხილვისათვის დადგენილ საპროცესო ნორმად ვერ იქნება მიჩნეული.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის ცვლილება, კერძოდ კი, მისი ოდენობის გაზრდა, არ წარმოადგენს სარჩელის შეცვლას და აღნიშნული მხარეს შეუძლია განახორციელოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. დასახელებული ნორმის დანაწესი ადგენს იმ კონკრეტულ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც არ იწვევს სარჩელის შეცვლას. აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს მითითებას სარჩელის გაზრდაზე, არამედ მიუთითებს მხარის მიერ წაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შესაძლო ცვლილებაზე, კერძოდ, ერთი ნივთის მეორეთი შეცვლაზე, მისი ღირებულების ანაზღაურებაზე, მოთხოვნის დაზუსტება-დაკონკრეტებაზე და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, დაზუსტებული სარჩელით მარტო თანხის ოდენობა კი არ გაზრდილა, არამედ წარდგენილ იქნა ახალი სასარჩელო მოთხოვნა _ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პროცენტის გადახდა, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ზიანის ანაზღაურებაა და დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ც-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.