საქმე # 330100117001892306
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№307აპ-18 ქ. თბილისი
დ. ლ., 307აპ-18 19 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების - ლ. დ-ს, ნ. ა-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით ლ. დ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
იმავე განაჩენით ნ. ა., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ხოლო ნ. ა-მა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება. მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 მაისს ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ.“ თავმჯდომარემ ლ. დ-მ საჯარო რეესტრში წარადგინა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ.“ 2015 წლის 15 მაისის ყალბი კრების ოქმი №2, რომლის თანახმადაც კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ასი პროცენტი, ხოლო მათმა ორმა მესამედმა თანხმობა გამოთქვა ქ. თ-ში, თ-ში მდებარე სათავსი №-ის ამხანაგობის წევრ ლ. დ-ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა ლ. დ-ს საკუთრებად.
2015 წლის 18 მაისს ნ. ა-მა დაამზადა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ.“ 2015 წლის 15 მაისის ყალბი კრების ოქმი №2, სადაც აღნიშნა, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ასი პროცენტი, რომელთა ორმა მესამედმა თანხმობა გამოთქვა ქ.თ-ში, თ-ში მდებარე სათავსი №-ის ამხანაგობის წევრ ლ. დ-ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე ზემოხსენებული უძრავი ქონება ლ. დ-მ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
4. კასატორები ითხოვენ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას ლ. დ-სა და ნ. ა-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მოწმეების - ს. ა-ის, ს. მ-ის, ქ. მ-ის ჩვენებებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, ქ. თ-ის რაიონის გამგებლის - ზ. ჩ-ის წერილითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ ნ. ა-მა დაამზადა, ხოლო ლ. დ-მ გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ლ. დ-ს, ნ. ა-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, ასევე მსჯავრდებულ ნ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე