ას-1065-997-2010 8 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ა-ოვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ოვი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ნიშნობის საჩუქრების დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ოვის სარჩელი მოპასუხე ს. ა-ოვას მიმართ ნიშნობის საჩუქრების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ოვის წარმომადგენელმა გ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ს-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრა სა. ა-ოვას წარმომადგენელმა თ. ჩ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ს. ა-ოვას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ თ. ჩ-შვილს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კასატორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ს. ა-ოვას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაგზევნა კასატორის წარმომადგენელ თ. ჩ-შვილს და ჩაბარდა 2010 წლის 10 ნოემბერს (გ.101).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ოვას წარმომადგენლის თ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.