საქმე ¹ას-1068-1335-09 18 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ძე, ვ. ქ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. გ-შვილის მიმართ ქ.ქუთაისში, ... ¹1-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი სახლიდან ო.გ-შვილისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ ო.გ-შვილის გამოსახლებამდე ბინის ქირავნობისა და სასამართლო ხარჯების _ 353 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისში, ... ¹1-ში მდებარე ბინა აღირიცხა მ.შ-ძის საკუთრებად და მ.შ-ძეს ო. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის ნაწილში აღსრულებულია. მ.შ-ძემ არაერთხელ შესთავაზა ო.გ-შვილს ზემოხსენებული თანხის გადახდა, თუმცა, როგორც თანხის მიღებაზე, ისე ბინის გამოთავისუფლებაზე მოპასუხემ უარი განუცხადა. ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და 4 თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 800 ლარი მაშინ, როცა მის კუთვნილ სახლში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ცხოვრობს მოპასუხე. ამასთან, სააღსრულებო ბიუროში წარსადგენად მ.შ-ძემ სასაქონლო ექსპერტიზისათვის გადაიხადა 353 ლარი, რაც ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მისი სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მ.შ-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ო.გ-შვილი ბინის კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო.გ-შვილი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მ. შ-ძის კუთვნილი სადავო საცხოვრებელი სახლიდან, ხოლო ზიანისა დანარჩენ ნაწილში მ.შ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ.შ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ ო.გ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 აგვისტოს განჩინებით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში მ. შ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ. ქ-ია. ამავე პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ო. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.შ-ძისათვის ზიანისა და ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო.გ-შვილს მ.შ-ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 1400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯის _ 353 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მ. შ-ძესა და ო. გ-შვილს შორის დადებული 2000 წლის 4 ნოემბერს, ასევე მ. შ-ძის რწმუნებით ლ. შ-ძესა და ო. გ-შვილს შორის დადებული 2003 წლის 29 იანვარს დადებული ხელშეკრულებები, გაუქმდა საჯარო რეესტრის 2007 წლის 4 ივნისის ჩანაწერი ქ.ქუთაისში, ... ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ო. გ-შვილზე და მითითებული ბინა აღირიცხა მ. შ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით. მ.შ-ძეს ეკისრება ო.გ-შვილისათვის 7000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით. 2008 წლის 3 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი. საჯარო რეესტრის 2009 წლის 23 თებერვლის ამონაწერით დასტუდება, რომ ქ.ქუთაისში, .... ¹1 აღრიცხულია მ. შ-ძის სახელზე. სს ბანკ „რესპუბლიკის“ 2009 წლის 2 მარტის ¹0165/05 ცნობის თანახმად, მ. შ-ძეს სს ბანკ „რესპუბლიკის“ ქუთაისის ფილიალში გახსნილი აქვს მიმდინარე სავალუტო ანგარიში, რომელზედაც 2009 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით არსებული ნაშთი წარმოადგენს 7000 აშშ დოლარს. 2008 წლის 27 ოქტომბერს ქ.ქუთაისში, --- ქუჩა ¹17/21-ში მდებარე ბინაზე დადებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მ.შ-ძე ლა. ბ-ულს ყოველთვიურად უხდის ბინის ქირას _ 200 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2009 წლის მაისის ბოლომდე, ვიდრე მ. შ-ძემ მისი კუთვნილი ბინა არ გაასხვისა ვ. ქ-იაზე. სულ მ. შ-ძის მიერ ბინის ქირის სახით გადახდილია 1400 ლარი. 2009 წლის 19 თებერვალს ¹971/19-2009 საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მ. შ-ძემ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” სახელზე გადაიხადა 353 ლარი. 2009 წლის 22 მაისს მ. შ-ძემ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო ბინა მიჰყიდა ვ. ქ-იას. ო. გ-შვილი ამჟამად აღნიშნული ბინიდან გამოსახლებულია. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ კუთვნილი ბინიდან მოპასუხის გამოსახლების მოთხოვნის შემდეგ სადავო ნივთზე ო.გ-შვილის მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა და იგი ამ მომენტიდან ითვლება უკანონო მფლობელად, შესაბამისად, აპელანტი სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ ჩაითვლება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო საცხოვრებელი სახლი აღირიცხა მ. შ-ძის სახელზე, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას ბინის ქირისა და საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ჩათვალა, რომ ამ ნაწილში აპელანტ მ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ძესა და ლა. ბ-ულს შორის 2008 წლის 27 ოქტომბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მოთხოვნებს. ასევე გაქირავებული ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია ლა. ბ-ულის სახელზე, ხოლო, რაც შეეხება ქირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში სავალდებულო დარეგისტრირებას, სამოქალაქო კოდექსის ქირავნობის თავი, 531-575-ე მუხლების ჩათვლით, ასეთ მოთხოვნას არ ითვალისწინებს. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად არ დააკმაყოფილა მ.შ-ძის მოთხოვნა საექსპერტო მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის _ 353 ლარის დაკისრების ნაწილში, იმ მოტივით, რომ საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული დასკვნის არსებობა მოცემულ საქმეში დასტურდება ხელშეკრულებითა და გადახდის ქვითრით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის” 38-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის კატეგორიის საქმეზე გადაიხდება საცხოვრებელი სახლის ღირებულების ერთი პროცენტი, ხოლო აღნიშნული ქონების შეფასებას ახორციელებს ექსპერტი, რის გამოც მ. შ-ძემ ხელშეკრულება დადო შესაბამის საექსპერტო ბიუროსთან და სასაქონლო ექსპერტიზის დაკვნით შეფასდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა მ. შ-ძეს დასჭირდა სააღსრულებო წარმოებისათვის, რადგან ო. გ-შვილი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებდა, რის გამოც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგან ო.გოგაბერაშვილის გამოსახლებაზე გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მითითებული არ იყო. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა ო. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. შ-ძის სარჩელი სადავო ბინიდან ო. გ-შვილის გამოსახლების თაობაზე. პალატამ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ო. გ-შვილი სადავო ბინიდან უკვე გამოსახლებული იყო, თუმცა იგი კვლავ მხარს უჭერდა თავის სააპელაციო საჩივარს და თვლიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, როდესაც გაიზარა საპროცესო ნორმების დარღვევით წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ მ. შ-ძე 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის მაისამდე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, --- ქ.¹17/21-ში მდებარე ლა. ბ-ულის კუთვნილ ბინაში. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულებაში მ.შ-ძის მისამართად მითითებულია ქ.ქუთაისი, --- ქ.¹17/21, ექსპერტიზის ბიუროსთან დადებულ ხელშეკრულებაში _ ქ.ქუთაისი, ...... ¹22, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2008 წლის 3 დეკემბერს ¹2/ბ-1276-08 საქმეზე მოწინააღმდეგე მხარეს სააღსრულებო ფურცელი გაუგზავნა ქ.ქუთაისში, ...... ¹22-ში. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის _ 353 ლარის დაკისრების შესახებაც, ვინაიდან ექსპერტიზის ბიუროსთან 2009 წლის 19 თებერვალს დადებული საექსპერტო მომსახურების ¹971/19-2009 ხელშეკრულება პალატამ საქმეს დაურთო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული ხელშეკრულებით არ ირკვევა, თუ რა კავშირი ჰქონდა ჩატარებულ ექსპერტიზას სადავო საკითხთან, მით უმეტეს, რომ მოპასუხემ ჩატარებული ექსპერტიზის აუცილებლობა ვერ დაასაბუთა. რაც შეეხება სადავო ფართიდან კასატორის გამოსახლებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო, არსებული საკითხის გადაწყვეტა შეეჩერებინა ქუთაისის შსს მე-2 განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე. მეტიც, 2009 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით სააპელაციო პალატამ შეაჩერა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე, რის გამოც კასატორის სადავო ბინიდან გამოსახლების საკითხი დავის საბოლოო დასრულებამდე არ უნდა გადაწყვეტილიყო. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ვ. ქ-იამ და ქუთაისის შსს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დაარღვიეს როგორც ხსენებული განჩინება, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანების მე-2 მუხლის, მე-6 მუხლის მერვე ნაწილის, მე-7 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 601-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები და კასატორი სადავო ფართიდან გამოასახლეს. კასატორის მითითების მიუხედავად, პალატამ რეაგირების გარეშე დატოვა ეს ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ო. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 168-ე, 531-ე მუხლებსა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მეცხრე ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.