Facebook Twitter

ას-1069-1001-2010 21 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, პ. სილაგაძე

კასატორი _ თ. ე-აევი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ჩ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ჩ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიაში თ. ე-აევის მამართ, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან არის განქორწინებული. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ საერთო შვილი ა. ჩ-შვილი და მიუხედავად იმისა, რომ არის ბავშვის მამა და აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იზრუნოს შვილზე, ყოფილი მეუღლე არ ძლევს შესაძლებლობას ურთიერთობა იქონიოს ბავშვთან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დ. ჩ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; დ. ჩ-შვილს შვილთან – ა. ჩ-შვილთან ურთიერთობის მიზნით განესაზღვრა კვირაში ორი დღე ოთხშაბათი (18 საათიდან 20 საათამდე) და შაბათი ან კვირა (10 საათიდან 20 საათამდე).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-შვილმა და დაუკმაყოფილებელი ნაწილის გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თ. ე-აევმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო.

2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; 2009 წლის 24 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჩ-შვილს შვილთან, ა. ჩ-შვილთან ურთიერთობის მიზნით განესაზღვრა კვირაში სამი დღე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში 30 დღე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 12 დღე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჩ-შვილი აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი და ნევროპათოლოგის გამოკვლევებმა დაადასტურა მისი მყარი ანტინარკოტიკული განწყობა. გამომდინარე აქედან პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია რომ ა. ჩ-შვილმა მამასთან გაატაროს მეტი დრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ე-აევმა. კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, იმ ნაწილში რომლითაც სააპელაციო პალატამ აპელანტს განუსაზღვრა შვილთან ურთიერთობის დღეები.

კასატორის განმარტებით, ბავშვის წაყვანა ზამთარში 12 დღით, ხოლო ზაფხულში 30 დღით არამიზანშეწონილია ბავშვის ინტერესებიდან და ასევე დ. ჩ-შვილის მდგომარეობიდან, ცხოვრების წესიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ე-აევის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. ე-აევის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ე-აევს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ე-აევის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. ე-აევს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.