¹ას-1069-1336-09 14 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –დ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე-სს “თ.-ი”(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –უკანონოდ დარიცხული გადასახადისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დემურ გ-ძის სარჩელი მოპასუხე სს „თ.-ის“ მიმართ უკანონოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-ძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2007 წლის 14 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ვ. გ-ძის სახელზე. სს „თ.-ის“ აბონენტად ირიცხებოდა ვ. გ-ძე.
საქმეში წარმოდგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2004 წლის 24 დეკემბრის ¹068302 აქტის თანახმად, დადგენილია, რომ აბონენტ გ-ძის მრიცხველის შეერთების სქემის შემოწმების მიზნით ქვედა ხუფს მოეხსნა ლუქი ¹0057353 და დაედო ახალი ¹0532174 და დადგინდა, რომ მრიცხველის კომუტაცია და ქსელი წესრიგში იყო. ამასთანავე დადგინდა, რომ მითითებულ მრიცხველზე შეერთებული იყო აბ. 57-5423; აბ. ¹57-5426; აბ. ¹57-5428 ქსელი.
მოპასუხის განმარტებით ასევე დადგენილია, რომ ვ. გ-ძე სხვადასხვა დროს დაეუფლა ქ. თბილისში ... ქ. ¹9-ში მდებარე ფართებს. აღნიშნული გარემოება დ. გ-ძეს სადავოდ არ გაუხდია. თავდაპირველად ფართის მფლობელებს მინიჭებული ჰქონდათ სხვადასხვა აბონენტის ნომრები, რომლებიც გ-ძის განცხადების საფუძველზე გაერთიანდა და მიენიჭა ¹1598701.
დადგენილია, რომ აბონენტი ვ. გ-ძე გარდაიცვალა 2008 წლის 19 იანვარს. 2008 წლის 27 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დგინდება, რომ დ. გ-ძემ და ნ. გ-ძემ როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში.
აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად 2007 წლის 10 ოქტომბერს სს „თ.-მა“ განახორციელა აბონენტ გ-ძეზე დარიცხული დავალიანების კორექტირება 913.71 ლარით.
დადგენილია, რომ 2005 წლის 28 მაისს, 25 აგვისტოს, 2006 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული პირობითი დარიცხვები სს “თ.-მა“ დააკორექტირა, რაც დადასტურდა აბონენტის ბრუნვის ისტორიის მონაცემებით. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად 2006 წლის აგვისტოს შემდეგ სადავო დავალიანება მრიცხველის ჩვენების მიხედვით იყო დარიცხული.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ელექტროენერგიის საფასურის თითოეული დარიცხვა, რომელიც ხორციელდებოდა ყოველთვიურად, ცალ-ცალკე წარმოშობდა მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღიძრა 2008 წლის 1 აპრილს. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, 2005 წლის 1 აპრილამდე დარიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ განუხორციელებია თავისი უფლების დაცვა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ხანდაზმულობის ვადა შეწყდება მაშინ, როდესაც პირი შეეცდება მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სასამართლოს გარეშე, სხვა საშუალებით, კერძოდ სახელმწიფო ორგანოსათვის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის) მიმართვით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგინდა, რომ აბონენტი 2005-2007 წლებში დარიცხული დავალიანების გამო მიმართავდა სს „თ.-ს“, ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელ საქალაქო სამსახურს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. საქმის მასალებით არ დადგინდა უფლების დასაცავად სემეკისათვის მიმართვის ფაქტობრივი გარემოება.
აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგენილია, რომ აბონენტს 2005 წლის 28 მაისს, 2005 წლის 25 აგვისტოს, 2006 წლის 30 აგვისტოს ელექტროენერგიის საფასური დაერიცხა პირობითი დარიცხვის წესით და არა ჩვენების მიხედვით, რაც აპელანტს მიაჩნდა უკანონოდ. პალატამ აღნიშნა, რომ მრიცხველის არსებობის პირობებში პირობითი დარიცხვის წესი არაკანონიერი იყო. ამ წესით დარიცხული დავალიანება კორექტირებული იქნა სს „თ.-ის“ მიერ ჩვენების მიხედვით, შესაბამისად 2005 წლის 27 ივნისს, 2005 წლის 27 სექტემბერს და 2008 წლის 28 სექტემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სს „თ.-ის“ არაერთი წერილი, რომლითაც განცხადების პასუხად ატყობინებდნენ რომ მიმართა რაიონის აბონენტმა მომსახურეობის ცენტრებს, სადაც მიმართავდნენ, მაგრამ არანაირი რეაგირება იქ არ ხდებოდა და უკანონოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის საკითხზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.
მათი მოთხოვნა რომ ხანდაზმული არ იყო, აღნიშნული დასტურდებოდა სს „თ.-ის“ 17.06.2005 წლის ¹გ-1006 02.09.2009 წლის ¹1-01\72; 15.08.05 ¹გ-1542 გადაწყვეტილებებით.
გ-ძის მითითებით, სასამართლოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად უნდა გაენაწილებინა. კერძოდ მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ მართლაც არსებობდა საფუძველი 1999-2004 წლებში დარიცხული მოხმარებული ელ-ენერგიის ჩამონაწერზე იუსაიდის მიერ სს “თ.-ზე“ გ-ძის სასარგებლოდ დარიცხული თანხების ფარგლებში, ევალებოდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, ასევე ევალებოდა დაესაბუთებინა შემოწმებული იყო თუ არა ელ-მრიცხველის არსებობის ფაქტი და იყო თუ არა მრიცხველი ხელმისაწვდომი მოპასუხისთვის ჩვენების ასაღებად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი თუ რატომ არ მოხდა სს „თ.-ში“ გ-ძისთვის გადარიცხული იუსაიდის დენის მის აბონენტზე დარიცხვა, მოპასუხეს ეკისრებოდა ასევე დაესაბუთებინა თუ რატომ ხდებოდა პირობითი დარიცხვა მის მრიცხველზე, როცა მრიცხველი მათ მიერ დაიდგა და პერიოდულად მოწმდებოდა, რაზედაც შედგენილი იყო აქტები.
საქმეში იყო სს “თ.-ის“ წერილები 2002-2005 წლების, რომლითაც ისინი პირდებოდნენ თანხების კორექტირებას, რაც უკანონოდ არ გაითვალისწინა სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. გ-ძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის და 2009 წლის განჩინების და ასევე მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შესახებ მიღებული განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.