Facebook Twitter

ას-107-105-2011 17 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ვ-ჯ.» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოსა და საიჯარო ქირის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ვ-ჯ-ს» მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების _ 373,71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს _ 4200 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს _ 4200 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 373,71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 2100 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა შპს «ვ-ჯ-სათვის» პირგასამტეხლოს სახით 4200 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2003 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «ვ. ჯ-ს” შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს იჯარით გადაეცა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის ბალანსზე რიცხული, გარდაბნის რაიონში, კრწანისის დასახლებაში მდებარე სამი საფრინველე და ინკუბატორი 5 წლის ვადით. საიჯარო წლიური ქირა განისაზღვრა 3220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. საიჯარო ქონების ღირებულება შეადგენდა 42 006 ლარს.

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, «მეიჯარეს” უფლება აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააფრთხილოს «მოიჯარე” წერილობით, მიუთითოს დარღვევის გამოსწორების ვადა და დააჯარიმოს საიჯარო ქონების ღირებულების 10%-ით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების _ 373 აშშ დოლარის და 71 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლომ 4200 ლარის ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა _ 2100 ლარამდე.

პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის, 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან (მოცემულ შემთხვევაში _ საიჯარო ქირის დავალიანებასთან) მიმართებაში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სარჩელს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე დამატებით 2100 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, პირგასამტეხლოს სახით 4200 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა.

სასამართლომ დადგენილად ცნო და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ შპს «ვ-ჯ-მ» დაარღვია მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდის ვადები, რის გამოც იგი დაჯარიმდა საიჯარო ქონების საბოლოო ღირებულების 10%-ით _ 4200 ლარით. მოიჯარემ არც დამატებით ვადაში ვალდებულება არ შეასრულა და სამინისტრომ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება. სააპელაციო პალატას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ გააჩნდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.