ას-1071-1003-2010 31 იანვარი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს. და ნ. ო-ძეები
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ყ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა მეუღლეთა თანასაკუთრების წილზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 27 ივლისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ყ-ძემ მოპასუხეების _ ს. და ნ. ო-ძეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, ნ. ო-ძის საკუთრებაში აღერიცხა მისი კუთვნილი 1/2 წილი ქორწინების განმავლობაში შეძენილი, ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე (ნ. ო-ძისა და ს. ო-ძის) თანასაკუთრებიდან. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა 2008 წლის 30 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულების მიქცევა ნ. და ს. ო-ძეების საერთო საკუთრებიდან ნ. ო-ძის 1/2 წილზე, რომელიც ამ უკანასკნელს გააჩნდა ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში (ტომი I, ს.ფ. 2-7).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ო-ძეს დაევალა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში აღერიცხა ს. ო-ძის სახელზე რიცხული და მასთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან, ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე 344 კვ.მ სახლის 15/30 ნაწილიდან მისი კუთვნილი 1/2 წილი; დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულება მიქცეულიყო ნ. და ს. ო-ძეების საერთო საკუთრებიდან, ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე 344 კვ.მ სახლის 15/30 ნაწილიდან, ნ. ო-ძის 1/2 წილზე.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. ო-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 4830 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე 2008 წლის 30 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი ¹2-320;
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ო-ძეს ნ. ყ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 15754 ლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე 2008 წლის 30 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი ¹2-326;
ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე 344 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 15/30 ნაწილის მესაკუთრეა ს. ო-ძე;
ს. ო-ძე და ნ. ო-ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ქონება შეძენილია ნ. და ს. ო-ძეების მიერ ქორწინების პერიოდში. რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდებოდა ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე 344 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 15/30 ნაწილის ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტი, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ო-ძეს გააჩნდა სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, ამასთან, ნ. და ს. ო-ძეების წილი აღნიშნულ ქონებაზე თანაბარი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ო-ძეს გააჩნდა ფულადი ვალდებულება მოსარჩელე ნ. ყ-ძის მიმართ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება, განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ყ-ძის მიერ საჯარო რეესტრში თანასაკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვაზე თავის შეკავება, წარმოადგენდა მოპასუხის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას. აქედან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანი იყო დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი 1, ს.ფ. 95-102).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 108-118).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ო-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ყ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება მომხდარიყო ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე ს. ო-ძის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილიდან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ნ. და ს. ო-ძეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1975 წლის 19 თებერვლიდან;
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹2-320 და ¹2-326 გადაწყვეტილებებით ნ. ო-ძეს ნ. ყ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა შესაბამისად 4830 და 15754 ლარის გადახდა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცლები;
სააღსრულებო ფურცლებით დადგენილი ვალდებულება ვერ აღსრულდა მოპასუხის საკუთრებაში ქონების არარსებობის გამო;
1976 წლის 23 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების ძალით ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 15/30-ის მესაკუთრე ს. ო-ძე გახდა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 23 ივნისის დასკვნის თანახმად, ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ ს. ო-ძის საცხოვრებელ სახლზე (და არა დაუსრულებელ შენობა-ნაგებობაზე) მიშენებული საერთო პერიმეტრული ფართობია 105.5 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება მინაშენის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 370125 ლარს, ხოლო მინაშენის გარეშე 235470 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 11 აგვისტოს ¹190 გადაწყვეტილებით, ქობულეთის რაიონის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის 1990 წლის 27 იანვრის აქტით, ტექაღრიცხვის ბიუროს, აგრეთვე, ქობულეთის კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების 1990 წლის 27 მარტის დასკვნით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1983 წლისათვის (ანუ ჩუქების შემდგომი პერიოდისათვის) ს. ო-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 115 კვ.მ-ს. სასამართლოს მითითებით, ამავე მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ო-ძე საქალაქო საბჭოს აღმასკომს სთხოვდა საცხოვრებელ სახლზე მიშენების და ერთ სახურავში მოყვანის ნებართვას, რაც საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მომდევნო პერიოდის აქტების თანახმად 1990 წლისათვის ს. ო-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ფართობი შეადგენდა 188 კვ.მ-ს (და არა 262.5 კვ.მ-ს, რაც სადავო საცხოვრებელი სახლის დღევანდელი პერიმეტრია).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მინაშენი საცხოვრებელი სახლის ჩუქებამდე პერიოდში გაკეთდა და არა ჩუქების შემდგომ. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ამის საპირისპიროს ადასტურებდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე ს. ო-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან ჩუქებით მიიღო, მნიშვნელოვნად გადაგეგმარდა (შესაბამისად გაეზარდა ღირებულება) ჩუქების შემდგომ პერიოდში, რის გამოც სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად იქცა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მიშენება სადავო საცხოვრებელ სახლზე ჩუქებამდელ პერიოდს განეკუთვნებოდა _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ ექსპერტიზა ვერ ადგენდა მიშენებასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობას, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოება ვითარებას არ ცვლიდა, რამდენადაც იგი დგინდებოდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით. რაც შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დაუსრულებელ და ექსპლოატაციაში მიუღებელ ნაგებობას, რომელზეც აპელანტის მოსაზრებით თანასაკუთრებას სასამართლო ვერ დაადგენდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსრულებელი და ექსპლოატაციაში მიუღებელი ნაგებობის გარეშეც სახეზე იყო ქონება (საცხოვრებელი სახლი), რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად უნდა მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა თანასაკუთრების რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად ამისა, შესაძლებელი იყო მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება იმ რეალობის პირობებშიც, როცა საცხოვრებელი სახლი კვლავ ს. ო-ძის სახელზე დარჩებოდა აღრიცხული. ამ შემთხვევაში ნ. ყ-ძის სასარგებლოდ გადახდევინება ს. ო-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1/2-ზე უნდა მიქცეულიყო, როგორც ნ. ო-ძის თანასაკუთრების წილზე (ტომი 2, ს.ფ. 105-114).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. და ნ. ო-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, თუ საქმე აღძრულია ერთი და იმავე მხარის მიერ, ერთი და იმავე მოთხოვნითა და საფუძვლით, საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს. ნ. ყ-ძის მიერ თავდაპირველად აღძრულ სარჩელში, რომელიც განიხილა ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ, მოპასუხეებს წარმოადგენდნენ ს. და ნ. ო-ძეები, ხოლო მოთხოვნას წარმოადგენდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების მიქცევა ნ. ო-ძის 1/2 წილზე ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე მოპასუხეების საერთო საკუთრებიდან. რაც შეეხება საფუძველს, თავდაპირველ სარჩელის საფუძველი მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელის საფუძვლის იდენტური იყო. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რაც ერთხელ უკვე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, რა დროსაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მცირე სახესხვაობა მისცა ნ. ყ-ძის სარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, ამ შემთხვევაში სასამართლომ ნ. ყ-ძის მოთხოვნის ნაცვლად დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ¹2-320 და ¹2-326 სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებას ქობულეთში, ... გამზირის ¹498-ში მდებარე ს. ო-ძის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილიდან.
კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოში დადგინდა ქორწინების შემდგომ პერიოდში მეუღლეების მიერ ძველ საცხოვრებელ სახლზე 105.5 კვ.მ ფართის მიშენების ფაქტი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული დასკვნის საფუძვლად მიეთითა ნ. ყ-ძის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ რიგ დოკუმენტებზე (ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 11 აგვისტოს ¹190 გადაწყვეტილება, ქობულეთის რაიონის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის 1990 წლის 27 იანვრის აქტი, ტექაღრიცხვის ბიუროს, აგრეთვე, ქობულეთის კაპიტალური მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების 1990 წლის 27 მარტის დასკვნა). ამ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის გამო კასატორებს გაუჩნდათ ეჭვი მათ ნამდვილობაზე, რის გამოც ისინი აუცილებლად მიიჩნევენ დოკუმენტების ორიგინალების სასამართლოსათვის წარდგენას. კასატორები თავიანთი არგუმენტს აფუძნებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ივნისის ¹ტტ2010040298 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, მთლიანი მიშენება (შენობის გეგმა-ნახაზით), რაც ძველ საცხოვრებელ სახლზეა გაკეთებული და რაზეც ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, ტექბიუროს არქივის ჩანაწერებში დაფიქსირებულია 1976 წლის 20 თებერვლით ანუ ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე. კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო სახლზე განხორციელებული მიშენების ხანდაზმულობასთან მიმართებით შეკითხვა ექსპერტსაც დაესვა, რომელმაც მას პასუხი ვერ გასცა ხანდაზმულობის დადგენის შეუძლებლობის გამო. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ თუ ასეთ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი ექნებოდა, ექსპერტიზის დასკვნაში იგი აუცილებლად აისახებოდა (ტომი 2, ს.ფ. 119-128).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ს. და ნ. ო-ძეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ნ. ო-ძეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. და ნ. ო-ძეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1029.20 ლარი) 70% _ 720.44 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. და ნ. ო-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს _ ს. და ნ. ო-ძეებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ო-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1029.20 ლარი) 70% _ 720.44 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.