¹ას-1071-1338-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ს-იანი (მოსარჩელე)
დავის საგანი – უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლოს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ჟ. ს-იანმა და განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების სარდლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვ. ჩ-ძის ბრძანებით ჩარიცხული იყო ამავე ბატალიონის პირად შემადგენლობაში სერჟანტად 1993 წლის 24 ივნისიდან. უფლების დამდგენ საბუთში – საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების სარდლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ¹153-ე ბრძანებაში, გაცემული 1993 წლის 29 ივლისს ქ.თბილისში მისი მონაცემები შეცდომით არის დაფიქსირებული. ნაცვლად ჟ. პ.-ს ძე ს-იანი, მითითებულია ჟ. პ.-ს ძე სუ-იანი. აღნიშნული უზუსტობა განმცხადებელს პრობლემებს უქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დოკუმენტების მოწესრიგების საქმეში. ამ უზუსტობის გამოსწორების მიზნით, მან განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს, საიდანაც 24.11.2008 წლის მიღებულ პასუხში მითითებულია, რომ ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არსებულ 1992-1994 წლის ბრძანებებში ჟ. პ.-ს ძე ს-იანის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. ს-იანმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა უფლების დამდგენი საბუთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მისადმი კუთვნილების ფაქტის თაობაზე. განმცხადებელის განმარტებით, მას არანაირი სხვა მოთხოვნა ან იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და არც რაიმე დავა უფლებაზე არა აქვს.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ს-იანის განცხადება დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავადაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავადაცვის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.