ას-1072-1004-10 24 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ გ. ა-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ... რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე გ. ძ-ძე, ... რაიონის ზეინდრის სოფლის მომხმარებელთა საზოგადოების თავმჯდომარე მ. გ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
გ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ... რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე გ. ძ-ძისა და ... რაიონის ზეინდრის სოფლის მომხმარებელთა საზოგადოების თავმჯდომარე მ. გ-იას მიმართ ... მუნიციპალიტეტის ზეინდარის სოფლის მომხმარებელთა საზოგადოების სასურსათო მაღაზიის ნახევარზე (66.35 კვ.მ) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და აღნიშნულ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულების მოთხოვნით.
... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გ.ა-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილბა გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ა-შვილმა. კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და განმარტა, რომ მოცემული დავა აღიარებითი სარჩელიდან გამომდინარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ა-შვილს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანის წარმოდგენა.
2010 წლის 15 ნოემბერს გ. ა-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის უკან დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამრთლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან, გ. ა-შვილმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომადე მოსაჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი. ვინაიდან, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ა-შვილის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
გ. ა-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.