¹ას-1072-1339-09 21 იანვარი, 2010წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. შ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (ძირითად სარჩელში), თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ა. შ-იანის სარჩელი მოპასუხე ნ. ა-შვილის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ მისთვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი ა. შ-იანის მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ ა. შ-იანისა და მ. შ-იანისათვის საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლების შეწყვეტის შესახებ.
ნ. ა-შვილს ა. შ-იანისა და მ. შ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა, მათ მიერ ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე 40,69 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 17400 აშშ დოლარის გადახდა;
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1948 წლის 24 აპრილს ა. ს-იანმა იქორწინა ხ. შ-იანზე და ცოლმა მიიღო მეუღლის გვარი _ შ-იანი;
1954 წელს დაბადებული მ. შ-იანის მშობლები არიან ა. შ-იანი და ხ. შ-იანი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2007 წლის 2 მაისს გაცემული ცნობის შესაბამისად, ა. შ-იანი 1946 წლის 6 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ.¹9;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2007 წლის პირველ მაისს გაცემული ცნობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საპასპორტო და მომსახურების რეგისტრაციის სამმართველოს 2005 წლის 30 მაისის წერილის თანახმად, მ. შ-იანი 1971 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისი, ... ქ.¹9-ში;
ხ. შ-იანი გარდაიცვალა 1973 წლის 21 აპრილს;
სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ა. შ-იანმა, მ. შ-იანმა და რ. შ-იანმა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღეს ხ. შ-იანის სახელზე რიცხული სამკვიდრო;
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი კომუნალური გადასახადის ქვითრების შესაბამისად, ა. და მ. შ-იანები 1998 წლის 3 სექტემბრიდან იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 10 მაისს გაცემული ცნობის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე სახლთმფლობელობა აღირიცხა 1940 წელს შ. და ლ. ა-ოვების სახელზე, რომელიც მემკვიდრეობით გადაიფორმა ა. ა-ოვამ და თვისი კუთვნილი 194,13 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გაასხვისა ფ. ქ-იაზე. 2007 წლის 20 ივნისს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე 258,19 კვ.მ უძრავ ნივთზე აღრიცხულია ნ. ა-შვილის საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში ა. შ-იანისა და მ. შ-იანის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი ეკუთვნოდა ნ. ა-შვილს;
სასამართლომ გაიზიარა --- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2009 წლის 25 თებერვალს მიწოდებული ¹4078/19 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში ა. და მ. შ-იანების მფლობელობაში არსებული 40,69 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 23200 აშშ დოლარს;
სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ა-ოვასა და ხ. შ-იანს შორის არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან განმარტა, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო თანხის გადახდის ფაქტი, მაგრამ გაურკვეველი იყო თუ რა უფლებით გადასცა ნივთის მესაკუთრემ ხ. შ-იანს საცხოვრებელი სადგომი. სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად თანხის გადახდა არ შეიძლება მიჩნეულიყო ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსიდან არ ირკვეოდა ნივთის ადგილმდებარეობა, ე.ი. შეუძლებელი იყო ნივთის იდენტიფიცირება, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, შეუძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების საგნის განსაზღვრა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ა. შ-იანის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი საფუძვლიანი იყო, ვინაიდან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ გამოხატა ნება მოსარგებლეების: ა. და მ. შ-იანების მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ კანონით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 და მე-2 მუხლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ა-შვილისათვის მის სასარგებლოდ 24 536 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. შ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა 23200 აშშ დოლარის 75% _ 17400 აშშ დოლარით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა მნიშვნელოვნად მოცემული სახის დავის განხილვისას, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ყველაზე ბოლო დასკვნით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განსაზღვრა საკომპენსაციო თანხის ოდენობა აპელანტის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ით, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დადასტურდა შ. ა-ოვას მიერ ხ. შ-იანისათვის სადავო საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ა-შვილისათვის მის სასარგებლოდ 24 476 აშშ დოლარის დაკისრება.
კასატორის აზრით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მართალია სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით, თუმცა მას უნდა გამოეყენებინა მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლი. ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმეზე განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნით შელახა მისი უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ა. შ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ა. შ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. შ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.