ას-1074-1341-09 10 ივნისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ვ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – საჯარო რეესტრის აჭარის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 4 ივნისს ზ. ვ-ძემ ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით.
მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 19 დეკემბრის განკარგულებით კოოპერატივ “კ.”, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო, გადაეცა კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ბალანსზე რიცხული 0,73 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული საპირფარეშო. მიწის საფასური_97 000 მანეთი კოოპერატივ “კ.” სახელით მან გადაიხადა. კოოპერატივის ქონებას ეკუთვნოდა ასევე ავტომანქანები “გაზ 53ა” და “გაზ 53ბ”. ქობულეთის რაიონის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის 1993 წლის 6 აგვისტოს განკარგულებით კოოპერატივ “კ.” ბაზაზე შეიქმნა ერთი პირის საწარმო “კ.” საწარმოს 1996 წელს ხელახალი რეგისტრაცია აღარ გაუვლია, რის გამოც ითვლება ლიკვიდირებულად. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება კი უნდა განაწილდეს მის პარტნიორებზე მათ მიერ გაღებული თანხებისა და წილების შესაბამისად. ვინაიდან კოოპერატივ “კ.” პარტნიორთაგან ორი უკვე გარდაცვლილია, ხოლო მესამეს ქონებაზე პრეტენზია არ აქვს, მიწის ნაკვეთი და ავტომანქანები მის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა:
1. ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹92 მდებარე ერთი პირის საწარმო “კ.” კუთვნილი საპირფარეშოს, იმავე მისამართზე მდებარე 0,73 ჰა მიწის ნაკვეთის, ასევე სატვირთო ავტომანქანების “გაზ 53ა” და “გაზ 53ბ” მესაკუთრედ ცნობა;
2. საჯარო რეესტრისათვის შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების დავალება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹92 მდებარე ერთი პირის საწარმო “კ.” კუთვნილი საპირფარეშოს, ზომებით 7X23, ასევე სატვირთო ავტომანქანების “გაზ 53ა” და “გაზ 53ბ” მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მითითებული ნაგებობის ზ. ვ-ძის სახელზე აღრიცხვა. ზ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹92 მდებარე 0,73 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ზ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ზ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ვ-ძე ცნობილ იქნა 1972 წელს გამოშვებული სატვირთო ავტომანქანების, ავტომანქანების “გაზ 53ა” და “გაზ 53ბ” მესაკუთრედ, ზ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹92-ში მდებარე, ერთი პირის საწარმო “კ.” კუთვნილი 0,73 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული საპირფარეშოს მესაკუთრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ვ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. კოოპერატივი “კ.” სახელმწიფო ორგანიზაციას წარმოადგენდა;
2. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს დებულების მიხედვით, კომუნალური მეურნეობები მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ და მათ ბალანსზე არსებული ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო;
3. ქობულეთის საკრებულოს 1991 წლის 19 დეკემბრის განკარგულებით კომბინატს ნება მიეცა, სადავო ქონება მასთან არსებული კოოპერატივისთვის გადაეცა;
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სადავო ქონების გადაცემა 1991 წელს მოხდა, იგი ვერ იქნებოდა კოოპერატივის კერძო საკუთრებაში. ამ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, მიწა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრება იყო. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ დავის გადასაწყვეტად რაიონულ სასამართლოს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების” შესახებ კანონი უნდა გამოეყენებინა, რადგანაც, ამ კანონის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ზ. ვ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ერთი პირის საწარმო “კ.” სახელმწიფო ორგანიზაცია იყო. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნაირსახეობას წარმოადგენდა და მის ბალანსზე რიცხული ქონება მასვე ეკუთვნოდა. ვინაიდან მოსარჩელე საზოგადოების უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე იყო, ქონებაც მის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. გარდა ამისა, სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ქონება ტექ. ბიუროს მონაცემებით, კოოპერატივ “კ.” სახელზეა აღრიცხული, ამდენად, სახელმწიფო საკუთრება ვერ იქნებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით ზ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ზ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 850 ლარის 70% - 595 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 850ლარის 70%_595 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე)
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.