ას-1077-1009-2010 10 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ე-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ე-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელი სახლის სერვიტუტით დატვირთვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ე-შვილის მიმართ სოფელ ა.-ში მდებარე ქ. ე-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული 3 (სამი) ოთახის, კერძოდ, შესასვლელის მარცხნივ ორი ოთახისა და მარჯვნივ ერთი ოთახის ი. ე-შვილისა და მისი შვილების – ც. და გ. ე-შვილების სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის მოთხოვნით შემდეგი საფუძველბით: 1994 წელს ცოლად გაჰყვა გურჯაანის რაიონის სოფელ ა.-ში მცხოვრებ ზ. ე-შვილს და მას შემდეგ ცხოვრობს სოფელ ა.-ში, მამამთილის, ქ. ე-შვილის, საცხოვრებელ სახლში. მეუღლესთან ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 1997 წელს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ც. ე-შვილი, დაბადებული 1995 წელს და გ. ე-შვილი, დაბადებული 2000 წელს. ორივე ბავშვი იმყოფება მის კმაყოფაზე, ისინი სწავლობენ სოფელ ა.-ს საჯარო სკოლაში. მისი მეუღლე იმყოფება აღრიცხვაზე შპს „თელავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში“ დაიგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია და ამის გამო იღებს პენსიას. სხვადასხვა დროს მეუღლე ზ. ე-შვილს მასთან მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი, ემუქრებოდა და ბავშვების თანდასწრებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ერთხელ მიიღო სხეულის დაზიანება და მოხვდა საავადმყოფოში. ამჟამად მისი მეუღლე ზ. ე-შვილი ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად სოფელ კ.-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ქ. ე-შვილმა 2002 წელს იყიდა. მისი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, რეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ყოველთვიურ საარსებო დახმარებას. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იგი უნდა გამოასახლონ სოფელ ა.-ში მდებარე ქ. ე-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან. მას და მის შვილებს სხვა თავშესაფარი არ აქვს. ი. ე-შვილის მშობლების ოჯახი შედგება 5 წევრისაგან და ცხოვრობენ ყვარლის რაიონის სოფელ გ.-ში, ასევე იმყოფება სიღატაკის ზღვარს მიღმა და იღებენ საარსებო დახმარებას. მშობლების ოჯახი იმდენად ღატაკია, რომ ვერ უზრუნველყოფს არსებობისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნილებებსაც კი, მისი ერთ-ერთი ძმა ზ. ვ-შვილი ბავშვობიდან დაავადებულია ფსიქიკურად, რომელმაც მას და მის შვილებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ქ. ე-შვილის სახელზე რიცხული სახლიდან მისი გამოსახლების შემთხვევაში ბავშვები რჩებიან უპატრონოდ. მათ მამა – ზ. ე-შვილი ვერ მოუვლის, რადგან ფსიქიკურადაა დაავადებული და ბავშვებს საფრთხეს უქმნის. საცხოვრებელ სახლში კი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, ყველა პირობა და უსაფრთხო გარემო აქვს შექმნილი ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისათვის.
მოპასუხე ქ. ე-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელის მოთხოვნა სამართლებრივი თვალსაზრისით მისი სახლიდან ი. ე-შვილის გასახლების შესახებ იურიდიულად გამართლებული იყო და ი. ე-შვილის გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, როდესაც პირი სულით ავადმყოფია და ჭკუასუსტია, დაქორწინება არ დაიშვება. მოსარჩელემ იცოდა მისი შვილის ავადმოყოფობის შესახებ, ამიტომ მათი ქორწინება ბათილი იყო თავიდანვე. მოსარჩელისთვის გაუგებარია „სერვიტუტის“ მნიშვნელობა. სერვიტუტით იტვირთება მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება იმ შემთხვევაში, თუ მეორე უძრავი ქონების პატრონს ქონებამდე მისასვლელი ან გზა არ აქვს, ან წყლის სხვა წესით შეყვანის საშუალება არ არის, ან გაზის, ელექტროენერგიის შეყვანა ვერ ხერხდება ისე, რომ პირველის უძრავ ქონებას არ შეეხნენ. ანდა თავის ქონებამდე ისე ვერ მივა, თუ სხვისი საკუთრებით არ ისარგებლა. მოსარჩელე 14 წელია სარგებლობს მისი ბინით და მოსარჩელის მშობლებიც ვალდებული არიან იზრუნონ ბავშვებზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ე-შვილისა და მისი შვილების – ც. და გ. ე-შვილების სასარგებლოდ პირადი სერვიტუტით დაიტვირთა სოფელ ა. მდებარე ქ. ე-შვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული 3 (სამი) ოთახი, კერძოდ, შესასვლელიდან მარცხნივ ორი ოთახი და მარჯვნივ ერთი ოთახი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ე-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ე-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ე-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს. მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 253-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით, რაც შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ, ამ ნორმიდან გამომდინარე, სერვიტუტი წარმოადგენს სანივთო უფლებას, სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სახეობას. სერვიტუტი, დასახელებული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოიყენება უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის და სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისთვის გათვალისწინებული წესები. ამასთან, სერვიტუტი, როგორც სანივთო გარიგება, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას – მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება, სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სერვიტუტის დადგენის არც ერთი ზემოაღნიშნული სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობა. პირველ რიგში, მოდავე მხარეები არ წარმოადგენენ იმ პირებს, რომელთაც შესაძლოა, დაუდგინდეს სერვიტუტი („მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ“), კერძოდ, მიიჩნია, რომ ი. ე-შვილი არ წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის სასარგებლოდაც შეიძლება სერვიტუტით დაიტვირთოს მესაკუთრის – ქ. ე-შვილის უძრავი ქონება. ამასთან, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე მხარეთა შორის სერვიტუტის დადგენა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ე-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 253-ე მუხლები, არასწორია. მოსარჩელე 1994 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხის შვილთან - ზ. ე-შვილისა და შვილებთან ერთად ცხოვრობს მოპასუხის - ქ. ე-შვილის სახელზე რიცხულ ბინაში. მართალია, მოპასუხე აღრიცხულია საჯარო რეესტრში როგორც მესაკუთრე, მაგრამ ის არ რის ამ ბინის ერთადერთი მესაკუთრე, იგი არის კომლში თანამესაკუთრე და კომლის უფროსი. მოსარჩელის მეუღლეს, რომელიც ფსიკიურად დაავადებულია, საცხოვრებელი ბინიდან ცოლ-შვილის გამოსახლება არ მოუთხოვია. იგი ცხოვრობს თავის მშობლებთან გურჯაანის რაიონის სოფელ კ.-ში. სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესებულა, თუ სად უნდა იცხოვროს მოსარჩელემ შვილებთან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ი. ე-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. ე-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სახლის სერვიტუტით დატვირთვა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლს. იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ე-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.