¹ ას-1078-1010-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ს-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ინა, კ. მ-იანი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ს-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-იანის, ნ. კ-ინასა და კ. მ-იანის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის _ სამკვიდრო ქონებიდან 1/12 წილის მიკუთვნებისა და ნ.კ-ინასა და კ.მ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/8 ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ლ. ს-იანმა სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენმა თანამოპასუხეებმა უარი განაცხადეს მის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ს-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. ს-იანი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹21/23-ში მდებარე ქონების 1/24 ნაწილის მესაკუთრედ ლ. ს-იანის 1/8 წილის 1-12-მდე შემცირების შედეგად, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით ე. ს-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ასატურ ს-იანის გარდაცვალების მომენტად მიეთითა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი. სამოქალაქო კოდექსის 22-ე და 1320-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ს-იანის გარდაცვალების დროდ უნდა ჩაითვალოს მისი სავარაუდო დაღუპვის დრო _ 1942 წლის დეკემბერი.
პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქონება გასხვისებულია და 2007 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს მყიდველ კ. მ-იანის საკუთრებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები, ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა გარიგების მოჩვენებითობა ან თვალთმაქცურობა, ვინაიდან სადავო გარიგებას მოჰყვა რეალური იურიდიული შედეგი და მყიდველი აღირიცხა შეძენილი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა კ. მ-იანის არაკეთილსინდისიერება მოცემული გარიგების დადებისას. ის ფაქტი კი, რომ შემძენი ნაყიდ სახლში არ ცხოვრობს, არ განაპირობებს გარიგების თვალთმაქცურობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც სადავო სამკვიდროს გახსნის დროდ მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო და არა აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარდაცვალების თარიღი _ 1942 წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ე. ს-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ს-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია პირის გარდაცვლილად გამოცხადების თარიღის დადგენის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 22-ე, 1320-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. ს-იანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე. და დ. ს-იანების მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ს-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ე. ს-იანს დაუბრუნდეს ე. და დ. ს-იანების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.