ას-1079-1011-10 29 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. შ-ძე
წარმომადგენელი _ თ. ტ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. მ-შვილი
წარმომადგენელი _ მ. ს-ძე
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. შ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ც. მ-შვილის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ც. მ-შვილმა 2001 წლის ივნისში შეიძინა თბილისში, ... ¹7-ში მდებარე სახლის სხვენი და უსაფრთხოების წესების დარღვევით დაიწყო კაპიტალური მშენებლობა. შედეგად, მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ჭერი ჩამოიქცა და გახდა საცხოვრებლად უვარგისი.
თ. შ-ძემ მიუთითა, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების მსვლელობისას, იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით ¹0704885 “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება შეწყდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის ბინის გაუქირავებლობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის _ 36462 ლარის, დაზიანებული ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, ასევე რემონტის ჩასატარებლად საჭირო თანხის ასანაზღაურებლად _ 3705 ლარის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად _ 3000 ლარის გადახდა მოითხოვა.
საქმის განხილვისას, მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და 2006-2008 წლებში მიღებელი შემოსავლის სახით 3600 აშშ დოლარისა და ბროლის ჭაღის ღირებულების _ 2500 აშშ დოლარის ანაზღაურებაც მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით თ. შ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ც. მ-შვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას თბილისში, ... ქ.¹7-ში მდებარე სხვენ-სართულსა და თბილისში, ნუცუბიძის ქ.¹93-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ძემ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით თ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისში, ... ქუჩის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულზე განთავსებული თ. შ-ძის საცხოვრებელი ბინა ¹12-ის ჭერის ჩამონგრევა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს. აღნიშნული გამოწვეულია სხვენის სართულში მიმდინარე მშენებლობისას რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის გადატვირთვით გადახურვის ფილაზე სამშენებლო მასალების დიდი რაოდენობით თავმოყრის გამო.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2002 წლის 21 მარტის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულად იქნა ცნობილი ს. ბ-შვილი (საქმე ¹0704885, ტ. I, ს.ფ.102-104). თ. შ-ძე იმავე საქმეზე დაიკითხა მოწმის სახით (ს.ფ.105-106).
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2003 წლის 14 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი იქნა ს. ბ-შვილი (საქმე ¹0704885, ტ. I, ს.ფ.397).
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2004 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით თ. შ-ძე ცნობილი იქნა დაზარალებულად (ტ.II, ს.ფ. 118). ამავე დღეს დაზარალებული სტატუსით დაკითხვისას თ. შ-ძე, იმაზე მითითებით, რომ ც. მ-შვილის ჩვენების მიხედვით, მან მიყენებული ზარალი 600 აშშ დოლარის ოდენობით აუნაზღაურა ს. ბ-შვილს, არ დაეთანხმა საქმეში დაზარალებულად ამ უკანასკნელის ცნობას და მოითხოვა, როგორც ბინის ერთადერთი მესაკუთრე, იგი ყოფილიყო ცნობილი დაზარალებულად (119-120).
თ. შ-ძის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელი წარდგენილი იქნა 2005 წლის 02 აგვისტოს (საქმე ¹0704885, ტ. II, ს.ფ. 141-142).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში თ. შ-ძემ ც. მ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელი წარადგინა 2008 წლის 04 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებს და დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-140-ე, 1008-ე მუხლებით.
პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად და აღნიშნული საფუძვლით სწორად ეთქვა მას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2001 წლის 26 ივლისი, როდესაც მოხდა თ. შ-ძის კუთვნილი ბინის ჩამონგრევა და როდესაც, მან შეიტყო აღნიშნულით გამოწვეული ზიანის შესახებ. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით პრეტენზია თ. შ-ძეს უნდა განეცხადებინა 2004 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
სააპელაციო პალატა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მისმა ფაქტობრივმა მეუღლემ ზიანის მიყენების თაობაზე განაცხადი პროკურატურაში გააკეთა ჯერ კიდევ 2002 წლის 21 მარტს, რის საფუძველზეც იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო 2003 წლის 14 აპრილს _ სამოქალაქო მოსარჩელედ.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ს. ბ-შვილის მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურისადმი მიმართვა, მისი დაზარალებულად, ხოლო შემდგომ სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობა, ვერ მიიჩნევა უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ორგანოსადმი მიმართვად და, შესაბამისად, თ. შ-ძისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. მოცემულ შემთხვევაში, თ. შ-ძე, მისივე განმარტებით, არ იმყოფებოდა ს. ბ-შვილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ გააჩნდა თ. შ-ძის კუთვნილი ქონების მიმართ უფლება-მოვალეობები, თ. შ-ძეს ს. ბ-შვილისათვის არც რაიმე სპეციალური უფლებამოსილება არ მიუნიჭებია იმისათვის, რომ განეხორციელებინა თ. შ-ძის დარღვეული უფლებების დაცვა მისივე სახელით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 18 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში მიცემული განმარტებით, თ. შ-ძე არ დაეთანხმა (არ მოიწონა) ს. ბ-შვილის დაზარალებულისა და სამოქალაქო მოსარჩელის სტატუსით სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას და მოითხოვა, როგორც მესაკუთრე, თვითონ ჩაბმულიყო საქმეში დაზარალებულად. იმავე საქმეზე, სამოქალაქო სარჩელი თავისი სახელით, თ. შ-ძემ წარადგინა 2005 წლის 02 აგვისტოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. შ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან მან 2002 წლის 21 მარტს პროკურატურას წარუდგინა ზიანის ანაზღაურების შესახებ წერილობითი განცხადება, რასაც მოპასუხეც ადასტურებს შესაგებელში. ამასთან, 2003 წლის 3 ნოემბერის განცხადებით თ. შ-ძემ მოითხოვა დაზარალებულად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. შ-ძის საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. შ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარის 70% _ 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2 თ. შ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარის 70% _ 1050 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.