¹ბს-1111-690(კ-05) 25 იანვარი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის სამტრედიის დაცვის პოლიციის განყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სარჩელის საგანი _ ძირითადი დავალიანებისა და საურავის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 22 დეკემბერს საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირი _ დაცვის პოლიციის სამტრედიის დაცვის პოლიციის განყოფილებამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2000 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს (იმ დროს სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია) შორის გაფორმდა სამწლიანი ხელშეკრულება დაცვის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს დაევალა ობიექტის დაცვა, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ყოველთვიურად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების თანხა _ 240 ლარი ერთ პოლიციელზე. 2004 წლის 9 სექტემბრის შედარების აქტით სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის დავალიანებამ შეადგინა 6720 ლარი. ხელშეკრულების 1.12 პუნქტის თანახმად, ყოველი დაგვიანებული დღისთვის სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო გადაეხადა საურავი ძირითადი თანხის 0,2%-ის ოდენობით. საურავმა 2004 წლის ოქტომბერში შეადგინა 6472,80 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის სულ 13192,8 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული დაცვის მომსახურების თანხა და მასზე დარიცხული საურავი სულ 13192,80 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება; სამტრედიის დაცვის პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას დაცვის პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 6720 ლარის გადახდა; სარჩელი არ დაკმაყოფილდა საურავის _ 6472,80 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში; სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 194,16 ლარის, ხოლო მოსარჩელეს _ 201,60 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა და სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვის მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დასაცავ ობიექტს წარმოადგენდა სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის ოთახები, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, დაცვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 240 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. ხსენებული ხელშეკრულების 1.11 პუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯები დირექციას ანუ მოპასუხეს უნდა გადაეხადა დასაცავ ობიექტზე პოლიციელთა დაყენების დღიდან, ხოლო 1.12 პუნქტის მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აენაზღაურებინა დამატებითი საურავი _ ჩასარიცხი თანხის 0,2%. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართYშეადგინა 6720 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე და 361-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ 2000 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის მოთხოვნა 2004 წლის 22 დეკემბერს შეტანილი სარჩელით იყო ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო დაცვის მომსახურების ძირითადი თანხა _ 6720 ლარი აღიარებული იყო 2004 წლის 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების დადებისას (2000 წლის 1 თებერვალი) მოქმედი საგადასახადო ინსპექციების ტიპიური დებულების შესაბამისად, სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის უფროსს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამისათვის მას ფინანსთა სამინისტროდან უნდა აეღო ნებართვა, რაც არ გაუკეთებია. ამდენად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა, რომელსაც ასეთი ხელშეკრულების დასადებად სჭირდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე _ მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟისაგან (194,16 ლარი) გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2000 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა და სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვის მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დასაცავ ობიექტს წარმოადგენდა სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის ოთახები, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, დაცვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 240 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. ხსენებული ხელშეკრულების 1.11 პუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯები დირექციას ანუ მოპასუხეს უნდა გადაეხადა დასაცავ ობიექტზე პოლიციელთა დაყენების დღიდან, ხოლო 1.12 პუნქტის მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აენაზღაურებინა დამატებითი საურავი _ ჩასარიცხი თანხის 0,2%. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართYშეადგინა 6720 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობაზე, ვინაიდან კასატორს აღნიშნულ საკითხზე არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი და შესაბამისი მოთხოვნა არ დაუყენებია პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ 2004 წლის 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით აღიარა შესაბამისი სახელშეკრულებო მოთხოვნის არსებობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მომსახურების ძირითადი თანხის _ 6720 ლარის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა, ხოლო ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას არ უღიარებია აღნიშნული მოთხოვნის არსებობა და შესაბამისად, არც ხანდაზმულობის ვადა შემწყდარა ამ მოთხოვნის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ დაცვის პოლიციის სამტრედიის დაცვის პოლიციის განყოფილებამ შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული მოვალეობა, შესაბამისად, არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის (სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) ვალდებულება მის მიმართ, რომელიც უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოცემული კატეგორიის საქმეებზე საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებული არ არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სასამართლო ხარჯების თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის (სამტრედიის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი _ 268 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.