Facebook Twitter

ას-108-102-2010 14 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. პ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “პ-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სს “პ-ის” შენობიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. პ-ძის სარჩელი სს “პ-ის” მიმართ, შენობიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ. პ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ჯ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ჯ. პ-ძის საცხოვრებელი სახლი განთავსებულია სს “პ-ის” შენობის უკან და მოდავე მხარეები მეზობლები არიან. შენობები ცენტრალური საავტომობილო გზის სიახლოვეს მდებარეობს და გარკვეული ხმაური ავტომობილების მოძრაობითაა გამოწვეული;

2. სს “პ-ს” თავისი შენობის კედელზე მოსარჩელის მხარეს დამონტაჟებული აქვს კონდიციონერები და სავენტილაციო მილები, რომლებიც ფუნქციონირებისას გამოსცემენ ხმაურს;

3. სს “პ-ი” კონდიციონერებსა და სავენტილაციო მილებს ამუშავებს დღისით, სამუშაო საათებში, პერიოდულად;

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება, რომ მოპაუსხის მიერ თავისსავე კედელზე კონდიციონერების დამონტაჟება და გამოყენება ჩვეულებრივი საქმიანობისათვის საჭირო პროცესს წარმოადგენდა და არა უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა საკუთარი უფლების დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება ჯ. პ-ძის მტკიცებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რომელიც აუცილებელი იყო ფაქტობრივი გარემოებების სწირად დადგენისათვის, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მხარე სარჩელში ითხოვდა ადგილზე დათვალიერების ჩატარებას, მაგრამ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერება ვერ დაადასტურებდა მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ხმაურის გავლენა არსებითი იყო თუ არა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ჯ. პ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 107-ე და 175-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად მიიჩნია რომ მოპასუხის მიერ დამონტაჟებული დანადგარების ხმაურით გამოწვეული ზემოქმედება უმნიშვნელო იყო, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სავენტილაციო მილები დამონტაჟებულია ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად, არასწორად ფუნქციონირებს, ჰაერი უბერავს პირდაპირ სახეში, რის შედეგადაც არსებითად გაუუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით ჯ. პ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. პ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჯ. პ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. პ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.