ას-1082-1014-2010 16 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორები _ ნ. კ-ძე, ე. კ-ძის კანონიერი წარმომადგენელი მ. გ-შვილი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. ს-ია, მ. ნ-შვილის უფლებამონაცვლე ა. ხ-ძე, თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. და ე. კ-ძეების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის სააღსრულებო ბიუროს, ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის (უფლებამონაცვლე ა.ხ-ძის) მიმართ 2004 წლის 25 ოქტომბერსა და 4 თებერვალს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ქ.თბილისში, ... ქ. ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აწ გარდაცვლილ ო.კ-ძეს მოპასუხეების, ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის, სასარგებლოდ დაეკისრა 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 92-92 ლარის გადახდა იპოთეკის საგნის – ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ¹4ა ბინის რეალიზაციის გზით, რაზედაც 2004 წლის 4 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2004 წლის 25 ოქტომბერს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა კიდევ ორი სააღსრულებო ფურცელი ¹2\802-02 საქმეზე, რომლის თანახმად, ო.კ-ძის ნაცვლად, მოვალეებად მითითებულ იქნენ ე. და ნ. კ-ძეები, რომელთაც დაეკისრათ 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 92-92 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდა იპოთეკის საგნის ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის რეალიზაციის გზით. დასახელებული ბინის ორი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 37 კვ.მ, ირიცხება არა მოვალეების, არამედ მ.გ-შვილის სახელზე, რომელიც არ წარმოადგენდა მხარეს მ.ნ-შვილისა და ნ.ს-იას სარჩელით აღძრულ საქმეში. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე, აღსრულება, ე.ი მოვალეთა ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს მ.გ-შვილის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის რეალიზაციის გზით, ანუ იმ პირის ქონების რეალიზაციის გზით, რომელიც საქმეში მოპასუხეს არ წარმოადგენდა. 2004 წლის 4 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4ა, ხოლო 2004 წლის 25 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში მითითებულია ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4, როგორც ე.კ-ძის სახელზე რეგისტრირებული ერთი ოთახი, ასევე მ.გ-შვილის სახელზე რეგისტრირებული ორი ოთახიც. 2004 წლის 4 თებერვლისა და 2004 წლის 25 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლები გაცემულია ¹2\802\02 საქმეზე, 2004 წლის 4 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია 2002 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, ხოლო 2004 წლის 25 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლები, 2004 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საერთოდ არ არსებობს. იპოთეკის ხელშეკრულება ნ.ს-იას, მ.ნ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ე.კ-ძეს შორის გაფორმებულია ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4ა-ზე, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ იქნა ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4, რომლის 37 კვ.მ ორი ოთახის მესაკუთრე არის მ.გ-შვილი.
მოსარჩელეებმა ნ. და ე. კ-ძეებმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს ე. კ-ძის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის ერთი ოთახის, რომლის საცხოვრებელი ფართია 23 კვ.მ, განთავისუფლება ყადაღისაგან.
2005 წლის 27 ივნისს მოსარჩელეთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილ იქნა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლისა და 2004 წლის 25 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული აღსრულება მ.გ-შვილის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქმეში მ. ნ-შვილის უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრე ა. ხ-ძე ჩაერთო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს, მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა მოპასუხე ნ. ს-იას წარმომადგენელი დაეთანხმა მ. გ-შვილის სახელზე რიცხული ორი ოთახის ყადაღისაგან განთავისუფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.თბილისში, ... ქ. ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის ორი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 37 კვ. მ, რომელიც ირიცხება მ. გ-შვილის სახელზე, გათავისუფლდა ყადაღისაგან, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე ერთი ოთახის (საცხოვრებელი ფართით 23 კვ. მ, რომელიც ირიცხება ე. კ-ძის სახელზე), ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. და ე. კ-ძეების წარმომადგენელმა მ. გ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით ნ. და ე. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის სარჩელი და ო. კ-ძეს, ე. კ-ძის უფლებამონაცვლეს, მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. 2004 წლის 4 თებერვალს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა 2/802-02 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2002 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4ა ბინის რეალიზაციის გზით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ ო. კ-ძის გარდაცვალების საფუძველზე გამოტანილ იქნა განჩინება მის უფლებამონაცვლეებზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რომელშიც მოვალედ, ო. კ-ძის ნაცვლად, მითითებული იქნებოდნენ მისი მემკვიდრეები: ე. და ნ. კ-ძეები, შესაბამისად, 2004 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს მიერ ნ. და ე. კ-ძეების მიმართ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ქ.თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4ა ბინა აღსასრულებლად მიექცა რეალიზაციის გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მონაცემების თანახმად, ქ.თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4ა სამოთახიანი ბინიდან ერთი ოთახი 23. კვ.მ (საერთო დამხმარე სათავსებით) ირიცხება ე. კ-ძის სახელზე, ხოლო ¹4 ბინის ორი ოთახი 37 კვ. მ საცხოვრებელი ფართით _ მ. გ-შვილის სახელზე. დადგენილად ცნო, რომ 2004 წლის 25 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის სასარგებლოდ აღსასრულებლად მიქცეულია იმ პირის საკუთრება, რომელიც იმ დავაში, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა მოხდეს აღსრულება, მხარედ არ მონაწილეობდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4-ში ე. კ-ძის კუთვნილი 23 კვ.მ ერთი ოთახის ყადაღისაგან განთავისუფლებას, ვინაიდან მიიჩნია, რომ ე. კ-ძე წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებისა და იმ გადაწყვეტილების მხარეს, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის სარჩელი მისთვის სესხის უკან დაბრუნების შესახებ და ამ სესხის უზრუნველსაყოფად, მის მიერვე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულება.
პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლით და მიუთითა, რომ, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არ არსებობს ნ. ს-იასა და მ. ნ-შვილის (მისი უფლებამონაცვლე ა. ხ-ძის) სარჩელში თავდაპირველ მოპასუხედ მითითებული პირის – ე. კ-ძის (რომლის გარდაცვალების შემდეგ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ო. კ-ძე, ხოლო მის გადაცვალების შემგომ კი, მისი უფლებამონაცვლეები არიან ნ. და ე. კ-ძეები) ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების საფუძველი. პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ გაუქმებულა და სასამართლო ამ ეტაპზე არაა უფლებამოსილი, შეაფასოს მისი კანონიერება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ძემ და ე. კ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა მ. გ-შვილმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო საასმართლომ არ გაითვალისწინა მათ (კასატორების) მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.გადაწყვეტილება, რომელზედაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ყალბია. იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში ან ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული არ არის და მას არ აქვს იურიდიული ძალა. მიწის მართვის დეპარტამენტის ცნობის მიხედვით ე. კ-ძის სახელზე საკუთრება არ ირიცხება. ... ქ. ¹24ა-ში მდებარე ბინა ¹4 რეგისტრირებულია მ. გ-შვილის სახელზე, ხოლო სასამართლოს მიერ ყადაღა გაცემულია კ-ძეების სახელზე. კასატორის მითითებით, მოცემულ მისასამართზე მითითებულ ბინაში ე. კ-ძის სახელზე საკუთრება 23კვ.მ. არ არსებობს. ასევე აღნიშნავს, რომ აღსრულება არ უნდა განხორციელდეს მოცემულ ბინაზე, ვინაიდან იგი მ. გ-შვილის საკუთრებას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ძისა და ე. კ-ძის კანონიერ წარმომადგენელ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. კ-ძისა და ე. კ-ძის კანონიერი წარმომადგენლის, მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ე. კ-ძის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის, 23 კვ.მ. ფართის ოთახი განთავისუფლდეს ყადაღისაგან შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების – ნ.ს-იასა და მ.ნ-შვილის სარჩელი და ო.კ-ძეს, ე. კ-ძის უფლებამონაცვლეს, მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. 2004 წლის 4 თებერვალს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა 2/802-02 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2002 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4ა ბინის რეალიზაციის გზით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ ო.კ-ძის გარდაცვალების საფუძველზე გამოტანილ იქნა განჩინება მის უფლებამონაცვლეებზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რომელშიც მოვალედ, ო.კ-ძის ნაცვლად, მითითებული იქნებოდნენ მისი მემკვიდრეები ე. და ნ. კ-ძეები, შესაბამისად, 2004 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს მიერ ნ. და ე. კ-ძეების მიმართ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებლად მიექცა ქ.თბილისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4ა ბინა. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მონაცემების თანახმად, ქ.თბილისში, ი.... ქ. ¹24-ში მდებარე ¹4-ა სამოთახიანი ბინიდან ერთი ოთახი 23კვ.მ საერთო დამხმარე სათავსებით ირიცხება ე. კ-ძის სახელზე, ხოლო ¹4 ბინის ორი ოთახი 37 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით _ მ. გ-შვილის სახელზე. 2004 წლის 25 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ნ.ს-იასა და მ.ნ-შვილის სასარგებლოდ აღსასრულებლად მიქცეულია მ.გ-შვილის საკუთრება, რომელიც იმ დავაში, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა მოხდეს აღსრულება, მხარედ არ მონაწილეობდა.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს შემდეგზე: დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიება _ ყადაღა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით რეგისტრირებულია ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 27 აპრილის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე უდავოა ის გარემოებაც, რომ სააღსრულებო ბიუროს ეს მოქმედება განხორციელებულია აღსასრულებლად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოცემულ დავაში მოპასუხე მხარედ ჩართული სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით (ტ. 2 ს.ფ. 13, 100, 110, 118), დადასტურებულია ის გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიხმეს კრედიტორებმა ნ. ს-იამ და მ. მ-შვილმა. ეს გარემოება საქმეში მოპასუხედ ჩართულ ნ. ს-იასა და მ. მ-შვილის უფლებამონაცვლე ა. ხ-ძეს კანონით გათვალისწინებული წესით სადავოდ არ გაუხდიათ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს:
იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია კანონით მკაცრადაა განსაზღვრული და მან უნდა უზრუნველყოს აღსასრულებლად გადაცემული სასამართლო აქტით _ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოქმედებების ზუსტად შესაბამისობაში აღსრულება. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილებით კრედიტორად აღიარებული პირის ინტერესშია და მისი უფლებების დაცვას ემსახურება. გადაწყვეტილების აღსრულება თავისი არსით სამართალწარმოების ეტაპია, ვინაიდან კრედიტორისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ მის აღსრულებაშია. სააღსრულებო წარმოება სწორედ კრედიტორის მიმართვისა და კანონით გათვალისწინებული წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იწყება. ამავე კანონის შესაბამისად, აღსრულება კრედიტორის ინტერესის ფარგლებში მიმდინარეობს და ამ ინტერესის არარსებობა გამორიცხავს სააღსრულებო წარმოების გაგრძელებას. აღნიშნულს ადასტურებს მითითებული კანონის 34-ე და 35-ე მუხლის დანაწესები, რომლითაც კრედიტორის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო საბუთი აღსრულების გარეშე უბრუნდება კრედიტორს, ხოლო აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.
ამ მხრივ საგულისხმოა საქმეზე აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა. წინამდებარე საქმეში განმცხადებლის საჩივარი ეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს მითითებით, “აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც “სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (იხილეთ Hორნსბყ ვ. Gრეეცე, ჯუდგმენტ ოფ 19 Mარცჰ 1997, ღეპორტს 1997-II, პ. 510, § 40). სასამართლო შეგვახსენებს, რომ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი (იხილეთ Gოლდერ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ, ჯუდგმენტ ოფ 21 Fებრუარყ 1975, შერიეს A ნო. 18, პპ. 13-18, §§ 28-36). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხილეთ Hორნსბყ, ციტედ აბოვე, §§ 40 ანდ სექ.).”
საქმეში _ შპს “იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, ¹ 59498/00, §34, EჩHღ 2002-III; ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40).”
ამდენად, თუ კრედიტორს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესი არ გააჩნია, სააღსრულებო წარმოება არ უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, კერძო სამართალში აღიარებული მხარეთა თანასწორობის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელებისას მხარეთა ინტერესები თანაბრად უნდა იქნეს დაცული. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოვალის ვალდებულება და სააღსრულებო წარმოების პროცესში გამოყენებულია ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფი ღონისძიება _ ყადაღა, მაგრამ, კრედიტორის ინტერესის არარსებობის გამო, გადაწყვეტილების აღსრულება შეწყვეტილია, რაც მიზანშეუწონელს ხდის ამავე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გამოყენებულ საშუალებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ნ. კ-ძისა და ე. კ-ძის კანონიერი წარმომადგენლის მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნ. კ-ძისა და ე. კ-ძის კანონიერი წარმომადგენლის მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ე. კ-ძის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹24ა-ში მდებარე ¹4 ბინის, 23 კვ. მ ფართის ოთახი გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.