¹ას-1084-1348-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. შ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-შვილი (მოპასუხე)
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. შ-შვილმა სარჩელი აღძრა გ. ა-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხემ აუნაზღაუროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, ქ.თბილისში ... გამზირზე, ¹44 სახლთან დაეჯახა უკუსვლით მოძრავი ავტომანქანა „ზილი“, რომელსაც შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მოპასუხე გ. ა-შვილი. შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. ერთი თვის განმავლობაში დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებს გამოკვლევასა და მკურნალობას, რომელსაც ვერ იტარებს უსახსრობის გამო. გ.ა-შვილმა კი, დახმარების ნაცვლად საპატრულო პოლიციას მიმართა ცილისმწამებლური განცხადებით, თითქოს მოსარჩელე მას ფულს სძალავდა, რითაც მიაყენა მორალური ზიანი.
სარჩელში მითითებულია, რომ შემთხვევის გამო მოსარჩელეს მოუწია იძულებითი ხარჯების გაწევა. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა გბა-შვილისაგან მატერიალური ზიანის 2000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დასუწრებელ გადაწყვეტიებაზე საჩივარი შეიტანა გ. ა-შვილმა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განმეორებითი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განმეორებით გადწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ა-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასახვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, თ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. შ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით თ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.